კარლო (კაკი) მგალობლიშვილს თსუ-ზე უკეთესი უნივერსიტეტი საქართველოში არ ეგულება

თარიღი: 2024-10-09 17:39:30

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი კარლო (კაკი) მგალობლიშვილი უნივერსიტეტის გაზეთის რედაქციაში, სტაჟირების ფარგლებში, პრაქტიკულ ჟურნალისტიკას სწავლობს.

,,კაკი ძალიან საინტერესო სტუდენტია. სტაჟირების კურსის დაწყებისთანავე მან თავისი ცნობისმოყვარეობით მიიქცია ჩემი ყურადღება. იგი ბევრ კითხვას სვამს და ძალიან უნდა – რაც შეიძლება მეტი ცოდნა დააგროვოს. ყველა დავალებას ის გულისხმიერებით ეკიდება და უკვე რამდენიმე სტატიაც შექმნა. როგორც გაზეთის რედაქტორი, გაოცებული ვარ მისი წერის კულტურით, პრობლემის გამოკვეთისა და საინტერესო კითხვების დასმის უნარებით. ვფიქრობ, სამომავლოდ კაკის ჟურნალისტიკაშიც შეუძლია წარმატებების მიღწევა, თუკი ამ სფეროში დასაქმებას მოისურვებს“, – ამბობს გაზეთის რედაქტორი ნინო კაკულია.

რატომ აირჩია თსუ და რა მისცა უნივერსიტეტმა? – ამ კითხვაზე კარლო გვპასუხობს: ,,თსუ ავირჩიე, რადგან ჰუმანიტარული სპეციალობების დარგში უკეთესი უნივერსიტეტი საქართველოში არ მეგულება“. მისი საყვარელი ლექტორია თეა დულარიძე. გარდა იმისა, რომ კარლო მგალობლიშვილი ფილოსოფიის მიმართულებაზე სწავლობს, იგი დაინტერესებულია ანალიტიკური აზროვნების უნარები გაიღრმავოს. სწორედ ამიტომ აირჩია მან ჟურნალისტიკის მიმართულებით სტაჟირების გავლა. ,,ჟურნალისტიკა დამეხმარება ანალიტიკური ცოდნის გაღრმავებაში, რაც ხელს შეუწყობს ჩემს მომავალ პროფესიას“, – ამბობს კარლო.

მისთვის პასუხისმგებლობა საკუთარი სიტყვის პატივისცემას ნიშნავს. გამოდის, რომ კარლო დიდ ფასს ადებს საკუთარ სიტყვას, რადგან, როგორც რედაქტორმა ნინო კაკულიამ აღნიშნა, იგი ყოველთვის თანახმაა რთული დავალება შეასრულოს და სიტყვას არასდროს ტეხს. სხვისთვის იმედის გაცრუებას კარლო ყველაზე დიდ მარცხად განიხილავს და ეს აღიარება მის პიროვნულ თვისებებს მეტ ხიბლსაც სძენს.

,,ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია – გავიგო ბევრი საკუთარი თავის შესახებ. სულ ვფიქრობ – როგორ შევცვალო  საკუთარი თავი უკეთესობისკენ?  როგორ მივიღო მეტი მოტივაცია? ვარ თუ არა სწორ ადგილას? “ – ასეთი ემოციებით ცხოვრობს კარლო მგალობლიშვილი, რომელსაც მხოლოდ საყვარელი ადამიანები და საქმის შესაბამისი გარემო უქმნის კომფორტს.

Facebook
Twitter
LinkedIn