კვლევის აქტუალობა და საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში 15-29 წლის ახალგაზრდებში უმუშევრობის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ

თარიღი: 2025-02-20 18:00:26

იტალიის ქალაქ ვარეზეში, ინსუბრიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარებულ მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან სეთურიძემ წარადგინა მოხსენება –  ,,ახალგაზრდების უმუშევრობა საქართველოში და თანამედროვე გლობალური გამოწვევები“. კვლევის თანაავტორები არიან:  ნანული ოქრუაშვილი – ასოცირებული პროფესორი, ნინო ფარესაშვილი – ასოცირებული პროფესორი და  მზია ტიკიშვილი – ასისტენტ პროფესორი.

სამეცნიერო ნაშრომის მიზანია გააანალიზოს ახალგაზრდების უმუშევრობა საქართველოში და შეიმუშაოს რეკომენდაციები მისი სიმძიმის შესამცირებლად… ახალგაზრდების დასაქმება, ღირსეული ხელფასისა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფასთან ერთად, რჩება საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად. დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები, დაბალი ხელფასი და არასამართლიანი სამუშაო პირობები ხშირად უბიძგებს ქართველ ახალგაზრდებს სამუშაოს საზღვარგარეთ ძიებისკენ. საქართველოში არასაკმარისია კვლევა ახალგაზრდების დასაქმებისა და უმუშევრობის დონეზე მოქმედი ფაქტორების, ახალგაზრდების უმუშევრობის ძირითადი მიზეზებისა და ამ საკითხების გადაჭრის სტრატეგიების შესახებ. ამ მიმართულებით  კვლევის აქტუალობას ხაზს უსვამს საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში 15-29 წლის ახალგაზრდებში უმუშევრობის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულმა  გამოიწვია მკვლევართა ინტერესი ახალგაზრდობის უმუშევრობის მეტად მწვავე  პრობლემის  შესწავლით.

როგორც  ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან სეთურიძემ აღნიშნა: „ნაშრომში აღწერილია ახალგაზრდა სპეციალისტთა მხარდაჭერისა და მათთვის ღირსეული დასაქმებისა  და ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, რომელიც უპასუხებს დღეისათვის არსებულ გლობალურ გამოწვევებს. ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ ახალგაზრდების უმუშევრობის შემცირებაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ საგანმანათლებლო სისტემებმა, რომელსაც შეუძლია მოამზადოს ახალგაზრდები ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და შრომის ბაზრის ახალი რეალობებისთვის. ამის მისაღწევად, აუცილებელია განათლებისა და პროფესიული სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, რათა აღმოიფხვრას ახალგაზრდების უნარ-ჩვევებისა და  შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის  შეუსაბამობა. აუცილებელია სამუშაო ძალაზე არსებული მიწოდება-მოთხოვნის რაოდენობრივი და თვისობრივი დაბალანსება, რაც თავის მხრივ,  საჭიროებს განათლების  სფეროს რეგულირების  კომპლექსური  სისტემის  გარდაქმნასა და ჩამოყალიბებას“, – განაცხდა  მოხსენებაში რუსუდან სეთურიძემ.

როგორც ითქვა, მოხსენებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და სიმპოზიუმის ორგანიზატორებმა შესთავაზეს ნაშრომის ავტორებს,  რომ გაფართოებული სტატია საერთაშორისო ჟურნალში „International Journal of Markets and Business Systems“ დაიბეჭდოს.

Facebook
Twitter
LinkedIn