თსუ-ს კურსდამთავრებულს მათემატიკურ ფიზიკაში 2025 წლის ჰეინემანის პრემია მიენიჭა
თსუ-ს კურსდამთავრებული, ირლანდიის სამეფო აკადემიის (RIA) ნამდვილი წევრი, პროფესორი სამსონ შათაშვილი მათემატიკურ ფიზიკაში ახლახანს დაჯილდოვდა დენი ჰეინემანის პრემიით, რომელიც დაარსებულია ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოებისა და ამერიკის ფიზიკის ინსტიტუტის მიერ და გაიცემა გამორჩეული პუბლიკაციებისათვის მათემატიკურ ფიზიკაში (იხილეთ https://www.aps.org/funding-recognition/prize/dannie-heineman).
სამსონ შათაშვილმა 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი სპეციალობით ,,თეორიული ფიზიკა“ და ამავე წელს ჩააბარა თსუ-ს ასპირანტურაში. მალევე იგი მიწვეულ იქნა მათემატიკური ფიზიკის დარგის მსოფლიო მასშტაბის ლიდერის, მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ლუდვიგ ფადდეევის მიერ სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილებაში. 2 წელიწადში მან უკვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (ლენინგრადის უნივერსიტეტში) და სამუშაოდ დარჩა ფადდეევის ჯგუფში. 1989 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ასევე ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ პეტერბურგი). ამ დროიდან იგი პროფესორის პოზიციაზე მუშაობდა აშშ-ში ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში, შემდგომში პრინსტონის მოწინავე კვლევების ინსტიტუტში (Institute for Advanced Studies, Princeton, USA) და იელის უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს პროფესორ სამსონ შათაშვილს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში (სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარება, ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება) შეტანილი წვლილისათვის.
სამსონ შათაშვილის კვლევითი ინტერესები ბოლო ოთხი ათწლეულის მანძილზე შეიძლება დაიყოს ექვს ძირითად მიმართულებად: კვანტური ანომალიები; უსასრულო-განზომილებიანი ჯგუფების თანაშეუღლებული (coadjoint) ორბიტები და წარმოდგენათა თეორია; ღია სიმების ველის თეორია; მანიფოლდები (მრავალსახეობები) გამონაკლისი ჰოლონომიით; სუპერსიმეტრიული კვანტური ველის თეორია; კვანტური ინტეგრირებადი სისტემები.
სამსონ შათაშვილი ამჟამად გახლავთ დუბლინის ტრინიტის კოლეჯში/ტრინიტი კოლეჯ დუბლინის (TCD) ნატურალური ფილოსოფიის საუნივერსიტეტო კათედრის გამგე – University Chair of Natural Philosophy (1847). ეს კათედრა ლორდთა პალატამ სპეციალურად შეუქმნა ჰამილტონს 1847 წელს და ასე ჰქვია დღემდე. პროფესორი სამსონ შათაშვილი, ასევე, TCD-ს ჰამილტონის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორია.
ინფორმაციისთვის: ჰეინემანის პრემია მათემატიკურ ფიზიკაში წარსულში მსოფლიო მნიშვნელობის ფიზიკოსებს ჰქონდათ მიღებული, როგორებიცაა: ნობელის პრემიის ლაურიატები – სტივენ ვეინბერგი, გერალდ ჰოფტი და ჯულიან დაისონი; ასევე ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა – სტივენ ხოუკინგი, ნიკოლაი ბოგოლუბოვი, ლუდვიგ ფადდეევი, მუეი გელლმანი, იუჯიჰირო ნამბუ, სუბრაჰამან ჩანდრასეკარი, ალექსანდრე პოლიაკოვი, ედუარდ ვიტენი, ვლადიმერ არნოლდი და სხვ.
,,ისეთი საერთაშორისო დონის მეცნიერის არსებობა, როგორიც პროფესორი სამსონ შათაშვილია, უდაოდ საამაყოა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის, განსაკუთრებით კი ფიზიკოსებისა და მათემატიკოსებისათვის, მთელი უნივერსიტეტისათვის, საქართველოსთვის და სამაგალითოა მომავალი თაობისათვის! ძალიან სასიხარულოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეძლო და ახლაც შეუძლია ისეთი მოტივირებული ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც მომავალში ასეთ წარმატებულ მეცნიერებად ყალიბდებიან! ვფიქრობთ, ბატონი სამსონის შემთხვევა არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სწორედ საქართველოში, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული განათლება არის საფუძველი შემდეგში დიდი მეცნიერული წარმატებებისა ფიზიკაში, მათემატიკასა და სხვა საბუნებისმეტყველო დარგებში!
ვუსურვებთ ბატონ სამსონს ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას და კიდევ მრავალ წარმატებას მეცნიერების ამ ურთულეს სფეროში!“ – აღნიშნა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა პეტრე ბაბილუამ.
ვრცელი ინტერვიუ სამსონ შათაშვილთან იხილეთ (https://www.ria.ie/blog/samson-shatashvili-mria-theoretical-and-mathematical-physicist/), რომელიც გამოქვეყნდა ირლანდიის სამეცნიერო აკადემიის მიერ 2024 წლის 17 ოქტომბერს.
მასალა მოამზადეს: თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა პეტრე ბაბილუამ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორმა თეიმურაზ ნადარეიშვილმა.