იზა ჩანტლაძე−85
ქალბატონი იზა 1 დეკემბერს 85 წლისა გახდებოდა… სამწუხაროდ, ვერ მოესწრო იუბილეს, რომელსაც ასე ელოდებოდა… თანამემამულე თუ უცხოელი კოლეგების მოლოცვებით განებივრებულს, უყვარდა თავისი დაბადების დღე, რომელსაც ყოველთვის ახალ-ახალი მეცნიერული მიღწევით ხვდებოდა…
იზა ჩანტლაძემ 1962 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება, შემდეგ ასევე წარმატებით დაასრულა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა. 1965 წელს მიენიჭა საგანგებო პრემია საკანდიდატო დისერტაციის (,,ძველი სვანური ხალხური სიმღერების ენისა და ცოცხალი მეტყველების შეპირისპირებითი ანალიზი”, სამეცნიერო ხელმძღვანელი აკად. არნოლდ ჩიქობავა, სამეცნიერო კონსულტანტი აკად. ვარლამ თოფურია) ვადაზე ადრე დამთავრებისთვის (რომელიც ასევე წარმატებით დაიცვა 1969 წელს). 1990 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,სახელთა პარადიგმატული სისტემა სვანურში (დანარჩენ ქართველურ ენებთან მიმართებით)”.
იზა ჩანტლაძე 1967 წლიდან მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ჯერ უმცროს, მერე კი უფროს, წამყვან და ბოლოს – უვადო მთავარ მეცნიერ თანამშრომლად). პარალელურად, სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 2005-2008 წლებში იყო ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატთან არსებული ,,ქართველი ხალხის ეთნოლინგვისტურ და ანთროპოლოგიურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი. მისივე ხელმძღვანელობით, ბათუმში 24 ქვეყნის მეცნიერთა მონაწილეობით ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის მასალები გამოქვეყნდა სამეცნიერო კრებულ ,,ლინგვოკულტუროლოგიური ძიებანის” ორტომეულში (2011). 2006 წლიდან გახლდათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.
იზა ჩანტლაძეს გამოქვეყნებული აქვს 350-მდე ნაშრომი, აქედან − 15 მონოგრაფია. მის ნაშრომებს სპეციალისტები ეცნობიან არა მარტო საქართველოში, არამედ ოქსფორდის ბოდლეს უნივერსიტეტისა თუ ვატიკანის ბიბლიოთეკებში.
ქალბატონ იზას თავისი მოღვაწეობის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მთავარ სამეცნიერო შედეგად მიაჩნდა ვარლამ თოფურიას და მაქსიმე ქალდანის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლის დასრულება ,,სვანური ლექსიკონის” გამოცემით (2000). 2008 წელს მან გამოსცა ვარლამ თოფურიას ,,სვანური ენის სახელმძღვანელო”, რომელიც ბატონ ვარლამ თოფურიას დაუსრულებელი დარჩა.
2007-2010 წლებში რუსთაველის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა მონუმენტური (836-გვერდიანი) მაღალაკადემიური წიგნის ,,კოდორული ქრონიკების” პუბლიკაცია. 2008 წლის აგვისტოს ცნობილ სამხედრო ბატალიებამდე, კოდორის ხეობაში მუშაობით, ი. ჩანტლაძემ და მისმა მოწაფეებმა იქაური მეტყველების ნიმუშები, შეიძლება ითქვას, გადაარჩინეს დაკარგვას, რაც აღნიშნული ნაშრომით დაგვირგვინდა; გარდა ამისა, კოლეგებთან − პროფესორებთან: ალექსანდრე ღლონტთან, ოთარ ქაჯაიასთან და ომარ მემიშიშთან ერთად მან შექმნა ,,ქართველურ ენათა მცირე ლექსიკონი” (300 გვ.), რომლის მხოლოდ კომპიუტერული ვერსია არსებობს.
იზა ჩანტლაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამორჩეული სტუდენტი, მეორე კურსიდანვე სისტემატურად კითხულობდა მოხსენებებს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე როგორც ქართველოლოგიაში, ისე ბიზანტიოლოგიაში. მოხსენებამ − ,,ბერძნიზმები სულხან-საბა ორბელიანის ,,სიტყვის კონაში“, რომელიც მან 1960 წელს წაიკითხა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტ-ორიენტალისტთა პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, დაიმსახურა რექტორის სპეციალური პრემია. იმავე წელს ქალბატონი იზა აირჩიეს თბილისის VIII მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. შემდგომშიც სისტემატურად მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყანაში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო (ECLinG), სამეცნიერო პროექტებსა და კონფერენციებში. პროფესორ ჰაინც ფენრიხთან თანაავტორობით, ქ. იენაში გამოვიდა საქართველოში ჯერჯერობით შეუსწავლელი გარდამავალი დიალექტის – ჩოლურული სვანური მეტყველების ამსახველი წიგნი ,,Tscholurswanisch-Deutsches Verbenverzeichnis” (2003). მაინის ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ლინგვისტიკის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ იოსტ გიპერტთან და დისერტანტებთან ერთად მუშაობდა ,,ზემოსვანურ მორფემულ ლექსიკონზე”, რომელსაც გამოსაცემად ამზადებენ მისი მოწაფეები. ქალბატონი იზა განსაკუთრებით ამაყობდა მის მიერ გაწეული აღმზრდელობითი მუშაობით: ის იყო 17 ასპირანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელთაგან დღეს 11 ფილოლოგიის დოქტორია. 1999 წელს ქ. თბილისში მან დააარსა სკოლა ,,აკადემოსი” (resp. ,,კაი ყმა”).
ქალბატონი იზა გამოირჩეოდა საკვირველი მეცნიერული ალღოთი, მეცნიერული კეთილსინდისიერებითა და უშრეტი ენერგიით − მას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე არ გაუგდია კალამი ხელიდან… თითქოს ჩქარობდა, ხშირად იტყოდა ხოლმე − ლიმიტირებული დრო მაქვს, უნდა მოვასწროო… მართლაც, კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, თუმცა მისი ღვაწლი იმდენად დიდია, რამდენიმე მეცნიერს ეყოფოდა მემკვიდრეობად!
იმიერში გილოცავთ, ქალბატონო იზა, იუბილეს! თქვენი საქმეებით თქვენ თვითონვე დაიდგით უკვდავების ძეგლი, ჩვენ კი, თქვენს მშობლიურ ინსტიტუტს, თქვენს კოლეგებსა და მოწაფეებს ისღა დაგვრჩენია, მადლობა შევწიროთ უფალს, რომ ქართულ ლინგვისტიკაში თქვენ არსებობდით!
თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი