უნივერსიტეტელი ალექსანდრე ქართველიშვილი „წიგნების თაროს“ XI სტუდენტური სეზონის ფინალისტია
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი სანდრო ქართველიშვილი წარმატებული ახალგაზრდული პროექტის – „წიგნების თაროს“ XI სტუდენტური სეზონის ფინალისტია. იგი მეორედ იღებს მონაწილეობას პროექტში. აღსანიშნავია, რომ წინა მცდელობისას ფინალში, ე.წ. ბლიცის რაუნდამდე, მისი გუნდი „ეიაფიალაიოკული“ ლიდერობდა, მაგრამ ბოლო წამებში ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. „საკმაოდ მტკივნეული გამოცდილება იყო წინა სეზონი, რადგან მიზანთან ასე ახლოს ვიყავით და ბოლოს მაინც მოულოდნელი მარცხი ვიგემეთ, მაგრამ, მიუხედავად ამ წაგებისა, მე და ალექსიმ იმ დღესვე მოვილაპარაკეთ, რომ მომდევნო სეზონშიც აუცილებლად გავიდოდით და ბედს ვცდიდით“, – ამბობს სანდრო ქართველიშვილი.
სანდროს დებიუტი „წიგნების თაროში“ 2023 წლის სექტემბერში შედგა გუნდში „ეიაფიალაიოკული“, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ალექს სიდამონიძე და გიორგი სანიკიძე. როგორც თავად ამბობს, „წიგნების თაროს“ ჩაწერაზე იგი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა. მაშინ პროექტში გიორგი სანიკიძე იღებდა მონაწილეობას და სურვილი გაუჩნდა – ახლო მეგობარს ჩაწერაზე გაჰყოლოდა. იქაური ატმოსფეროთი მაშინვე მოიხიბლა. ახლა იხსენებს, რომ მისვლისთანავე გაუჩნდა სურვილი – მათსავით იმ წითელ ღილაკთან მდგარიყო, რომელთანაც მოთამაშეები იდგნენ…“
მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამ სეზონისთვის უფრო მოტივირებული და საკმაოდ მომზადებული იყოს: „შევეცადე, რომ წინა სეზონში მიღებული მტკივნეული გამოცდილება გადამეკეთებინა საწვავად, რომელიც ძალას მომცემდა მომდევნო სეზონში – უფრო დაკვირვებით მეთამაშა“. სანდრო ქართველიშვილმა და მისმა გუნდელმა ალექსანდრე სიდამონიძემ, მიუხედავად მცირე პაუზისა, კვლავ გადაწყვიტეს პროექტში მონაწილეობა და ახალი გუნდი შექმნეს, რომელსაც მალევე დაემატა გიორგი ადამაშვილი. „რადგანაც ჩვენი ყოფილი წევრი გიორგი სანიკიძე გუნდიდან წავიდა, მოგვაკლდა საუკეთესო ბლიცერი და მალევე დავიწყეთ მისი ძიება. ფაქტი იყო, რომ ამ რაუნდისთვის მზად არც მე და არც ალექსი არ ვიყავით“, – ამბობს სანდრო.
„წიგნების თარო“ საკმაოდ დიდი და მასშტაბური პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის მიზეზი კი იქ არსებული ატმოსფერო და პირობებია, რაც მათ უფრო დიდ მოტივაციას აძლევს, რომ ჩაერთონ და ამით თვალსაწიერიც გაიფართოონ. „წიგნების თარო არ არის მხოლოდ ის 40-45 წუთი, რასაც მაყურებელი ტელეეკრანებზე ხედავს, კადრს მიღმა კიდევ უფრო სასიამოვნო გარემოა, სადაც ურთიერთობა გაქვს შენს თანატოლებთან, წიგნებთან და ლიტერატურასთან – თამაშობთ და ერთად ერთობით დერეფანში“, – გვიხსნის ჩვენი რესპონდენტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ სანდროს პროექტისგან უკვე სხვადასხვა შემოთავაზება აქვს და ეს სეზონი მონაწილის ამპლუაში მისთვის ბოლო იქნება: „შემომთავაზეს, რომ „წიგნების თაროს“ პროდიუსერი და სცენარისტი ვიყო. მომდევნო სეზონიდან აქტიურად ჩავერთვები საორგანიზაციო საქმეებში, რადგან ეს არ არის უბრალოდ ტელეგადაცემა, ის ბევრად მეტია, რაც ახალ თაობას აძლევს მიმართულებას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ, მიუხედავად ამ შემოთავაზებისა, მას პროექტისგან რაიმე სახის დახმარება და სარგებელი არასდროს მიუღია, რადგანაც, ეს მის და, ზოგადად, გადაცემის პრინციპებს ეწინააღმდეგება. „წიგნების თარო“ ობიექტური და სამართლიანი გადაცემაა. თუ მოხდა, რომ ერთ კონკრეტულ დღეს სცენარისტის მეგობარი და ახლობელი თამაშობს, იმ სცენარისტის მიერ შედგენილი კითხვები არც კი მიდის მოთამაშეებთან, რომ რაიმე სახის ზეგავლენა არ ჰქონდეს მას თამაშის საბოლოო შედეგზე“, – აგვიხსნა სანდრომ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდებს „წიგნების თაროში“ არაერთხელ გაუხარებიათ გულშემატკივრები. ამჯერადაც მეოთხედ ფინალში თსუ-ს ორი გუნდი წარდგება – ერთმანეთს სანდროს ახალი გუნდი „კრატა რეპოა“ და გიორგი სანიკიძის „ჰერუგრიმი“ დაუპირისპირდებიან.
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი