საბა შავლიაშვილი უნგრეთში სწავლისას დაგროვილ გამოცდილებას გვიზიარებს
თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტი საბა შავლიაშვილი გაცვლითი პროგრამით მისკოლცის უნივერსიტეტში (უნგრეთი) იმყოფებოდა.
„კონკურსი არც ისე მარტივი იყო, მაგრამ საჭირო დოკუმენტების შეგროვების და გასაუბრების გავლის შემდეგ მოვხვდი იმ სტუდენტთა სიაში, ვისაც მიეცა შესაძლებლობა – სემესტრი უნგრეთში გაეტარებინა. აქ მიღებულმა გამოცდილებამ მოსალოდნელს გადააჭარბა. ჩემთვის ეს ერთი სემესტრი დაუვიწყარი და (როგორც პიროვნულად, ასევე, აკადემიური თვალსაზრისით) ძალიან სასარგებლო იყო. პირველ რიგში, საინტერესო იყო ქართველი სტუდენტის ცხოვრება ევროპაში. გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტის ცხოვრება გარკვეულ სირთულეებთანაცაა დაკავშირებული, მაგრამ სწორედ ეს სირთულეები გზრდის პიროვნულად და გაყალიბებს დამოუკიდებელ ადამიანად. რაც შეეხება აკადემიურ ცხოვრებას, მქონდა შესაძლებლობა – ამერჩია ისეთი სასწავლო კურსები, რომლის არჩევის საშუალებაც ჩემს უნივერსიტეტში არ მქონდა. ამ კურსების გავლის შემდეგ გაიზარდა ჩემი ინტერესის სფერო და კარიერულ განვითარებაშიც საკმაოდ დამეხმარა“, – ამბობს საბა შავლიაშვილი. მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ძვირფასი იყო უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთან დამეგობრება და სამომავლო გეგმებზე საუბარი. „უსაზღვროდ საინტერესოა ცხოვრება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კულტურის ხალხთან, ყოველდღე რაღაც ახალს ხვდები და პიროვნულად ყველაზე მეტად სწორედ ეს გზრდის. მეგობრობა უცხოელ კურსელებთან დღემდე გრძელდება და ეს ყველაზე მეტად მახარებს“, – აცხადებს საბა, რომელიც თვლის, რომ ISET-მა, პირველ რიგში, კვალიფიციური ცოდნა მისცა, რომელიც, მისივე თქმით, არ ჩამოუვარდება ევროპულ უნივერსიტეტებში მიღებულ განათლებას. ამიტომაც მას ოდნავადაც არ გასჭირვებია ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაზე მორგება.