შემოდგომის სემეტრში თსუ-ს 1354-მა სტუდენტმა სახელმწიფო სტიპენდია მიიღო

თარიღი: 2024-12-20 13:36:40

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრის სახელმწიფო სტიპენდიები გაიცა. როგორც ცნობილია, სტიპენდიების და მათი მფლობელების რაოდენობა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა. ცვლილებები, რომელიც გასულ წელს მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, შეეხო ყველა  წარმატებულ სტუდენტს და 10 სასწავლო თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარიანი სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებდა. გაიზარდა მფლობელთა რაოდენობაც – თუ მანამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაზრდილ სტიპენდიას  უკვე 5 000 წარმატებული სტუდენტი იღებს. კრიტერიუმები, რომელსაც წარმატებული სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს, მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

შესარჩევი კრიტერიუმები, აკადემიურ მიღწევებთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა სასწავლო სტუდენტურ აქტივობას, მათ შორის, საუნივერსიტეტო, ინტელექტუალურ, სამეცნიერო, შემოქმედებით-კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩართულობას.  ასევე, კრიტერიუმებში გათვალისწინებულია ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორებიცაა: სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70 000 და ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა (4 და მეტი შვილი) და სხვა.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში, 2023/2024 სასწავლო წლის პირველ სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსდა 1330 სტუდენტი, ხოლო  მეორე სემესტრში 1323 სტუდენტი.  სტიპენდიის ოდენობა თითოეულ სტუდენტზე თვეში შეადგენდა 300 ლარს. სულ 2023/2024 სასწავლო წელს გაიცა 3 979 500 ლარი.

რაც შეეხება მიმდინარე სემესტრს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) დაფინანსდა 1354 სტუდენტი (თვეში 300 ლარის ოდენობა). მათ შორის:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  196 სტუდენტი;

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  262 სტუდენტი;

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 139 სტუდენტი;

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  99 სტუდენტი;

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 357 სტუდენტი;

იურიდიული ფაკულტეტის 220 სტუდენტი;

მედიცინის ფაკულტეტის 81 სტუდენტი.

სულ 2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის სტიპენდია შეადგენდა 1 218 600 ლარს.

შედარებისთვის: 2023/2024 სასწავლო წლამდე ფინანსდებოდა 700-დან 778 სტუდენტამდე და სტიპენდიის ოდენობა შეადგენდა თითოეულ სტუდენტზე თვეში 150 ლარს.

Facebook
Twitter
LinkedIn