ნინო თოდუა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიატია

თარიღი: 2024-11-07 19:45:10

„ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი ,,ექიმობანას“, ჩემი პაციენტები კი თოჯინები და ფუმფულა დათუნიები იყვნენ. სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლა ყოველთვის უდიდეს გმირობად მიმაჩნდა. მართალია, გავიზარდე, მაგრამ ექიმები ჩემთვის დღესაც თეთრხალათიანი სუპერგმირები არიან, რომლებიც მუდმივად დგანან სხვისი ჯანმთელობის სადარაჯოზე“, –   აღნიშნავს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი  ნინო თოდუა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია მოიპოვა.

აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია ყოველწლიურად ენიჭება უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ერთ სტუდენტს, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, ასევე, აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში.

„ყოველთვის მიტაცებდა ახალ გარემოებებთან ჭიდილი და საკუთარი თავის გამოცდა. ასეთ შესაძლებლობად ჩავთვალე ჩვენი ღირსეული მამულიშვილის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოპოვება. დავდექი ახალი გამოწვევის წინაშე, რამაც საბედნიეროდ გაამართლა. გარდა ამისა, სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული სტიპენდია გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსისა და დიპლომატის – აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობის პოპულარიზებას ემსახურება. ჩემთვის ამ სტიპენდიის მოპოვება უდიდესი პატივი და მოტივაციაა. მახარებს იმის გააზრება, რომ ჩემი შრომა ფასდება“, – ასე ფიქრობს ნინო,  ვისთვისაც   ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწორედ ამიტომაც გააკეთა აბიტურიენტობისას  ასეთი არჩევანი…

„ვამაყობ, რომ თსუ-ს სტუდენტი ვარ. მახარებს ის ფაქტი, რომ  ასეთ წარმატებულ ექიმებთან, პროფესორ-მასწავლებლენთან ურთიერთობის შესაძლებლობა მაქვს. რა თქმა უნდა, მყავს ჩემი ფავორიტი პროფესორები, რომელთა ლექციებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემს მეხსიერებაში. ბედნიერი ვარ, რომ მქონდა მათ ლექციებზე დასწრების, მათი გამოცდილების გაზიარების და მათთან კომუნიკაციის საშუალება“, – აცხადებს ნინო, რომელიც სამომავლოდ აპირებს როგორც პრაქტიკული, ასევე  სამეცნიერო მიმართულებით განვითარებას.

„მიმაჩნია, რომ კარგი ექიმი თავის მხრივ სამეცნიერო კუთხითაც უნდა ვითარდებოდეს და ჰქონდეს სიახლეების ძიების სურვილი. სხვა შემთხვევაში ის ვერ მოახერხებს მუდმივად განახლებადი სამედიცინო სფეროსთვის ფეხის აწყობას“, – ასეთია აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიატის ნინო თოდუას პრინციპი,  რომელიც მამასთან, თსუ-ს პროფესორ ნუგზარ თოდუასთან ერთად ღირსეულად აგრძელებს თავისი მიზნების ერთგულებას  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში.

Facebook
Twitter
LinkedIn