2023-2024 წლებში ქართულ-ბიზანტიური კავშირის შესახებ  ორტომეული გამოიცა

თარიღი: 2024-10-28 18:07:19

2023-2024 წლებში, ბიზანტინისტიკის კათედრის ინიციატივით და მისი პროფესურის  ძალისხმევით, დაიწერა ქართულ-ბიზანტიური მრავალსაუკუნოვანი კავშირების ამსახველი სტატიების ორტომეული ,,ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები (IV-XV საუკუნეები)”. კრებული-კომპენდიუმი მოიცავს 14 ავტორის მიერ დაწერილ 29 სტატიას, რომელიც გამოიცა ბიზანტინისტიკის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ თინა დოლიძის რედაქტორობით. კრებულზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. ავტორთა უმეტესობა ჩვენს სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილი მკვლევრები არიან. 

ორტომეული განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიითა და კულტურით არის დაინტერესებული. სტატიებს თან ახლავს მრავალრიცხოვანი ილუსტრაციები, მოკლე ინგლისურენოვანი რეზიუმე (4 გვ.) და სახელთა საძიებელი.

პუბლიკაცია განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრისა და საბერძნეთიდან დაფინანსებული აკადემიური პროგრამის „დიონისიოს ვარელასი ბიზანტინისტიკის განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით. თავდაპირველად შეკვეთა შედარებით მცირე ფორმატის წიგნს გულისხმობდა.  „მცირე მოცულობის წიგნში ასახული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ისტორიული კავშირები ჩვენსა და ბიზანტიას შორის, მაგრამ შემდგომ ვითხოვეთ ცოტა მეტი დრო და მაქსიმალურად ვეცადეთ ყველა სფერო მოგვეცვა და კრებული უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო“, – ამბობს რედაქტორი.

კრებულის სიახლე, უპირველეს ყოვლისა,  მის სისტემატურობაშია. ის წარმოადგენს კომპენდიუმს, რომელშიც  პირველადაა თავმოყრილი და სისტემატურად წარმოდგენილი ქართულ-ბიზანტიური კავშირების ამსახველი ყველა  სფერო   –  წიგნში შესულია სახელმწიფოსა და ეკლესიის ისტორია, განათლება, მწერლობის დარგები, საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აზროვნება, სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა. „კრებულში შემავალი სტატიები, უპირველეს ყოვლისა, ენციკლოპედიურ-ინფორმაციული ხასიათისაა, მაგრამ ეს  მიზანმიმართულება არ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს მათში კვლევითი კომპონენტის არსებობას და მასალისადმი კონცეფციურ მიდგომას…“ – აღნიშნავს პროფესორი თინა დოლიძე.

კომპენდიუმის პირველი ტომი  ეძღვნება ქართულ-ბიზანტიურ ურთიერთობებს  ისტორიისა და განათლების სფეროში. აქ წარმოდგენილია  სახელმწიფოს და  ეკლესიის  ისტორია,  წერილები ქართული სასულიერო-მწიგნობრული კერების შესახებ  საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.  ორი წერილი ეხება  სასკოლო და ინდივიდუალურ განათლებას, რომელთაგან ერთი გვაცნობს ელინურ-წარმართულ სასკოლო პაიდეიას  III-IV სს-ის საქართველოში, მეორე კი – ქრისტიანული განათლების ფორმებს  შუა საუკუნეების ქართულ ტრადიციაში.  

მეორე ტომი ეთმობა მწერლობის დარგებს, ბიზანტიურ-ქართულ საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურ აზრს (იოანე პეტრიწი, შოთა რუსთაველი)  და შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებას. კორნელი კეკელიძის ფუძემდებლურ ნაშრომში -„ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“ – განხილული საეკლესიო მწერლობის  დარგების გვერდით, მკითხველი  პირველად გაეცნობა სტატიებს ისტორიოგრაფიის, საერო სამართლის და ასტრონომია-ასტროლოგიის შესახებ.  ხელოვნების ნაწილში განხილულია შუა საუკუნეების ფრესკული ხელოვნებისა და არქიტექტურის საკითხები, რომელთა  თვალსაჩინოებისთვის წერილს ერთვის არტეფაქტთა  მრავალრიცხოვანი ილუსტრაცია.

კომპენდიუმი სრულდება შემაჯამებელი ბოლოსიტყვით „იდენტობა ბიზანტიურ კონტექსტში“ (ავტორი – თ. დოლიძე). დიდწილად არსებულ კვლევებზე დაყრდნობით შედგენილი მიმოხილვა უღრმავდება ისტორიულ-კულტურული რიგის საკითხს, თუ რა სულიერ-ინტელექტუალური გამოხმაურება ჰპოვა ქართულ სინამდვილეში ბიზანტიურ კულტურასთან შეხვედრამ, რა სახე მიიღო ამ ფენომენმა ქართულ ნიადაგზე და როგორ აღმოცენდა ამ პროდუქტიული სინთეზიდან შუა საუკუნეების ინდივიდუალობით აღბეჭდილი ქართული მართლმადიდებლური კულტურა. მოცემულ წერილში, ისევე როგორც მთელ კრებულში, გატარებულია აზრი, რომ ქართველი ხალხის ისტორიაში არ ყოფილა კულტურულად უფრო ნაყოფიერი ეპოქა, ვიდრე ქართული კულტურული იდენტობის უშუალო კავშირი ბიზანტიის მართლმადიდებლურ კულტურასთან.

„თუ ერი არ იკვლევს თავის ისტორიას და კულტურას, მისი ეროვნული იდენტობაც იკარგება…“, – ამბობს ინტერვიუში პროფესორი თინა დოლიძე. სწორედ ამ მთავარ იდეას ემსახურება ორტომეულის შექმნაც

ქართული ჰუმანიტარული მეცნიერება კვლევით-საგანმანათლებლო დანიშნულების ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაკლებობას განიცდის. ახლადგამოცემული კრებული-კომპენდიუმი „ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები (IV-XV საუკუნეები)“ მნიშვნელოვნად ავსებს ამ ხარვეზს. მისი ორმაგი – სამეცნიერო და საგანმანათლებლო დანიშნულება მკითხველთა ფართო წრეების ინტერესებს პასუხობს და ქართული მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს.  

მარიამ ტყემალაძე

თუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

               ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულება

Facebook
Twitter
LinkedIn