მოლაშქრეთა კლუბი „თსუ“ დაუვიწყარ ლაშქრობებს სოციალური ქსელების საშუალებით აანონსებს

თარიღი: 2024-10-17 18:40:25

მოლაშქრეთა კლუბი „თსუ“ არაერთ სტუდენტს აძლევს საშუალებას – გამოცდილ თუ ახალბედა მოლაშქრეებთან ერთად აღმოაჩინოს საქართველოს ულამაზესი კუთხეები და  დაუვიწყარი მოგონებები შექმნას.

საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უნივერსიტეტში ას წელზე მეტია, არსებობს ალპინისტთა კლუბი, რომელიც გიორგი ნიკოლაძის სახელს ატარებს და რომელმაც სტუდენტებს არაერთი მწვერვალის დაპყრობის შესაძლებლობა მისცა. რამდენიმე წლის წინ თავგადასავლების მოყვარულებისთვის ალპინისტური კლუბის პარალელურად კიდევ ერთი – “ეკომოლაშქრეთა კლუბი” დაარსდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა უნივერსიტეტი დაასრულეს, ლაშქრობებიც შეწყდა. 2022 წელს თსუ-ს სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის თანამშრომლის, ანა ჯოლოღუას ინიციატივით, კლუბი ისევ შეიქმნა და სწორედ აქედან იწყება მოლაშქრეთა კლუბ „თსუ“-ს განახლებული ისტორია.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ეკატერინე ყორღანაშვილი იხსენებს, რომ კლუბთან თანამშრომლობა ტობავარჩხილის ტურიდან დაიწყო. ეს მისთვის პირველი 7-დღიანი გასვლა იყო და გაიაზრა, რომ მსგავს რთულ ლაშქრობებზე ადამიანი საკუთარ თავს სხვანაირად შეიცნობს: „ჯგუფს ვერ ჩამორჩები! შეიძლება წვიმდეს, შეიძლება ციოდეს, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ უარესი სიტუაცია შეიქმნება, თუ გაჩერდები… უბრალოდ, გაქვს მიზანი და სხვა გზა არ არის! გამოუვალი მდგომარეობა არ იარსებებს, თუ არ გავჩერდებით“,ამბობს ეკატერინე. მისი ამბავი კი მხოლოდ ერთჯერადი გასვლით არ შემოფარგლულა. ზღვის დონიდან 2650 მეტრ სიმაღლეზე გადაწყდა, რომ კლუბის წევრობა მისი, როგორც ხელმძღვანელის სტატუსით შეცვლილიყო. მასთან ერთად მოლაშქრეთა კლუბის ორგანიზატორები არიან: ილია ქავთარაძე, ირაკლი ჭიტაძე, ნინო ავალიანი, ირინე გირგვლიანი, ნიკოლოზ გუბაური, სალომე ქავთარაძე და დავით ჩალათაშვილი.

ეკატერინეს თქმით, ფსიქოლოგია და ლაშქრობა ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა და სწორედ მათ ურთიერთკავშირზე წერს საბაკალავრო ნაშრომსაც.

კლუბში მოხვედრა საკმაოდ მარტივია, მთავარია – გქონდეს მოტივაცია და იყო ბუნების მოყვარული. მოლაშქრეთა კლუბი ლაშქრობებს სოციალური ქსელების საშუალებით აანონსებს. სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდგომ, სამოტივაციო წერილზე დაყრდნობით, ირჩევენ სტუდენტებს. ეკატერინემ გაიხსენა ისიც, რომ ადრე სულ რაღაც 10 ადამიანი ავსებდა ფორმას, თუმცა ახლა 100-ზე მეტი სტუდენტია დაინტერესებული – ეს ყოველივე ორგანიზატორებს ძალიან ახარებთ, რადგან ალპინიზმი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში.

ეკატერინემ გვიამბო, რომ 28-29 სექტემბერს გაიმართა „გაცნობითი ბანაკი“ პირველკურსელებისთვის. მათი მიზანი იყო – სტუდენტებს სცოდნოდათ ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც მათ უნივერსიტეტი სთავაზობს. ბანაკი ე.წ. პირველი ნაბიჯია, სადაც მიღებული გამოცდილება სტუდენტებს ლაშქრობების დროს გამოადგებათ. კლუბის ხელმძღვანელი თსუ-ს ადმინისტრაციის მადლიერია, რადგან სწორედ ადმინისტრაცია აფინანსებს პროექტებს, ამარაგებს კლუბს ინვენტარით (საძილე ტომრები, ძირსაგებები, კარვები, ჩანთები) და უზრუნველყოფს ჯგუფებს ტრანსპორტით.

ახალი სეზონისთვის პროექტების შემუშავება უკვე დაწყებულია. სტუდენტებს ისღა დარჩენიათ – ჩაერთონ ახალი მწვერვალების დაპყრობის პროცესში.

დიანა აიანადი

მარიამ კუპრავა  

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტები

Facebook
Twitter
LinkedIn