ელენე ეგიაშვილი: ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან აკლია სოციალური კლუბები”
თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ელენე ეგიაშვილი გაცვლითი პროგრამით ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. გამოცდილებამ, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღო, ელენეს თქმით, დიდი გავლენა მოახდინა მის როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ ზრდაზე.
ელენე ფიქრობს, რომ გაცვლითი სემესტრი მისთვის განსაკუთრებით საინტერესო სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან ურთიერთობის გამო იყო, რადგან მულტიკულტურულ გარემოში ყოფნამ გააფართოვა როგორც მისი თვალსაწიერი, ასევე მრავალფეროვანი პოზიციებისადმი მიმღებლობა. „ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება დამოუკიდებლად ცხოვრებისა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მან ამიმაღლა საკუთარი თავის რწმენა, რომ შემიძლია თავი გავართვა სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებას და მოცემულ სიტუაციაში შესაბამისად მოვიქცე. უცხო გარემოში დამოუკიდებლად ადაპტირებამ გამხადა უფრო გამბედავი და ახალი გამოცდილებისადმი ღია“, – ამბობს იგი და იხსენებს, რომ სტუდენტურ კამპუსში ცხოვრებამ უახლოესი მეგობრები შესძინა, მათთან ერთად გაეცნო ირლანდიის კულტურას და იმოგზაურა სხვადასხვა რეგიონში: „ჩვენი მეგობრობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ახალ წელს ახალ შოტლანდიაში ჩემი მეგობარი საშობაო ვახშამზე ოჯახს გაუმასპინძლდა ხაჭაპურით, რომლის გამოცხობაც ერთად ყოფნის დროს ვისწავლეთ. გარდა ამისა, ჩემმა მეორე მეგობარმა ტორონტოდან, რომელთან ერთადაც ოთხი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი და რომელიც კინგსტონში „Campus Community Radio”-ს წამყვანია, ერთ-ერთ გადაცემაში ჩართო რამდენიმე ქართული სიმღერა, რომელთაც ერთად ვუსმენდით. მათთვის უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა ქართული კულტურა და ენა, რამაც განაპირობა ის, რომ დღესაც კი ახსოვთ ის ქართული სიტყვები და წინადადებები, რომლებიც ქართველმა სტუდენტებმა ირლანდიაში ერთად ყოფნის დროს ვასწავლეთ“, – იხსენებს ის.
რაც შეეხება სასწავლო გარემოს, ელენეს შესაძლებლობა ჰქონდა, რამდენიმე მოდული აერჩია ნებისმიერი სხვა ფაკულტეტიდან. მან ისეთი საგნები აარჩია, რომელიც ჩვენთან ჯერ არ ისწავლება. ერთ-ერთი ასეთი იყო ,,consuming crime: crime and popular culture in 24/7 society“.
„ჩემი აზრით, სწორედ ამ საგანმა შესძინა ჩემს განვლილ მოდულებს მრავალფეროვნება. ეს იყო ახალი გამოწვევა იმისა, რომ ფსიქოლოგიაში შეძენილი ცოდნა მომერგო პრაქტიკული შემთხვევებისთვის, როგორიც არის დევიანტური ქცევა და კრიმინალური დანაშაულები“, – ამბობს ის.
კითხვაზე, თუ რა მისცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლამ, ელენე განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს: „თსუ-მ ძალიან ბევრი შესაძლებლობა მომცა, ჩემთვის განსაკუთრებით ღირებულია ლექტორებთან ურთიერთობა. გარდა იმისა, რომ ისინი პროფესიონალები არიან, იგრძნობა მათი ერთგულება და სიყვარული საქმისა და სტუდენტისადმი. ლექტორები ხშირად გვიზიარებენ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას. ასევე საინტერესოა ისეთ ლექტორებთან ურთიერთობა, რომლებიც დარგის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ეს გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავეცნოთ ფსიქოლოგიის მიმდინარეობებს და მეტად გააზრებულად ავირჩიოთ მომავალი პროფესიული გზა. გარდა ამისა, აუცილებელია ითქვას, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში თსუ-ში შევიძინე უახლოესი მეგობრები და გავიცანი ადამიანები, რომლებთანაც საერთო ინტერები მაკავშირებს“.
ელენეს აზრით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან აკლია სოციალური კლუბები, რომლებიც სტუდენტების სოციალურ აქტივობას შეუწყობს ხელს. „ამგვარი კლუბები არა მხოლოდ ჯანმრთელი ცხოვრებისკენ გვიბიძგებს, არამედ განტვირთვის საშუალებაც არის და ხელს უწყობს ურთიერთობების ჩამოყალიბებას. სტანდარტული აკადემიური ცხოვრების მიღმა არანაკლებ მნიშვნელოვანია სტუდენტების ფსიქიკური თუ ფიზიკური კეთილდღეობა, რისი მნიშვნელობაც ირლანდიაში მეტად გავაცნობიერე. ლიმერიკის უნივერსიტეტს ჩამოყალიბებული ჰქონდა ისეთი სტუდენტური საზოგადოებები, როგორებიცაა, ფოტოგრაფია, ხელსაქმე, გარემოს დაცვა, მოდა, იოგა, მშვილდოსნობა, რაგბი, ჩოგბურთი და სხვა. სტუდენტებს ეძლეოდათ საშუალება, მეგობრები შეეძინათ არა მხოლოდ საკუთარ დარგში, არამედ საერთო ინტერესების მიხედვითაც“, – გვითხრა მან.
