„საქართველოსა და ისლამური სახელმწიფოების ურთიერთობები 1386-1590 წწ“
მკითხველი მალე გაეცნობა გიორგი ახალკაციშვილის ახალ მონოგრაფიას – „საქართველოსა და ისლამური სახელმწიფოების ურთიერთობები 1386-1590 წწ“.
„2020 წელს, როდესაც ჩემი პირველი წიგნი – „ბიოგრაფიები ოსმალეთის სულთნებისა და სტამბოლის შესახებ. 1453-1700 წწ.“ – გამოვეცი, ერთ-ერთ სტატიაზე დავიწყე მუშაობა, რომელიც ქართლის მეფე ლუარსაბ I-ს (1527-1556) ეხებოდა. მუშაობისას კონსულტაციებს მიწევდა პროფესორი გოჩა ჯაფარიძე, რომელმაც მითხრა, რომ XIV-XVI საუკუნეების გარკველი საკითხები ახლიდან არის დასამუშავებელიო და გარკვეული ლიტერატურაც მომცა ამისთვის. ასე დაიბადა ახალ წიგნზე მუშაობის იდეა. სწორედ ბატონი გოჩა უნდა ყოფილიყო წიგნის რედაქტორი, მაგრამ 2020 წლის 15 ნოემბერს, კორონა ვირუსის შედეგად, იგი გარდაიცვალა. მონოგრაფია მის ნათელ ხსოვნას ეძღვნება“, – ამბობს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების კურსდამთავრებული, ისტორიკოსი გიორგი ახალკაციშვილი.
ავტორის თქმით, მონოგრაფიაზე მუშაობის მთავარი მოტივაცია იყო საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და დრამატული პერიოდის (XIV საუკუნის მიწურულიდან XVI საუკუნის ბოლომდე) ღრმად გაანალიზება და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებთან ურთიერთობის მრავალმხრივი ასპექტების წარმოჩენა. მისი აზრით, ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებისთვის, რადგან, იმ დროს დაშლილი საქართველო აღმოჩნდა მრავალმხრივი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე, რაც საჭიროებდა სტრატეგიული მიდგომების და საერთაშორისო ურთიერთობების გააზრებას. ნაშრომში ავტორი წარმოაჩენს, როგორ მოახერხა თემურ-ლენგის ლაშქრობებგამოვლილმა და სამეფო-სამთავროებად დაშლილმა საქართველომ რთულ ვითარებაში სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის შენარჩუნება.
მეცნიერის ინფორმაციით, ნაშრომში გამოკვეთილია თემურ-ლენგის ლაშქრობების ზეგავლენა საქართველოს პოლიტიკურ სტრუქტურაზე და ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაზე. ასევე, განხილულია შავბატკნიანთა და თეთრბატკნიანთა სახელმწიფოების მეთაურების შემოსევები, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს პირველ კონტაქტებს ოსმალეთის იმპერიასთან, მიმოხილულია დიპლომატიური ურთიერთობები და სამხედრო დაპირისპირებები, რომლებიც ქვეყნის საზღვრის დაცვისა და გავლენის სფეროების გადანაწილებას ეხებოდა. წიგნში ასევე გამოკვლეულია ირან-ოსმალეთის ომების გავლენა საქართველოს პოლიტიკაზე და მათ წინააღმდეგ სიმონ I-ის ანტიექსპანსიონისტური პოლიტიკის მნიშვნელობა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
„საქართველო ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული ფაქტორი რეგიონში. მიუხედავად მრავალრიცხოვანი სამხედრო გამოწვევებისა, ქვეყანამ შეძლო დიპლომატიური მოქნილობის გამოვლენა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა მის პოზიციას ირანთან, ოსმალეთთან და სხვა მუსლიმურ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. საქართველო წარმოადგენდა ხიდს ქრისტიანულ და მუსლიმურ სამყაროს შორის, რაც ქვეყნის პოლიტიკურ სტრატეგიებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. საქართველოს მეფეები ცდილობდნენ აქტიური დიპლომატიის მეშვეობით დაეცვათ სახელმწიფოებრივი ინტერესები და შეძლებისდაგვარად დაერეგულირებინათ მეზობლებთან ურთიერთობები. წიგნი აგებულია მკითხველისთვის საინტერესო სტრუქტურით. ჯერ გადმოცემულია, უშუალოდ, ახლო აღმოსავლეთის ისლამური სახელმწიფოების (თემურიანთა, შავბატკნიანთა, თეთრბატკნიანთა, სეფიანთა და ოსმალთა) ისტორია, ხოლო შემდეგ საქართველოში მათი ლაშქრობებია აღწერილი.
ნაშრომი ეფუძნება როგორც ქართულ, ისე აღმოსავლურ და დასავლურ წყაროებს. გამოყენებულია მნიშვნელოვანი ისტორიული მატიანეები, დიპლომატიური დოკუმენტები, არქივები და ქრონიკები, რომელთაგან ზოგი ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად აისახა. წყაროები მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დოკუმენტებს, რაც საშუალებას მაძლევდა შემედგინა უფრო სრული სურათი საქართველოსა და მეზობელ ისლამურ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შესახებ. ასევე გამოვიყენე აღმოსავლური მემატიანეების ჩანაწერები და ევროპელი მოგზაურების ცნობები, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ნაშრომის კონტექსტს.
მონოგრაფია არა მხოლოდ აკადემიური მნიშვნელობისაა, არამედ ფართო აუდიტორიისთვისაც საინტერესოა. ის ეხმარება მკითხველს უკეთ გაეცნოს საქართველოს ისტორიის რთულ პერიოდს და გააანალიზოს, როგორ აისახა მაშინდელი მოვლენები შემდეგში განვითარებულ ქართულ სახელმწიფოებრივ თვითშეგნებაზე“, – ამბობ გიორგი ახალკაციშვილი.
