დადეშქელიანთა რეზიდენციები – ახალი კვლევის წარდგენა და ფოტოგამოფენა თსუ-ში
18 დეკემბერს, თსუ-ს პროფესორებმა როზეტა გუჯეჯიანმა და ქეთევან ხუციშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგინეს თავიანთი წიგნი: ,,დადეშქელიანთა რეზიდენციები: ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები.” ნაშრომი შესრულებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგრანტო კონკურსის: ,,კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა” ფარგლებში. წიგნის პრეზენტაციის გარდა გაიხსნა ფოტოგამოფენაც, რომელიც მნახველებს მთელი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.
,,წიგნის პირველ ნაწილში წარმოდგენილია დადეშქელიანთა საგვარეულოს იმ ღირსეული პიროვნებების მოკლე ბიოგრაფიები, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის განვითარებაში, მეორე ნაწილში კი აღწერილია სვანეთში შემონახული უნიკალური ისტორიული ძეგლები — დადეშქელიანების სამთავრო რეზიდენცია ეცერის თემის სოფელ ბარში და უფრო გვიან აგებული კომპლექსები კიდევ სამგან: ფარში, ბეჩოსა და ცხუმარში”, — განმარტავს წიგნის თანაავტორი როზეტა გუჯეჯიანი.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში ავტორებმა ისეთ საარქივო მასალებსაც მიაგნეს, რომლებიც მანამდე სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობი იყო. სიტყვით გამოსვლებისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას. ,,კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განვახორციელეთ ექსპედიცია. ჩვენ გვინდოდა, მოგვეძიებინა – თუ რა მდგომარეობაშია ეს რეზიდენციები ახლა; ყურადღება გაგვემახვილებინა, რომ ეს მემკვიდრეობა არის დასაცავი და ახალი მნიშვნელობებით დასატვირთი, რათა თავიანთი ფუნქცია შეასრულონ ჩვენი იდენტობის გამყარებაში. მომავალი თაობები არა მხოლოდ უნდა ამაყობდნენ ამ ყოველივეთი, არამედ იცავდნენ და ავითარებდნენ ამ მემკვიდრეობას“, — გვიპასუხა ქეთევან ხუციშვილმა, როდესაც ნაშრომის მთავარ მიზნებზე ვკითხეთ.
წიგნის ავტორებთან ერთად, ღონისძიებაზე აუდიტორიას მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ. იგი აღნიშნული წიგნის რედაქტორიც არის. ,,დადეშქელიანების საგვარეულოს კვლევა, რომლებიც სვანეთის გარკვეულ ნაწილს მთავრობდნენ, განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სწორედ მათ უკავშირდებათ სვანეთში ფეოდალური საზოგადოებისა და თემის დემოკრატიულობის შერწყმა — როცა ბარიდან წამოსული ფეოდალიზმი შეხვდა მთის თავისუფლებას. სწორედ ამ სინთეზმა განაპირობა, რომ სვანეთში ფეოდალს არ ჰქონდა ის უფლებები, რაც სხვაგან”, — აღნიშნა რექტორმა.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო დადეშქელიანთა გამორჩეული წარმომადგენლების და ასევე საგვარეულოს ოთხივე შემორჩენილი რეზიდენციის ფოტოები — როგორც მათი ახლანდელი ნაშთების ამსახველი მასალა, ისე კვლევის შედეგად ნაპოვნი საარქივო სურათები. ავთენტური სვანური გარემოს შესაქმნელად კი წიგნის წარდგენის შემდგომ სცენა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ლალხორს” დაეთმო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებისთვის რამდენიმე სვანური სიმღერა და ცეკვა შეასრულა.
ავტორების თქმით, წიგნი ,,დადეშქელიანთა რეზიდენციები: ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები” განთავსდება თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების სახელმწიფო ბიბლიოთეკებში. ფოტოგამოფენა კი 1 თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ნინო ჩარკვიანი
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ჟურნალისტი