დარგები, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს

თარიღი: 2025-02-03 19:45:00

ცირკულარული ეკონომიკის განვითარების არსებული რეალობა და გამოწვევები საქართველოში – ასე ჰქვია პროექტს, რომელმაც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  2024 წლის მიზნობრივი  სამეცნიერო-კვლევითი  პროექტების  კონკურსში გაიმარჯვა.  მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია ფაკულტეტზე 23 იანვარს გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ:  თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია,  აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვადასხვა ინსტუტუციების წარმომადგენლები. პრეზენტაციას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის მოადგილე მანანა ლობჟანიძე. როგორც ზემოთ აღნიშნული პროექტის ხელძღვანელმა,  მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ნაზირა კაკულიამ აღნიშნა,  საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

„შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის ის პრიორიტეტული 14 დარგი, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. ცირკულარული ეკონომიკა ეკონომიკური განვითარებისადმი სისტემური მიდგომაა, რომელსაც სარგებელი როგორც  ბიზნესისთვის, ასევე საზოგადოებისა და გარემოსთვის მოაქვს“,  – განაცხადა  ნაზირა კაკულიამ. 

მკვლევრებმა  არსებული მიზნის მიღწევისათვის   200-ზე მეტი თანამედროვე  უცხოური პუბლიკაცია შეისწავლეს ამ მიმართულებით, რომელთა საფუძველზეც გამოვლინდა   რეფორმების გატარების აუცილებლობა. რეფორმები უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების მობილიზების ხელშეწყობას მწვანე, სტაბილური და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის.

„მოცემულ კვლევაში შესაძლებელი გახდა  ცირკულარული ეკონომიკის შესაძლებლობების შესწავლა  მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ასევე, განხორციელდა  ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ეკონომიკაში გამჭვირვალობისა და გრძელვადიანი ხედვის ხელშესაწყობად ეკონომიკური სარგებლის გაანგარიშება. 

გამოვლენილ იქნა:

•          ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისთვის რეკომენდებული სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარობის მიზნები დარგობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით;

•          შემუშავდა დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტები და რეკომენდაციები“, – აღნიშნა  ნაზირა კაკულიამ.

Facebook
Twitter
LinkedIn