თეკლა მეგრელისთვის  გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის იდეა  პატარაობიდანვე  იყო საინტერესო

თარიღი: 2025-02-05 17:39:28

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტისთვის  თეკლა მეგრელისთვის  სასწავლო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის იდეა  პატარაობიდანვე  იყო საინტერესო და მიმზიდველი. სწავლების პირველივე სემესტრიდან დაიწყო ამ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება და  შეგროვება. ეს  პროცესი თეკლასთვის არც  ისე მარტივი აღმოჩნდა. 

„მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულია ძირითადი აღწერილობა პროგრამებისა, აპლიკაციის შევსების პროცესში აწყდები უამრავ დეტალს, რომელთა ამოხსნასა და პასუხის გაცემაში მე, პირადად, უფროსკურსელების გამოცდილება ყველაზე მეტად დამეხმარა. უმოკლეს დროში პასუხობდა ჩემს კითხვებს თავად მიმღები უნივერსიტეტიც.  ძიების პროცესში შევიტყვე ჰელსინკის უნივერსიტეტის სასწავლო გაცვლითი  პროგრამის შესახებ, რომელიც ჩემს ინტერესებსა და მიზნებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა“, – გვიამბობს თეკლა  და ჰელსინკის უნივერსიტეტში გატარებულ დროზე გვიყვება, რომელმაც თეკლაზე არა მარტო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, არამედ  დიდი გამოცდილებაც  შესძინა.

„ჰელსინკის უნივერსიტეტში სწავლების  პერიოდში  შეხება მქონდა სხვადასხვა ქვეყნის  პრესტიჟული უნივერსიტეტების პროფესორებთან.  გავიარე კურსები, რომელთაგან ნაწილის პირდაპირი ანალოგიც ჩვენთან არ მოიძებნება. ამან კიდევ უფრო გააფართოვა ჩემი თვალით დანახული სამართლებრივი საქმიანობის ფართო არეალი, იურისტის  პროფესიონალური უნარ-ჩვევები და  საკუთარ  თავში ახალი  ინტერესები აღმომაჩენინა.  საზღვარგარეთ სწავლა, ამასთანავე, გულისხმობს უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად  ცხოვრებას. ვფიქრობ, ეს ორი რამ ადამიანს ძალიან ეხმარება პიროვნულ ზრდასა და სირთულეებთან გამკლავების მექანიზმის დახვეწაში“, – აღნიშნა თეკლა მეგრელმა.

კითხვაზე – თუ რა  განსხვავება დაინახა  თსუ-სა და ჰელსინკის უნივერსიტეტის სწავლების მეთოდებს შორის,  თეკლამ  ასე გვიპასუხა:  „თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა მიმდინარეობს სასემინარო-სალექციო ფორმატში. ჰელსინკის უნივერსიტეტის კურსები მხოლოდ სალექციო შეხვედრებს მოიცავს, თუმცა ამ ფორმატში პროფესორები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ სტუდენტის ჩართულობას სხვადასხვა საკლასო დავალებებითა და სამუშაოებით. ეს მოდელი საბოლოოდ სტუდენტს აძლევს საშუალებას, ძირითადად,  დამოუკიდებლად იმუშაოს და პროდუქტიულად გამოიყენოს შედარებით თავისუფალი სასწავლო განრიგი. განსხვავებულია საგამოცდო ფორმატიც: ჰელსინკის უნივერსიტეტი ფინალური დავალებების კუთხით ძირითად აქცენტს  კვლევით ნაშრომებსა და სამეცნიერო ესეებზე აკეთებს“, – ამბობს თეკლა, რომელიც სასწავლო პროცესის იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომლის გამოსწორებასაც მნიშვნელოვნად თვლის. 

„ვფიქრობ,  უცხოეთის უნივერსიტეტში სწავლამ   კიდევ უფრო დამანახა სასწავლო პორტალის გამართულობის ხარისხის მნიშვნელობა. ჩვენთან ხშირია შემთხვევა, როცა სტუდენტები ვერ ახერხებენ ლექტორთან/სასემინარო ჯგუფის ხელმძღვანელთან კონტაქტზე გასვლას. მომეწონა ჰელსინკის უნივერსიტეტის პორტალის ფორმატი, რომლის მიხედვითაც თითოეული კურსისთვის თითოეული კვირის სამუშაო გეგმა  ინდივიდუალურადაა წარმოდგენილი და ცვლილების შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ ახლდება. ვფიქრობ, ეს მოდელი ბევრად მოსახერხებელია“, – ასე ფიქრობს თეკლა მეგრელი, რომელსაც მიაჩნია, რომ, თეორიული ტიპის გამოცდების ნაცვლად, კვლევითი ესეების სახის დავალებების რიცხვის ზრდა სტუდენტებისთვის უფრო მეტად გამოსადეგი იქნება და მათ ბევრი სასარგებლო უნარ-ჩვევის დახვეწაშიც დაეხმარებათ.

Facebook
Twitter
LinkedIn