რას ფიქრობს თსუ-ზე ესპანეთიდან დაბრუნებული რევაზ ჩაჩავა  

თარიღი: 2025-01-31 20:17:52

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ესპანისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა რევაზ ჩაჩავამთსუ-ს მიერ გამოცხადებულ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა და წარმატებით ჩააბარა ესპანური ენის B2 დონის გამოცდა. ამის შემდეგ იგი კადისის (ესპანეთი) უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსით დაინტერესდა. გასაუბრების ეტაპისა და მიმღები უნივერსიტეტის მიერ გამოგზავნილი ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტის დაწერის შემდეგ, კადისის უნივერსიტეტმა რევაზის კანდიდატურა მიიღო. „ესპანეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის მხოლოდ კონკურსის გავლა და მიმღები უნივერსიტეტის თანხმობა არაა საკმარისი. საჭიროა სავიზო პროცედურების გავლა, რაც სირთულეს წარმოადგენს იმ სტუდენტთათვის, რომელთაც სწავლის გაგრძელება ესპანეთში სურთ, რადგან ვიზის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს თურქეთის ქალაქ სტამბულში მდებარე ესპანეთის გენერალური საკონსულო წარმოადგენს, ხოლო, როგორც განაცხადის შესატანად, ისევე ვიზის მისაღებად, სტამბულში ჩასვლაა საჭირო. შესაბამისად, სირთულე სწორედ სავიზო განაცხადის გაკეთებისთვის საბუთების მოგროვება და სტამბულში ჩასვლაა. თავად კონკურსის გავლაც გარკვეულ სირთულეებთანა დაკავშირებული მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი საბუთების სიმრავლის გამო, თუმცა ეტაპობრივი დაგეგმვითა და მოთმინებით სასურველი შედეგი აუცილებლად მიიღწევა“, – ამბობს რევაზი.

მას შემდეგ, რაც ესპანეთში ერთი სემესტრით სწავლის უდიდესი გამოცდილება შეიძინა, რევაზი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში სტუდენტს შეუძლია მიიღოს უდიდესი ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელსაც შემდეგ თავისი ქვეყნის განვითარებას მოახმარს. მისი აზრით, ეს ერთი სემესტრი გაბედული ნაბიჯია – გახდე კონკურენტუნარიანი და თამამად შეაბიჯო შრომის ბაზარზე. „პირადად მე, საზღვარგარეთ გატარებულმა ერთმა სემესტრმა საშუალება მომცა გამეღრმავებინა ცოდნა ჩემს პროფესიაში, განათლება მიმეღო იმ ენაზე, რომელსაც ვიკვლევთ თსუ-ში (ესპანური), გამეცნო ესპანეთი, შემესწავლა ესპანელი ხალხის ხასიათი და მენახა ამ ქვეყნის რეგიონული მრავალფეროვნება; მეორე მხრივ კი – კიდევ უფრო დამეფასებინა ჩემი სამშობლო, ქართული ენა, ჩვენ მიერ განვლილი გზა და ჩვენი ქვეყნის მიღწევები სხვადასხვა სფეროში. ამასთან, ერასმუსის პროგრამის საშუალებით სტუდენტს შესაძლებლობა აქვს გაიცნოს ადამიანები მსოფლიოს მრავალი წერტილიდან, რაც ცოდნის გაზიარებისა და შემდეგ – მისი ტრანსფერის  საშუალებას იძლევა“, – ამბობს იგი ჩვენთან საუბარში.

კითხვაზე, თუ რა განსხვავება დაინახა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კადისის უნივერსიტეტის სწავლების მეთოდებს შორის, რევაზი ამბობს, რომ სწავლების მეთოდები ესპანეთის უნივერსიტეტში ინკლუზიურია და ფოკუსირებულია სტუდენტის თვითგანვითარებაზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია,  პროფესორებთან ერთად, აორგანიზებს ექსკურსიებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს აუდიტორიის გარეთ. ამასთან სტუდენტები არ წერენ შუალედურ გამოცდებს, გაზრდილია ფინალური გამოცდის მნიშვნელობა (შესაძლებელი 10 ქულიდან 7 ქულა გამოცდას ენიჭება). ამასთან, მოქნილი გრაფიკი  მუშაობისა და სხვადასხვა სახის, მათ შორის, სოციალური უნარების გამომუშავების საშუალებას იძლევა.

მისი თქმით, ამ გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მას სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისცა:  „თსუ-ში სწავლა უდიდესი შესაძლებლობა, გამოცდილება, პატივი და პასუხისმგებლობაა. უნივერსიტეტში სწავლამ საშუალება მომცა მიმეღო საფუძვლიანი ცოდნა  და განვვითარებულიყავი ჩემს პროფესიაში, გამეცნო კვალიფიციური პროფესურა და მომავალი კოლეგები, მიმეღო თეორიული ცოდნა,  მესწავლა მისი პრაქტიკაში გამოყენება მრავალი აქტივობის თუ ღონისძიების მეშვეობით, რომელთა უმეტესობაც ჩვენი პროფესორების მიერ იყო ორგანიზებული. ამასთან, მომეცა საშუალება, ამერჩია დამატებითი სპეციალობა (პოლიტიკის მეცნიერებები) სხვა ფაკულტეტიდან (ეს ესპანურ  უნივერსიტეტში შეუძლებელია როგორც იურიდიულად, ისე ფიზიკურად ფაკულტეტების სხვადასხვა ქალაქში მდებარეობის გამო), მომეხდინა ცოდნის ტრანსფერი და შემექმნა ბაზისი მომავალი პროფესიული თუ პიროვნული განვითარებისთვის“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლების ხარისხით არ ჩამოუვარდება ევროპულ უნივერსიტეტებს, პრობლემა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და სტუდენტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის სიმწირეა.

„მიმღებ უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარებას, აუდიტორიების, ღია სივრცეების, საკონფერენციო დარბაზების კეთილმოწყობას დიდი ყურადღება ექცევა; ამასთან, სტუდენტებს, მათი სოციალური სტატუსისა და ოჯახის შეძლების პროპორციულად, სტიპენდიები ენიჭებათ, ხოლო, ყველა საგნის ჩაბარების შემთხვევაში, თავისუფლდებიან საუნივერსიტეტო გადასახადისგან. მიუხედავად იმისა, რომ კადისის უნივერსიტეტის ბიუჯეტი ბევრად აღემატება ჩვენი უნივერსიტეტისას, ვფიქრობ, შესაძლებელია გარკვეული თანხების გამოყოფა ამ პრობლემების გადასაჭრელად“.

რევაზის აზრით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლო პერიოდში სწორედ ამ გზას ადგას და თანდათანობით შეიმჩნევა სტუდენტური სივრცეებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების ტენდენცია, რაც ძალიან მალე შექმნის სასურველ მოცემულობას.

Facebook
Twitter
LinkedIn