,,ემპირიული ნარატივები“ – კინემატოგრაფიული ანალიზი ნინო გელოვანის ახალ მონოგრაფიაში
ბრიტანულმა ,,ლამბერტის აკადემიურმა გამომცემლობამ” თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტის ნინო გელოვანის კიდევ ერთი წიგნი გამოსცა. მონოგრაფია ,,ემპირიული ნარატივები” ხელოვნური ინტელექტის მიერ უკვე 5 ენაზეა ნათარგმნი და ხელმისაწვდომია როგორც წიგნის მაღაზიებში, ისე Amazon-სა და სხვა მსგავს პლატფორმებზე. გარდა ამისა, წიგნი იყიდება აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაღაზიათა ქსელებშიც, ასევე წარმოდგენილი იყო პოლონეთისა და გერმანიის წიგნის ბაზრობებზე. აღსანიშნავია, რომ ავტორისთვის ეს რიგით მე-4 წიგნია, რომელიც საერთაშორისო გამომცემლობასთან თანამშრომლობით გამოიცა.
ნინო გელოვანი თავის უახლეს წიგნსა და სამომავლო გეგმებზე ,,თბილისის უნივერსიტეტის” გაზეთს ესაუბრა. მისი თქმით, ,,ემპირიული ნარატივები” სამეცნიერი სტატიების კრებულია, რომელიც კინოს შესახებ მის მეცნიერულ მიგნებებსა და დასმული პრობლემების გადაწყვეტის გზებს აჩვენებს. იგი იკვლევს ხელოვნების სხვადასხვა ნაწარმოებებს, მათში წარმოჩენილ იდეებს, მეტაფორებს, ხელოვანის ჩანაფიქრსა და დრამატურგიულ ხაზებს.
როდესაც ამ წიგნის დაწერის მოტივაციაზე ვკითხეთ, ასე გვიპასუხა: ,,ნებისმიერ ფილმს აქვს თავისი ფილოსოფიური დატვირთვა, მეტაფორული სვლები. მე ავირჩიე ისეთი ფილმები და დრამატურგიული ნაშრომები, მიუზიკლები, რომელიც მეტად ღირებულია და რომელიც არ არის ,,კიჩური“. განვიხილავ, რა დატვირთვა აქვს მათში დანახულ მეტაფორებს, პლატონისა და სხვადასხვა ფილოსოფოსთა ნაშრომების აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში წარმოჩენილ კონტენტს, რატომ არის ტარკოვსკის შემოქმედება სულ ფილოსოფიურ იგავებზე აგებული… კინო-კამერა ხომ შედეგს აფიქსირებს, მის უკან კი რეჟისორის ჩანაფიქრი და დრამატურგია იმალება. სწორედ ამას ვიკვლევ ფედერიკო ფელინის და საავტორო კინოს რეჟისორების შემოქმედების მაგალითზე…”
ავტორის თქმით, კვლევის პროცესში იგი, აკადემიურ ლიტერატურასთან ერთად, დაეყრდნო ამ დარგის უცხოეული სპეციალისტების ემპირიულ კვლევებსაც. გამოცემა განკუთვნილია სტუდენტების, ლექტორებისა და მეცნიერთათვის, რომლებიც ამ სფეროს კვლევით არიან დაკავებულნი. ავტორი მადლობას უხდის ქალბატონ ნათია ამირეჯიბს, მიხეილ ნიკოლეიშვილს და კონსტანტინე კაპანაძეს გაწეული დახმარებისათვის.
ნინო გელოვანს ძველ ნაშრომებზეც ვკითხეთ. როგორც გაირკვა, მისთვის წიგნების გამოცემის მიზანია, რომ დარგი გაამდიდროს და სატელევიზიო პროდუქტების შესახებ საფუძვლიანი მასალა შექმნას. მან აღნიშნა, რომ ხშირად უნივერსიტეტში სასწავლო სილაბუსები მხოლოდ ერთ წიგნს ეყრდნობა, მაშინ, როცა მეტი ლიტერატურის არსებობის შემთხვევაში სტუდენტებისთვის განახლებული მასალების გაცნობაა შესაძლებელი. საკუთარ კვლევებზე საუბრისას გვიყვება: ,,მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ითარგმნა ხელოვნური ინტელექტის მიერ – ჩემი პირველი წიგნი – 8 ენაზე, ხოლო მეორე – 12 ენაზე. მესამე წიგნი – ,,თურქული სერიალების ენა, სტრუქტურა, ნარატივი“ – სტამბულში გამოიცა, რომელიც მაღაზიებშიც იყიდება და, ასევე, სასწავლო ლიტერატურაცაა. ჩემი ნაშრომები, თურქეთის გარდა, სხვა ქვეყნების საუნივერსიტეტო სწავლებაშიცაა შეტანილი, მაგალითად, აშშ-ს იმ უნივერსიტეტში, სადაც ფულბრაიტის სტიპენდიატი ჩემი ერთი სტუდენტი სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაცია სწორედ მან მომაწოდა”.
ნინო გელოვანი, როგორც ჟურნალ ,,Science Publishing Group”-ის ბორდის წევრი, თანამედროვე კინოს კრიტიკაზე მუშაობს და სტატიებს წერს. მისი უახლესი სტატია სერიალ ,,ახალგაზრდა პაპს” შეეხება. უფრო შორეულ გეგმებს რაც შეეხება, ამჯერად გერმანულ გამომცემლობასთან ერთად თანამშრომლობს და აპირებს, რომ ახალ წლამდე დაასრულოს მეხუთე წიგნის წერა. ახალი წიგნი შეეხება ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოსული არაპროფესიონალების მიერ დაშვებულ შეცდომებს, რომელთაც ელემენტარული წესები არ იციან სატელევიზიო პროდუქციის შექმნის ზოგიერთი ასპექტის მხრივ.
