თსუ-ს ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ახალი შეთავაზებები სტუდენტებს
თსუ-ს ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას გეგმავს და მომდევნო სემესტრიდან სტუდენტებს შესთავაზებს ახალი ტექნიკური ბაზით გაუმჯობესებულ და გამრავალფეროვნებულ მომსახურებას. ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე 10 წელია, რაც წარმატებით ფუნქციონირებს.
,,ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით… კერძოდ, ცენტრის მიზნებია: განავითაროს უნივერსიტეტის სტარტაპ, სამეწარმეო და სამეცნიერო დარგის ეკოსისტემები და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში; რაც შეიძლება მეტი სტუდენტი და მკვლევარი დააინტერესოს ინოვაციური საქმიანობით; აღმოაჩინოს ინოვაციური იდეების ავტორები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში; თითოეულ მეცნიერს მისცეს შესაძლებლობა – განივითაროს საჭირო სამეწარმეო და სტარტაპ უნარები და დაეხმაროს მათი საქმიანობის განხორციელებასა და განვითარებაში.
სტარტაპ, სამეწარმეო და სამეცნიერო დარგის ეკოსისტემის განვითარებისთვის ცენტრის მიზანია ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, როგორებიცაა: ცოდნის გადაცემა ტრენინგებისა და ლექცია-სემინარების საშუალებით; ინოვაციური იდეების მუდმივი სტიმულირება სხვადასხვა ტექნოლოგიური აქტივობების მეშვეობით (Hackathon, Makathon, Startup Weekend, Ideathon,Techathon და სხვ.); ასევე მეცნიერების პოპულარიზაცია; სხვადასსხვა ტიპის კონსულტაციების/მენტორინგის გაწევა იდეის ავტორებისა და მკვლევრებისთვის შემდგომ კომერციალიზაციაში მხარდაჭერის მიზნით; იდეების განხორციელების მხარდამჭერი მექანიზმების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის უწყვეტი განვითარება“, – ამბობს თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი, ისტორიის მიმართულების დოქტორანტი პავლე ჯაგუნავა.
სტარტაპ იდეები და განხორციელების გზები
უნივერსიტეტში ცენტრის საქმიანობით დაინტერესება საკმაოდ მაღალია. მთავარი ინტერესი იმ სტუდენტებისგან მოდის, რომლებსაც სტარტაპ იდეები გააჩნიათ და ეძებენ მათი განხორციელების გზებს. ასევე დაინტერესება არის ფაბ-ლაბის მიმართულებით, რასაც დიდწილად განაპირობებს უნივერსიტეტში სამეწარმეო სასწავლო კურსების არსებობა. ,,კურსების ფარგლებში სტუდენტები ფაბ-ლაბში კონკრეტულ პროტოტიპებს და პროდუქტს ქმნიან. ცენტრის საქმიანობით დაინტერესებულია ასევე კერძო სექტორიც, რომელთაც გარკვეულ მომსახურეობას ვთავაზობთ – იქნება ეს სარეკლამო თუ სხვა სახის მომსახურეობა“, – აღნიშნავს ცენტრის ხელმძღვანელი.
ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ცენტრის ბაზაზე შეიქმნა მეწარმეთა ჰაბი, სადაც დაინტერესებულ პირებს სასწავლო კურსების ფარგლებში ასწავლიან სხვადასხვა პროფესიებს, მაგალითად: ვებ დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, სოც.მედიის მართვა და ა.შ. ცენტრში ყოველწლიურად ტარდება ვორქშოპები, საჯარო ლექციები, შეხვედრები სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან.
სერვისების კომერციალიზაციის იდეა
,,საქმიანობის ეფექტურობის ზრდისათვის საჭიროა ცენტრის, ფაბ-ლაბისა და დრონების ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობის განახლება და გადახალისება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ ბოლო თვეების განმავლობაში. აღნიშნული საკითხის მოგვარება საშუალებას მოგვცემს – მოხდეს სერვისების დახვეწა როგორც შიდა საუნივერსიტეტო მოხმარებისათვის, ასევე, მიმზიდველი გავხდეთ გარე პარტნიორებისათვის და კერძო სექტორისათვის. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სერვისების კომერციალიზაციას გარე სექტორისათვის და ,,ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი” გახდება უნივერსიტეტისათვის ფინანსური შესაძლებლობების შემომტანი ერთეული, ისე, როგორც ეს პრაქტიკა არის დანერგილი უცხო ქვეყნის მრავალ უნივერსიტეტში“, – აღნიშნავს პავლე ჯაგუნავა.
ცენტრს დაგეგმილი აქვს დრონების ლაბორატორიის სრული განახლება და ამ მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტრენერებთან ერთად სასწავლო კურსების შეთავაზება დაინტერესებული სტუდენტებისათვის.
,,ამ კურსებზე სტუდენტები შეისწავლიან დრონების მართვისა და მოხმარების როგორც პროგრამულ/თეორიულ უნარ-ჩვევებს, ასევე პრაქტიკულად მათ დაშლა/აწყობას და მართვას.
ფაბ-ლაბი განახლებული ტექნიკით მოემსახურება ახალგაზრდა მეწარმეებს და დავეხმარებით მათი იდეების ხორცშესხმას. ცენტრი ტრადიციულად შესთავაზებს სტუდენტებს სხვადასხვა ტრენინგ-კურსებს, აქტიურად ვიმუშავებთ სტარტაპებთან. ამ სემესტრში იგეგმება ჰაკათონისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ რამოდენიმე უცხოურ ორგანიზაციასთან საერთაშორისო პარტნიორობის გასაფორმებლად და სამომავლო საერთო პროექტების დასაგეგმად“, – ასეთია ხელმძღვანელის სამომავლო ხედვები.
ცენტრი მდებარეობს თსუ-ს მე-10 (მაღლივი) კორპუსში.