ჰელსინკის უნივერსიტეტში გატარებული 4 დაუვიწყარი თვე
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტმა მარიამ ქეცბაიამ, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრი ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტში გაატარა.
,,ფინეთში გატარებული 4 თვე იყო და იქნება დაუვიწყარი გამოცდილება. ამ პერიოდის განმავლობაში შევიძინე უამრავი მეგობარი, თანამოაზრე; გავიცანი მომავალი კოლეგები და ამჟამინდელი დარგის პროფესიონალები, მათ შორის, პროფესორი ჯონ კლაბერსი (Jan Klabbers) – მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალსა და სახელშეკრულებო სამართალში, რაც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტი იყო ჰელსინკში. გარდა აკადემიური ნაწილისა, კიდევ უფრო დამოუკიდებელი გავხდი, ვიმოგზაურე ფინეთში და საუკეთესო მოგონებები შევქმენი როგორც სხვა საერთაშორისო სტუდენტებთან, ისე ადგილობრივებთან ერთად. ამავდროულად, მოხალისედ ჩავეწერე ESN Uni Helsinki-ში, როგორც არჩეული გამგეობის წევრი 2024-2025 სასწავლოს წლისთვის. ეს არის ჰელსინკში ერასმუსის სტუდენთა გაერთიანების ერთ-ერთი ლოკალური ქსელი, რომელიც გაცვლითი პროგრამით წასულ სტუდენტებს ეხმარება მასპინძელ ქვეყანაში დაუვიწყარი სემესტრი გაატარონ და ამისთვის მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს მათ. ყველა გაცვლით სტუდენტს ვურჩევდი აღნიშნულ ქსელში გაწევრიანებას! ჩემმა გამოცდილებამ ფინეთში მიბიძგა, რომ იუთუბის არხი – Girl From SAKARTVELO – შემექმნა, სადაც ჩემს გამოცდილებასა და ერასმუსის ისტორიებს საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს ვუზიარებ იმ იმედით, რომ სხვებიც იპოვიან მოტივაციასა და გამბედაობას, რომ ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გამოიყენონ და გადადგან პირველი ნაბიჯები საზღვარგარეთ სწავლისკენ“, – გვიყვება მარიამი თავისი შთაბეჭდილებების შესახებ.

კითხვაზე, თუ რით განსხვავდება სწავლების მეთოდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ისწავლა, მარიამ ქეცბაია გვპასუხობს: ,,განსხვავება თსუ-სა და ჰელსინკის უნივერსიტეტს შორს ნამდვილად დიდია. ჰელსინკის უნივერსიტეტი ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის სწავლის პროცეში გამოყენებას არა თუ ხელს უწყობს, არამედ რეკომენდაციასაც უწევს. ამავდროულად, ჰელსინკის უნივერსიტეტის საგამოცდო ფორმატი, უმეტესწილად, ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია. ე.წ. ღია წიგნის ფორმატი აქტუალურია ჰელსინკის უნივერსიტეტში. კურსის წარმატებულად დახურვას განაპირობებს დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე შექმნილი წერილობითი ნაშრომები, ტესტირებებისგან განსხვავებით. ჩემი აზრით, აღნიშნული მეთოდები სწავლისთვის არანაკლებ ეფექტურია და სტუდენტს დამოუკიდებლად მუშაობის პრაქტიკას სძენს კვლევით სფეროში“.
მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებულ წლებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტებს მსგავს შესაძლებლობებს საქართველოში არც ერთი სხვა უმაღლესი სასწავლებელი არ სთავაზობს, მისი უნივერსიტეტის გარდა.
,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა, ჩემი აზრით, მრავალი განსხვავებული აზრისა და პოზიციის მქონე ინდივიდთან ურთიერთობას გასწავლის, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კარიერული, ისე პიროვნული განვითარებისთვის. ამ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობ საკუთარ თავზე მუშაობას და გაქვს შესაძლებლობა, რომ შეიმეცნო დარგები ისეთი პროფესიონალებისგან, რომლებიც არა მარტო ქმნიან ამ დარგებს საქართველოში, არამედ პრაქტიკაშიც აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მხრივ. ეს კი არაერთხელ გამხდარა ჩემთვის მოტივაციის წყარო – უფრო აქტიურად და დიდი მონდომებით გამეგრძლებინა საერთაშორისო სამართლის შესწავლა თსუ-ში“, – აცხადებს მარიამ ქეცბაია.

მარიამს ჰელსინკის უნივერსიტეტში სწავლამ უკეთესად დაანახა ის პრობლემები, რაც, მისი აზრით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია სტუდენტური წლების უკეთ გასატარებლად. ,,ფაკულტეტებზე სტუდენტური თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები არ არის საკმარისი. საჭიროა, რომ სტუდენტებს ჩარიცხვისთანავე მიეწოდოთ ინფორმაცია იმ რესურსების შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ წამოიწყონ/დააარსონ საერთო ინტერესის სფეროზე დაფუძნებული კლუბი და მისი პოპულარიზაციისა თუ ფუნქციონირებისთვის გამოეყოთ შესაბამისი დაფინანსება. იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში ეს საკითხი აქტუალურობას შეიძენს და უკეთესობისკენ შეიცვლება, რაშიც სიამოვნებით შევიტანდი წვლილს პირადი გამოცდილების გაზიარებით“, – ასეთია მარიამის განწყობები, რომელიც ფინეთის მასპინძელ უნივერსიტეტში დაუვიწყარი სტუდენტური აქტივობებით გამორჩეულ თვეებს ალბათ არასდროს დაივიწყებს.
