კლერმონის ოვერნის უნივერსიტეტში გატარებული ერთი სემესტრი
თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტი ანა ლაფაჩი როცა პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალს გაეცნო, არჩევანი კლერმონ-ფერანის უნივერსიტეტზე შეაჩერა, რომლის ეკონომიკის მიმართულებაც ერთ-ერთი წამყვანია საფრანგეთის მასშტაბით. თან ეს ქალაქი საყოველთაოდ ცნობილი ფილოსოფოსის, ბლეზ პასკალის დაბადების ადგილია. როგორც ანა ამბობს, ეს მისთვის პირველი მცდელობა იყო და ძალიან გაიხარა, როცა საკონკურსო კომისიამ არჩევანი მასზე შეაჩერა.
„გასაუბრებაზე მაქსიმალურად მომზადებული მივედი. გავეცანი ინფორმაციას სავარაუდო მასპინძელი რეგიონის, ქალაქის, უნივერსიტეტის, პროფესორების შესახებ. გასაუბრებაზე კეთილგანწყობილი ატმოსფერო იყო და საშუალება მომეცა მესაუბრა ჩემი მიზნებისა და მოტივაციის შესახებ“, – იხსენებს ანა, რომელიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ერთი სემესტრით კლერმონის ოვერნის უნივერსიტეტში.
„საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლამ საშუალება მომცა გავცნობოდი ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას, ლექცია-სემინარების ჩატარების პრაქტიკას, სტუდენტურ ცხოვრებას. ასევე, ჩემთვის ღირებულია სხვადასხვა ქვეყნიდან აქ ჩამოსულ სტუდენტებთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება“, – ამბობს ანა, რომელსაც თსუ-ში სწავლამაც ნამდვილად დიდი ცოდნა და გამოცდილება მისცა: „მიმაჩნია, რომ აკადემიური სწავლების დონით ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა. შესაბამისად, ყველა საგნის სწავლისთვის შესაბამისი საფუძველი მქონდა.
თსუ-ში გვაქვს სილაბუსი, რომელშიც მითითებული ძირითადი სახელმძღვანელოებით შესაძლებლობა გვაქვს შესაბამისი თემები შევისწავლოთ. ლექტორების უმრავლესობა, ასევე, საპრეზენტაციო მასალას გვაწვდის. კლერმონის ოვერნის უნივერსიტეტში კი ეს პროცესი ცოტა სხვანაირად ხდება. ფრანგი პროფესორები სახელმძღვანელოს მითითებასთან ერთად აქცენტს ლექციის შინაარსის ჩანიშვნასა და საკუთარი ნაშრომების გაცნობაზე აკეთებდნენ. ერთ-ერთ საგანს ორი ლექტორი გვასწავლიდა და, შესაბამისად, კომპლექსური მიდგომით გვიწევდა სწავლა. ყველა საგანში გვქონდა პრეზენტაცები მოსამზადებელი. ასევე, სასიამოვნო იყო, რომ საშუალება მომცეს უფრო კარგად შემესწავლა ფრანგული ენა და გავცნობოდი ფრანულ კულტურას,“ – იხსენებს ანა ლაფაჩი, რომლის სურვილია თსუ-ში უფრო მეტი სტუდენტური სივრცეების მოწყობა და მათზე ზრუნვა. ის თვლის, რომ უფრო მეტად უნდა იყოს წახალისებული სტუდენტების სამეცნიერო და კულტურულ აქტივობებში ჩართვა. ამ აქტივობებში მონაწილეობის მიღების ინტერესი თვითონაც აქვს და ახლო მომავალში ამას აუცილებლად გააკეთებს.
