თამარ ბანძელაძემ არჩევანი ბონის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე შეაჩერა
თამარ ბანძელაძე DAAD-ის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიატია. მიზნის მისაღწევად მან ბევრი იშრომა. კომაროვის სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა, მიმართულებად კი მათემატიკა აირჩია. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა, თავდაპირველად გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, რადგან სკოლის პერიოდში ბევრი სხვა საგანიც მოსწონდა – ქიმია, ბიოლოგია… ხშირად იმარჯვებდა ქართულისა და ისტორიის ოლიმპიადებზეც… თუმცა, მას შემდეგ, რაც სწავლა კომაროვის სკოლაში გააგრძელა, კიდევ უფრო გაუღრმავდა ინტერესი მათემატიკის მიმართ, რისთვისაც კომაროვის სკოლის მათემატიკის პედაგოგის, დიმიტრი არაბიძის მადლიერია.
როგორც თავად გვიყვება, DAAD-ის სტიპენდიის მოსაპოვებლად დიდი ყურადღება ექცევა როგორც აკადემიურ მოსწრებას, ისე სტუდენტის სამუშაო გამოცდილებასა და სხვა აქტივობებს. „კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და მინდოდა ეს ტემპი უნივერსიტეტშიც შემენარჩუნებინა. საბოლოოდ, საბედნიეროდ, ისე გამოვიდა, რომ ბაკალავრიატიც მაქსიმალური 4.0 GPA-ით დავამთავრე. მეორადი სპეციალობის სახით (მაინორად) დავამთავრე კომპიუტერული მეცნიერებებიც. ეს, გარკვეულწილად, ართულებდა საქმეს, რადგან ორ სპეციალობაზე ერთდროულად სწავლა მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეუძლებელი არ ყოფილა“, – ამბობს თამარი.
2024 წლის გაზაფხულზე თამარ ბანძელაძემ DAAD-ის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდია დამსახურებულად მოიპოვა. „ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩემი მეგობრების დამსახურებაა ეს წარმატება – მათ ჩემზე მეტადაც კი სჯეროდათ, რომ კონკურსში გამარჯვება შემეძლო და მათვე მიბიძგეს აპლიკაცია გამეგზავნა. რა თქმა უნდა, სტიპენდიის მოპოვების სურვილი მე თვითონაც მქონდა, მაგრამ მათი გვერდში დგომა და მოტივაცია ყოველ ეტაპზე მეხმარებოდა, რისთვისაც მინდა ასე საჯაროდაც გადავუხადო მადლობა მათ“, – ამბობს თამარ ბანძელაძე.
სწავლის პარალელურად თამარი მესამე წელია საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ ,,მზიურში” მუშაობს, სადაც სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს პროგრამირებას ასწავლის. ადრე იგი მუშაობდა მოსამზადებელ ცენტრშიც მათემატიკის რეპეტიტორად.
ამბობს, რომ მიღებული სამუშაო გამოცდილება, გარკვეულწილად, ამ სტიპენდიის მოპოვებაშიც დაეხმარა, რადგან, აკადემიური მოსწრების გარდა, სხვა კრიტერიუმებითაც ფასდება ხოლმე აპლიკანტი. „წინა წლებში ასე სერიოზულად რატომღაც საერთოდ არ მიფიქრია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე; შესაბამისად, მანამდე არც დამიგეგმავს – რა ეტაპები უნდა გამევლო ამისთვის. შეიძლება ითქვას, ყველაფერი ბოლო წამებში გადავწყვიტე, განაცხადიც კი დაწესებული ვადის ბოლო დღეს გავაგზავნე. რაც შეეხება გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებს, რომელ უნივერსიტეტებშიც გავაგზავნე აპლიკაცია, ყველასგან დადებითი პასუხი მომივიდა, მათ შორის იყო გოტინგენისა და ბერლინის უნივერსიტეტები. საბოლოოდ კი არჩევანი ბონის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე შევაჩერე, რადგან წმინდა მათემატიკის მიმართულებით უკვე ბოლო მრავალი წელია იგი გერმანიის ტოპ-უნივერსიტეტია. სხვა სპეციალობებში მიღებული ნობელის პრემიის ცნობილი მფლობელების გარდა, აქ მრავლად არიან ფილდსის მედლის მფლობელებიც მათემატიკაში, მათ შორისაა Peter Scholze-ც.
2 თვის განმავლობაში ქ. გოტინგენში ვიყავი გერმანული ენის კურსებზე, ბონის უნივერსიტეტში სწავლა კი სულ ახლახან დამეწყო და დიდი იმედი მაქვს, რომ მოლოდინები გამიმართლდება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს ლექტორს, განსაკუთრებით კი ჩემს რეკომენდატორებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველთვის მადლიერი ვიქნები მიღებული ცოდნისთვის და შეძენილი ურთიერთობებისთვის“, – აცხადებს თამარ ბანძელაძე.