თამარ კბილაძე ლექციების წასაკითხად უკვე მეოთხედ არის მიწვეული კომბლენცის უნივერსიტეტში (გერმანია)

თარიღი: 2024-10-17 17:50:56

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი თამარ კბილაძე უკვე მეოთხე საქმიანი ვიზიტით მიიწვიეს კომბლენცის  გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც ის ლექციებს კითხულობს. თსუ-ს ასისტენტ პროფესორი კომბლენცის უნივერსიტეტში ერასმუსისა და DAAD-ის პროგრამების ფარგლებში იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ვიზიტის დროს, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თამარ კბილაძისა და დოქტორ ლორენც ბორგმანის სასწავლო კურსის – ,,საერთაშორისო ბიზნეს სიმულაცია“ – ფარგლებში კომბლენცის უნივერსიტეტის  სტუდენტებმა კომპანია ,,GeGeCandy” დააფუძნეს. პროექტი გერმანელ მევენახეებსა და ქართულ ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის დაწყებას ითვალისწინებს.

პროექტი იმდენად ინოვაციური და წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისით გერმანული მედია დაინტერესდა.  კომპანიის სახელწოდება, რომელიც თავად სტუდენტებმა შეარჩიეს, იშიფრება  – როგორც ,,ქართულ-გერმანული ტკბილეული” – ,,German-Georgian-Candy“. 

,,სასწავლო კურსი აერთიანებდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულს. სტუდენტებს რასაც ვასწავლიდით თეორიულ ნაწილში, პარალელურად ვნერგავდით პრაქტიკაში. სტუდენტებმა ძალიან საინტერესოდ იმუშავეს, გაწერეს კომპანიის სტრატეგიული, ოპერაციული, მარკეტინგული გეგმები, დააფუძნეს კომპანია, შექმნეს სხვადასხვა პოზიციები, სადაც ასაქმებდნენ კადრებს, დადიოდნენ ბიზნეს შეხვედრებზე.  სტუდენტებისთვის ეს გამოცდილება  მნიშვნელოვანი იყო როგორც უნარ-ჩვევების გამომუშავების, ისე პროფესიული ზრდის თვალსაზრისით“, – აღნიშნა თამარ კბილაძემ. მისი თქმით, სასწავლო კურსი არჩეული ჰქონდათ არა მხოლოდ გერმანელ სტუდენტებს, არამედ, პროექტში ჩართულები იყვნენ სტუდენტები იტალიიდან, ინდოეთიდან, ესპანეთიდან და სამხრეთ კორეადან. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ  თსუ-სა და  კომბლენცის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება ორმაგი ხარისხის პროგრამების შექმნა როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო დონეზე.

თამარ კბილაძის საქმიანი ვიზიტებით  დაინტერესდა გერმანული პრესაც. ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მისი სალექციო  კურსები აერთიანებდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.  ქალბატონი თამარის სწორედ ეს ორიგინალური სწავლის მეთოდი აღინუსხა გერმანულ გაზეთებში.

თამარ კბილაძე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველი პოსტდოქტორანტია, რომელმაც პოსტდოქტორანტურის დასრულების შედეგად გამოსცა ორენოვანი მონოგრაფია  – ,,ახალი საგადასახადო პარადიგმის ფორმირების თეორიულ-მეთოდოლოგიური და ემპირიული ასპექტები’’. პოსტდოქტორანტურის პერიოდში იგი მონაწილეობდა საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების კვლევითი ცენტრის მიერ ქ. პარიზში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში  ,,ეკონომიკა, საზოგადოება და მენეჯმენტი’’. ამ კონფერენციაზე მისმა მოხსენებამ (,,ოპტიმალური საგადასახადო ტვირთის თეორიული და ემპირიული საფუძვლები საქართველოში’’) გაიმარჯვა ნომინაციაში – ,,სესიის საუკეთესო მოხსენება’’ – და გადაეცა მადლობის სერტიფიკატი.

თამარ კბილაძე დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით (2023 წ.) ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის.

Facebook
Twitter
LinkedIn