დონალდ რეიფილდი: „მიხარია, რომ ქართველოლოგიაში ბრილიანტი თაობა მოდის“

თარიღი: 2024-10-22 19:07:28

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 11-13 ოქტომბერს, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. სიმპოზიუმში – „ქართველოლოგიური კვლევები: ისტორია, თანამედროვეობა, პერსპექტივები“ – ქართველ მკვლევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები გერმანიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, შვეიცარიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან.

სამეცნიერო ფორუმი გახსნა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ სიმპოზიუმის ფორმატი გამორჩეულია, ვინაიდან, ახალგაზრდა მეცნიერებთან ერთად, მოხსენებებს კითხულობენ უფროსი თაობის მეცნიერები. მისი თქმით, ეს არის ორ თაობას შორის ხიდი და შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდამ მეცნიერებაში გადადგას პირველი ნაბიჯები და უფროს კოლეგებთან ერთად საინტერესო სამეცნიერო მიგნებები ჰქონდეს. რექტორმა ასევე ისაუბრა რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალებსა და სამეცნიერო ჟურნალების დაფინანსების პროგრამაზე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში განახორციელებს. „საერთაშორისო ბაზებში ასახული სამეცნიერო ჟურნალები – ეს პრიორიტეტი თითოეული თქვენგანის სამეცნიერო წინსვლას და მსოფლიო დონეზე ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს. თავის მხრივ, ეს გაზრდის ქართველოლოგიის და ჰუმანიტარიის მიმართულების საერთაშორისო ცნობადობას“, – განაცხადა მან.

სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, რომელმაც სამეცნიერო ფორუმში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა მეცნიერებს: „ამ სიმპოზიუმს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ბევრი კონფერენცია და სიმპოზიუმი იმართება უნივერსიტეტში, მაგრამ ეს გამორჩეულია იმით, რომ ფოკუსირებულია მომავალზე, ახალგაზრდა მეცნიერებზე, დოქტორანტებზე, იმ ხალხზე, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს მეცნიერებაში. სიმპოზიუმზე კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი თაობათა კავშირს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებაში. მისი სახელწოდებაც  – „ქართველოლოგიური კვლევები: ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები“ – სწორედ ამაზეა გათვლილი, რომ ჩვენ საიდანღაც მოვდივართ, სადღაც ვართ და აუცილებლად წავალთ წინ“, – აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

ახალგაზრდა მეცნიერებისთვის სტიმული იყო აკადემიკოს მზექალა შანიძის მიმართვა, რომელმაც სიმპოზიუმის გახსნით ნაწილზე ისაუბრა იმ დიდ წერილობით ისტორიაზე, რომელიც საქართველოს და ქართულ მწიგნობრობას გააჩნია. მან განსაკუთრებით აღნიშნა მთარგმნელობითი საქმიანობის როლი ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ლინგვისტური მეცნიერების განვითარებაში.

სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ, ასევე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი და თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ქართული ენის ინსტიტუტის ხელმძღვანელი რამაზ ქურდაძე, რომელმაც განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ წლევანდელ  სიმპოზიუმზე პრიორიტეტული იყო ქართველური ენების და, ზოგადად, ქართველოლოგიის საკითხები. „მნიშვნელოვანია, რომ ქართველური ენების მიმართ დღესაც დიდ ინტერესს იჩენენ როგორც ჩვენში, ასევე, უცხოეთში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით საინტერესო მოხსენებებს მოვისმენთ“, – აღნიშნა რამაზ ქურდაძემ.

გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა თანდაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში თაობათა შორის კავშირების  აუცილებლობასა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამკვლევრო გამოცდილების დაგროვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ფრანკფურტის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 20-წლიანი თანამშრომლობა ქართველოლოგიის დარგში ამ გამოცდილებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობების განმტკიცების კარგი მაგალითია. „გასულ წელს  ფრანკფურტში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი კავკასიოლოგიაში. ამ სიმპოზიუმზე 11 ქართველი დოქტორანტი მონაწილეობდა. სწორედ მათზე თქვა ცნობილმა  მეცნიერმა დონალდ რეიფილდმა: „მიხარია, რომ ქართველოლოგიაში ბრილიანტი თაობა მოდის“.

წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში 22 სტუდენტი სწავლობს ქართულ ენას

სიმპოზიუმის მონაწილეებს მიმართეს, ასევე, შვედეთის მალმეს უნივერსიტეტის კულტურისა და საზოგადოების ფაკულტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების პროფესორმა კარინა ვამლინგმა და ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართული კვლევების პროგრამის დირექტორმა ნათია ჭანკვეტაძემ, რომელმაც აუდიტორიას მოკლედ გააცნო პროგრამის საქმიანობის ნაწილი: „ჩვენი პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტში მიზნად ისახავს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაციას. პროგრამა მხარდაჭერილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. ჩვენ კვლევებს ვატარებთ რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, ქართული დიასპორის განვითარების, ასევე, ისტორიისა და მეხსიერების შესახებ. ვახორციელებთ გაცვლით პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ – საქართველოში ჩამოვიდნენ და ქართველ სტუდენტებთან და პროფესორებთან ითანამშრომლონ. ასევე შეუძლიათ ქართველ სტუდენტებსა და პროფესორებს ჰარვარდში ჩასვლა და იქაურ პროფესურასთან თანამშრომლობა. ჩვენ ვახორციელებთ კულტურულ პროგრამებსაც – ვაწყობთ ქართველი მხატვრების გამოფენებს, ქართული ფილმების ჩვენებას და სხვ. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში 22 სტუდენტი სწავლობს ქართულ ენას“, – აღნიშნა ნათია ჭანკვეტაძემ.

                                                     ჟურნალების პრეზენტაცია 

აღსანიშნავია, რომ ამავე სხდომაზე გაიმართა ორი სამეცნიერო ჟურნალის პრეზენტაცია,  მათგან ერთი – ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმის ბაზაზე დაფუძნებული რეცენზირებადი ორენოვანი ჟურნალი „TSU-ti“ წარადგინა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა, ხოლო მეორე – დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ორენოვანი საერთაშორისო ახალგაზრდული სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინ ჟურნალი „მილენიუმი /Millennium“ – პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.

სიმპოზიუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს გამოფენა: „ქართული ენის ინსტიტუტის ისტორია“.

სიმპოზიუმზე რამდენიმე სესიის ფარგლებში (ენათმეცნიერება, ენა, მწერალი და ციფრული ეპოქა, ისტორია, ინტერდისციპლინური კვლევები, ციფრული ჰუმანიტარიისა და თარგმანის საკითხები, ლიტერატურათმცოდნეობა) 60-მდე მოხსენება იქნა წარდგენილი.

                                         ახალგაზრდა მეცნიერების გამოხმაურება

ახალგაზრდა მეცნიერებმა ჩვენთან საუბარში სიმპოზიუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს არის დიდი ხელშეწყობა მეცნიერების განვითარების კუთხით.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი თეა ქამუშაძე სიმპოზიუმის მუშაობაში  საწყის ეტაპზევე ჩაერთო და დღეს კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის კვლევების წარსადგენად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა გახდა: „მინდოდა, რა გამოცდილებაც მივიღე საზღვარგარეთ, აქაც გადმომეტანა. ჩართული ვიყავი საორგანიზაციო პროცესებშიც. ახლა მახსენდება, რომ მაშინ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ლოგოზე. მინდოდა აბრევიატურა ყოფილიყო ამ ლოგოში ასახული, რადგან მიმაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ვიზუალური მხარეც. ასევე ძალიან გვინდოდა, დისკუსანტის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომ გამომსვლელი მზად ყოფილიყო კითხვა-პასუხისა და დისკუსიისთვის. ჩვენი მიზანი იყო – ეს სიმპოზიუმი გამხდარიყო მაღალი დონის, ხარიხსიანი და ანგარიშგასაწევი სამეცნიერო საზოგადოებაში. მიხარია, რომ ასეც გამოვიდა. რაც შეეხება ჟურნალს, ამ იდეის ავტორი იყო ეკა ნავროზაშვილი. მისი სახელი – „წუთი“ („TSU-ti“), რომლის იდეაც საუბარში გაჩნდა, სიმბოლურად  გამოხატავს დროს“, – გვითხრა მან.

ანა მამუკაშვილმა (ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი), რომელმაც სიმპოზიუმზე წარმოადგინა მოხსენება „ქართული ზრდილობითი ლექსიკის სწავლების რამდენიმე ასპექტი (მობოდიუსების ლექსიკური ფორმულები)“, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეკრებებზე ხდება კვლევების გაცნობა, მეცნიერთა ერთმანეთთან დაახლოება, იდეების გაცვლა-გამოცვლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილებასაც იღებ და კიდევ უფრო ღრმად ინტერესდები საკვლევი თემატიკით.

საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ქიტოშვილმა, რომელმაც წარადგინა მოხსენება „ბიბლიური ტოპონიმების შესწავლის მნიშვნელობა ქართველთა ისტორიული ცოდნა-წარმოდგენების გასაცნობად“, აღნიშნა, რომ   ამ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრობა დიდი პატივია, რადგან მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასევე, უცხოელმა მეცნიერებმა. მისი თქმით, სიმპოზიუმის მაღალი სამეცნიერო დონე   სწორედ იმან განაპირობა, რომ აქ ერთ ტრიბუნასთან იდგნენ ცნობილი მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები. აქ დაწყებული სამეცნიერო ურთიერთობები კი მომავალში აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს.

Facebook
Twitter
LinkedIn