როგორ გააცნო მარიამ მოსიძემ თავისი ქვეყანა და უნივერსიტეტი გერმანელ სტუდენტებს?

თარიღი: 2024-12-03 16:02:51

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი მარიამ მოსიძე კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია) ,,ერასმუს +“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.

,,საზღვარგარეთ სწავლა ერთი სემესტრით იყო ფასდაუდებელი გამოცდილება ჩემთვის. შევიძინე მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან, ავსტრალიიდან, პორტუგალიიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ კორეადან. ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება და ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთის კულტურისა და ქვეყნების შესახებ. მაგალითად, მქონდა  პრეზენტაცია გერმანელი სტუდენტებისთვის  – Study in Georgia, სადაც უნდა მესაუბრა ჩემს ქვეყანასა და უნივერსიტეტზე და გამეცნო მათთვის. სხვათა შორის, ინტერესი დიდი იყო, რაც ძალიან გამიხარდა.

ასევე, გამოცდილება მივიღე ინტერკულტურულ გარემოში სწავლასა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების დამყარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში. მყავდა მაღალკვალიფიციური პროფესორები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემი ცოდნის გაღრმავებაში. ლექციები მქონდა გერმანულ და ინგლისურ ენებზე. შესაბამისად, ინტენსიურად აღნიშნული ენების გამოყენებამ კიდევ უფრო განმიმტკიცა ცოდნა.

რადგან გერმანიის დასავლეთ ნაწილში ვიყავი, გერმანიის ულამაზესი ქალაქების გარდა, მქონდა საშუალება  – მემოგზაურა გერმანიის მეზობელ ქვეყნებში. ვიმოგზაურე ბელგიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგსა და საფრანგეთში“, – აღნიშნავს მარიამი.  

მარიამ მოსიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ემადლიერება, რადგან სწორედ ამ უნივერსიტეტმა მისცა მას ის საფუძველი, რომელზეც თავის მომავალს დააშენებს.

,,თსუ-ში სწავლამ მომცა, პირველ რიგში, დიდი ცოდნა, მიმაჩვია დამოუკიდებლობას, განმივითარა წერითი უნარები. გამოცდები აღარ წარმოადგენს ჩემთვის სტრესს. ლექტორებსა და სტუდენტებს შორის ურთიერთობა არის ძალიან მეგობრული. მივეჩვიე ბიბლიოთეკაში მეცადინეობას.  თსუ-ში სწავლამ მომცა დიდი მოტივაცია, რადგან გავიცანი და შევიძინე ბევრი მეგობარი“, – ამბობს მარიამი.

კითხვაზე – თუ რა პრობლემებს გამოკვეთდა, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება, იგი გვპასუხობს: ,,საბედნიეროდ, არ მახსენდება რაიმე ისეთი, რასაც პრობლემად მივიჩნევ ჩემს უნივერსიტეტში. პირიქით, კმაყოფილი ვარ ყველაფრით.

მომავლისთვის ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს ,,ერასმუს +“-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რადგან ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ“.

Facebook
Twitter
LinkedIn