ჯაბა სამუშიამ ინოვაციური კვლევის ავტორ სტუდენტებს მხარდაჭერა აღუთქვა
თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში თსუ-ს სტუდენტების მიერ შექმნილი პროდუქცია დაათვალიერა, FabLab-სა და დრონების ლაბორატორიაში მიმდინარე საქმიანობას გაეცნო და ინოვაციური კვლევის ავტორ სტუდენტებს შეხვდა.
თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა საკუთარი კვლევის „ოპტიკური სპექტროსკოპიის სამედიცინო და ეკოლოგიური გამოყენება“ პრეზენტაცია წარადგინეს, რომელსაც ფიზიკური პროცესების მოდელირების სასწავლო ლაბორატორიის ბაზაზე აწარმოებენ.
„ჩვენი სტარტაპ იდეა მოიცავს კვლევას, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოპტიკური სპექტროსკოპიის გამოყენებით. ზოგადად, ოპტიკური სპექტროსკოპია აქტიურად გამოიყენება სამედიცინო სფეროში, თუმცა, ჩვენ მიერ შემუშავებულ ოპტიკური მხარ-გოჯის ინდექსს არ აქვს ანალოგი მსოფლიოში. მეთოდი არის სწრაფი და არაინვაზიური. ამ მეთოდის გამოყენება ასევე შესაძლებელია ეკოლოგიაში და სხვა მრავალ სფეროში“, – აღნიშნა თსუ-ს სტუდენტმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ლუკა წულუკიძემ.
თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, ფიზიკური პროცესების მოდელირების სასწავლო ლაბორატორიას ახალი კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემა, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდა მკვლევრები შეძლებენ მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას. „უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სამეცნიერო კვლევაში ჩართვა და მათი წახალისება. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ ინოვაციურ სამეცნიერო იდეებს და ხელი შევუწყოთ მათ მონაწილეობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.