შორეული აღმოსავლეთი: წარსული, აწმყო და სამომავლო პერსპექტივები – კონფერენცია თსუ-ში

თარიღი: 2024-10-24 18:27:13

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის მიმართულების (მიმართულება ორ საბაკალავრო პროგრამას მოიცავს – იაპონისტიკას და სინოლოგიას) ორგანიზებით  VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ,,შორეული აღმოსავლეთი – წარსული, აწმყო და სამომავლო პერსპექტივები“ –  გაიმართა.

მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ნანა გელაშვილის ინფორმაციით, კონფერენციის თემატიკა, ტრადიციულად, მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: შორეული აღმოსავლეთი და საქართველო, ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, საერთაშორისო ურთიერთობები, მასმედია, მეცნიერება და ტექნოლოგია, ეკონომიკა, კულტურა და სხვა  საკითხები.

„წლევანდელი კონფერენცია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა იმ კუთხით, რომ პირველად ტარდება მას შემდეგ,  რაც შორეული აღმოსავლეთის მიმართულების დამატებითმა პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და მიენიჭა ძირითადი საბაკალავრო საგანმანათლებლო სტატუსი ორი სპეციალობით – სინოლოგია და იაპონისტიკა… ამ პერიოდში ჩვენს მიმართულებაზე ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა:  ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების მიერ, რომლებმაც სტაჟირება ჩინეთის და იაპონიის უმაღლეს სასწავლებლებში გაიარეს, ითარგმნება იაპონური და ჩინური ლიტერატურა ქართულ ენაზე და სხვა საინტერესო მასალები.  გვეამაყება, რომ დღეს ისინი წარმატებულად აგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას. აღსანიშნავია ასევე, რომ ქართულ ენაზე გამოვეცით „ჩინეთის ისტორია“, „ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები“ და სხვა სამეცნიერო პუბლიკაციები, რაც  დაინტერესებულ ქართველ მკითხველსა და სტუდენტებს  დახმარებას გაუწევს შორეული აღმოსავლეთის რეგიონის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში. საგანგებო აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ წლევანდელ  ჩვენს კონფერენციაში ქართველ პროფესორებთან ერთად მონაწილეობას იღებენ იაპონელი ქართველოლოგები: ჰიროტაკე მაედა და რიოსეი სუგინაკა, ასევე, სამხრეთ კორეის ფილოსოფიის დოქტორი ქ-ნი ჯინიონგ სეო.

თსუ-ს იაპონური ენის მოწვეული ლექტორის რიოსეის თქმით, მისთვის ამ კონფერენციაში მონაწილეობა საპასუხისმგებლო და  მნიშვნელოვანია. „ჩემი მოხსენების თემაა: „საქართველოში სტუდენტების მოლოდინები იაპონური ენის სწავლების მიმართ  – საპილოტე BALLI კვლევა თბილისის სამ უნივერსიტეტში“.  ჩემთვის, როგორც სხვა ენის და კულტურის წარმომადგენლისთვის, საინტერესოა ქართველი სტუდენტების აზრი იაპონური ენის მიმართ, თუ რამდენად რთულია მათთვის ამ ენის შესწავლა, რა სირთულეების გადალახვა უწევთ და სხვა. მეშვიდე წელია საქართველოში ვარ და მეც დიდ გამოცდილებას ვიღებ ქართული ენის შესწავლის კუთხით“, – ამბობს რიოსეი სუგინაკა.

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს თსუ-ს პროფესორებმა და მოწვეულმა ლექტორებმა: თათია მემარნიშვილმა, რუსუდან ნიშნიანიძემ, ნანა გელაშვილმა, თეონა გელაშვილმა, სოფიო გუგუნავამ, მარიკა მშვილდაძემ, ანნა  მახარაძემ, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა ჯიბლაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ჯაბა მესხიშვილმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა იზოლდა ბელთაძემ და დავით ანდღულაძემ.

Facebook
Twitter
LinkedIn