ევროპის ორგზის ჩემპიონი თსუ-ს სტუდენტია
ლევან დარასელია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. ლევანმა 8 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში კიკბოქსინგში და საქართველოს ჩემპიონიც გახდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა სხვა იაპონური საბრძოლო ხელოვნებაც შეესწავლა. მისი ამჟამინდელი საბრძოლო ხელოვნება არის კუდო, რომელიც აერთიანებს ძიუდოს, კარატესა და კიკბოქსინგს. ლევანის სპორტული კარიერა სავსეა როგორც გამარჯვებებით, ასევე მარცხით, რომელიც საბოლოოდ ჩემპიონობისკენ მიმავალ გზად აქცია.
ლევან დარასელიას კარიერა მოიცავს როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიონალურ ბრძოლებს. მათ შორისაა, 2023 მსოფლიო ჩემპიონატი კუდოში, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა და ასპარეზს ბრინჯაოს მედლით გამოეთიშა – მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მარცხი არ განსაზღვრავს სპორტსმენის კარიერას. პატარა პაუზის შემდეგ იგი გაძლიერებული ძალებით კვლავ დაუბრუნდა სპორტს და მალევე ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 2024 წელს კი კვლავ მოახერხა კიდევ ერთი ოქროს მედლის საქართველოში ჩამოტანა.
ლევანი ახლა იხსენებს, რომ მისი ოცნება ჯარისკაცობა იყო. „როდესაც ბავშვობაში მეკითხებოდნენ – ვინ უნდა გამოხვიდე, ვეუბნებოდი, რომ მინდოდა გავმხდარიყავი ჯარისკაცი, რომელიც დაიცავს საკუთარ ქვეყანასა და მშობლებს“, – ღიმილით გვიყვება ჩემპიონი, თუმცა აღმოჩნდა, რომ სპორტთან ერთად მისი ინტერესები ჟურნალისტიკისკენ გადაიხარა.
ლევანი აქტიური სტუდენტი, სპორტსმენი და ტრენერია, ამ ყველაფერს კი მისი მკაცრი დისციპლინით უმკლავდება. ცოტა ხანში მისი ხმით არაერთი სპორტული ტურნირი გაშუქდება და ეს საშუალებას მისცემს, მუდმივად დარჩეს მისთვის საყვარელ სფეროში.
მთავარი კი ისაა, რომ თსუ-ში ევროპის ჩემპიონი ეუფლება მომავალ პროფესიას.
ქეთი წითელაძე
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი