,,Erasmus +“-ის გამოცდილება ნამდვილად იმაზე შთამბეჭდავი გამოდგა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი“
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტისთვის მარიამ ბერიძისთვის, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სლოვაკეთში გატარებული პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. იგი მატეი ბელის უნივერსიტეტში ერთი სემესტრი სწავლობდა.
,,საუნივერსიტეტო სწავლება ორიენტირებული იყო ევროკავშირის სამართალზე. ლექცია-სემინარებზე ხშირად განვიხილავდით კანონმდებლობის თანხვედრის პროცესებს. თანამედროვე რეალობა და ქართული პერსპექტივა კი ყოველივე ამას განსაკუთრებულ ინტერესს სძენდა. აკადემიური გამოცდილების პარალელურად, საზღვარგარეთ ყოფნამ ხელი შეუწყო ჩემი სოციალური უნარების გაუმჯობესებას. საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობამ, სხვადასხვა კულტურასა და მენტალიტეტთან შეხებამ გამიძლიერა მიმღებლობისა და ადაპტაციის უნარი. ამასთან, აქტიურად ვმოგზაურობდი ევროპაში; უკეთ გავიცანი სხვა ქვეყნების კულტურა, ისტორია და ტრადიციები. ბუნებრივია, უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში, უცნობ ადამიანებთან ყოფნას თან ახლდა გარკვეული სირთულეები, რამაც შემდგომში სტრესთან გამკლავება მასწავლა. ეს იყო სირთულეები, რამაც უფრო დამოუკიდებელ, თავისუფალ, ძლიერ პიროვნებად მაქცია.
გასულ სემესტრზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. განსაკუთრებულ, განსხვავებულ, ბედნიერ მოგონებებს მუდამ ვიხსენებ, თუმცა ვერა და ვერ ვწურავ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ,,Erasmus +“-ის გამოცდილება ნამდვილად იმაზე შთამბეჭდავი გამოდგა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი“, – ამბობს მარიამი.
მარიამ ბერიძე თსუ-ს ემადლიერება, რომ ამ უნივერსიტეტმა მას საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა მისცა. ასევე, მარიამს არ ავიწყდება – რა გამოცდილება შესძინა მან იურიდიულმა ფაკულტეტმა, რომელიც საქართველოში პირველია.
,,პირველ რიგში, თსუ-ში მიღებულმა განათლებამ ჩამომიყალიბა კრიტიკული აზროვნების უნარები. სხვადასხვა სამართლებრივი დისციპლინის სწავლის დროს ლექტორ-სემინარისტების პროფესიონალიზმმა და მათმა მიდგომებმა შემიქმნა სივრცე, სადაც განვითარება და ანალიტიკური უნარების გაღრმავება შესაძლებელი გახდა. დისკუსიებზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდები და პრაქტიკული ქეისების ანალიზი წარმატებულ იურისტად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. გარდა ამისა, თსუ-ს ბაზაზე არსებული სხვადასხვა პროექტი, დებატების ტურნირები და სტუდენტური კონფერენციები დამეხმარა უფრო ფართოდ ჩავრთულიყავი სამართლებრივ სფეროში და გამეღრმავებინა ინტერესები. მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად, თსუ-მ გამომიმუშავა სტრესთან გამკლავებისა და მოთმინების უნარი; დამაკავშირა ჩემი ინტერესების გამზიარებელ ადამიანებთან, მეგობრებთან და მომავალ კოლეგებთან“, – აღნიშნავს მარიამ ბერიძე.
მარიამი თსუ-ში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს: ,,ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამჯერად გამოვყოფდი პრაქტიკული სწავლების ნაკლებობას. მრავლად იმართება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება თუ აქტივობა, თუმცა, უკეთესი იქნებოდა, თუ ისინი მოერგებოდა კონკრეტული საგნის სპეციფიკას და თეორიული სწავლების პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მოგვცემდა.
რაც შეეხება უშუალოდ გაცვლითი პროგრამის დროს არსებულ პრობლემებს, ჩემი და სლოვაკეთში მყოფი სხვა ქართველი სტუდენტების ძირითად სირთულეს წარმოადგენდა ვიზის აღება და უნივერსიტეტში შესაბამისი საგნების არჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან ხარვეზის გამო). ყოველივე ამან საგრძნობლად გაართულა გაცვლითი პროგრამის პერიოდის დასაწყისი. თსუ-ს მხრიდან მეტი ჩართულობა ამ პროცესს ბევრად გაამარტივებდა. ამდენად, უკეთესი იქნება, თუ ერთ ქვეყანაში წასულ სტუდენტებს ეყოლებათ ხელმძღვანელი, რომელიც დაეხმარება მსგავსი საკითხების მოგვარებაში“.