თურქული ენის საზაფხულო ბანაკი

თარიღი: 2024-11-04 19:15:14

თურქოლოგიის კათედრის ეგიდით სვანეთში, დაბა მესტიაში მოეწყო თურქული ენის საზაფხულო ბანაკი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო როგორც შემეცნებითი ნაწილი, ისე კულტურული პროგრამა. მიზანი, რომელსაც ემსახურებოდა თურქული ენის საზაფხულო ბანაკი, იყო თურქოლოგიის პროგრამის სტუდენტებს გაეუმჯობესებინათ პრაქტიკული თურქული ენის ცოდნა და უკეთ გაეცნოთ თურქული კულტურა, ისტორია, ეთნოგრაფია.

5 დღის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს ქართველი და თურქი პროფესორების მიერ წაკითხული ლექციები თემებზე: დედე ქორქუთის წიგნი;  თურქეთელი ქართველების ევროპული დიასპორა: თურქების უძველესი რელიგიები;  კონცეპტ  „სამშობლოს“ გამოხატვის  ხერხები თურქულში; ლეილა და მეჯნუნი. სემინარების პარალელურად დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში  მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება – დასწრებოდნენ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს, დაეთვალიერებინათ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები,  დაეგემოვნებინათ  სვანური კერძები, მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ დუელებში, რომელიც ეწყობოდა ქართველ და თურქ მონაწილეებს შორის. ბანაკის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

აღნიშნული პროექტის იდეის ავტორის და ორგანიზატორის, თსუ-ს ასოცირებული პროფესორის, თურქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების  ხელმძღვანელის ელისაბედ ბჟალავას განცხადებით, არსებობს დიდი სურვილი, რომ ამ ღონისძიებამ მიიღოს სისტემატური სახე. სამომავლოდ დაგეგმილია  თურქეთის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიურ კათედრებთან თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანს გახდის ბანაკის პროგრამას.

,,პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო მშობლიური უნივერსიტეტის –  თსუ-ს მხარდაჭერა, რისთვისაც მთელი ჯგუფის  სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა საღინაძეს და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ დარეჯან თვალთვაძეს; ასევე, პროექტში ჩართულ ლექტორებს უანგაროდ გაწეული თანამშრომლობისათვის:  ფილოლოგიის დოქტორებს მზისა ბუსკივაძეს, ქადრიე ალქან ჰაირს, სალიჰ უჩაქს და ისტორიის დოქტორ ნინო ოქროსცვარიძეს; და, რაღა თქმა უნდა, ჩვენს არაჩვეულებრივ სტუდენტებს“, – ამბობს ელისაბედ ბჟალავა.

Facebook
Twitter
LinkedIn