მარიამ ბარბაქაძე: ,,ამ პერიოდმა მასწავლა – როგორ მემართა ჩემი დრო და ფინანსები დამოუკიდებლად“

თარიღი: 2025-02-10 18:00:47

,,პორტუგალიაში გატარებული სემესტრი დაუვიწყარი გამოცდილება იყო, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნულ განვითარებაზე“, – ამბობს თსუ-ს ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ბარბაქაძე. მან 2024 წლის შემოდგომის სემესტრი პორტუგალიაში, კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაატარა.

,,კოიმბრა, სადაც ჩემი უნივერსიტეტი მდებარეობს, პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აკადემიური ცენტრია. ეს ქალაქი სტუდენტური ტრადიციებითა და ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა. პორტუგალიაში გატარებულმა პერიოდმა შესაძლებლობა მომცა მიმეღო როგორც უმაღლესი ხარისხის განათლება, ასევე, ახლოს გამეცნო ეს კულტურითა და ისტორიით მდიდარი ქვეყანა. ქალაქის არქიტექტურამ, გასაოცარმა ბუნებამ და ადგილობრივი ხალხის სტუმართმოყვარეობამ ეს გამოცდილება კი უფრო განსაკუთრებული გახადა“, – აღნიშნავს მარიამი.

მარიამისთვის პირველი თვე საკმაოდ აქტიური და დატვირთული აღმოჩნდა. როგორც ის ამბობს, საჭირო იყო სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება და არაერთი ბიუროკრატიული პროცედურის გავლა. როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე, დამატებითი გამოწვევების წინაშე იდგა, თუმცა ამ სირთულეებმა გაუუმჯობესა ორგანიზაციული უნარები.

,,ცხოვრებაში პირველად მომიწია დამოუკიდებლად ცხოვრება, რაც ერთდროულად იყო გამოწვევაც და განვითარების შესაძლებლობაც. ამ პერიოდმა მასწავლა, როგორ მემართა ჩემი დრო და ფინანსები დამოუკიდებლად და ეფექტურად. ასევე, საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში გავეცანი უცხო კულტურებსა და სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს. გავიგე მათი მსოფლმხედველობის და ცხოვრების წესის შესახებ, რაც ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროგრამის პერიოდში ხედავ ბევრ განსხვავებას საკუთარსა და უცხო ქვეყნებს შორის, სწავლობ ამ სიახლეებთან შეგუებასა და ახალ გარემოში მიღებული გამოცდილების სწორად გამოყენებას“, – ასეთი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა მარიამი საქართველოში, სადაც მოეჩქარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიაში ბევრი საწადელი აისრულა.

მარიამ ბარბაქაძე ჩვენთან საუბრისას იმ განსხვავებებზე საუბრობს, რაც კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დახვდა და რაც მას თსუ-სგან განასხვავებს.

,,სემინარები ძირითადად პრაქტიკულ მეცადინეობას ემყარებოდა და სასემინარო აქტივობაში ქულები არ იწერებოდა. ლექტორები ხშირად გვიზიარებდნენ რეალურ მაგალითებს, რის საფუძველზეც სტუდენტებს გვქონდა შესაძლებლობა –  გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ჩვენი ხედვები და შეგვეფასებინა სხვადასხვა ბიზნეს სიტუაცია. აუდიტორიაში ასეთი მიდგომები დისკუსიებს უფრო დინამიურს და საინტერესოს ქმნიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. სტუდენტებს გვქონდა წვდომა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებსა და სამეცადინო სივრცეებზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებდა როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ მუშაობას“, – ამბობს ის. მარიამის სურვილია თსუ-შიც გაუმჯობესდეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.

Facebook
Twitter
LinkedIn