თამარ მაზანიშვილისთვის საზღვარგარეთ სწავლა ყოველდღიური ზრდის პროცესია

თარიღი: 2024-10-05 13:49:58

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი თამარ მაზანიშვილი ,,ერასმუს +“-ის გაცვლითი პროგრამით მესამე კურსზე იმყოფებოდა სლოვაკეთში, მატეი ბელის უნივერსიტეტში. ამჯერად ორმხრივი თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამით სწავლობს კვლავ სლოვაკეთში, კომენიუსის უნივერსიტეტში.

,,ყველა სტუდენტს ვურჩევ, რომ აუცილებლად სცადონ გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წასვლა. აგროვებ ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას, ეცნობი შენგან განსხვავებულ კულტურას, ხდები უფრო მეტად ტოლერანტული მათ მიმართ, რადგან გიფართოვდება თვალსაწიერი. გავიჩინე მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაც ნებისმიერი ადამიანის არა მარტო პიროვნული, არამედ პროფესიული განვითარებისთვისაც კი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამან კიდევ უფრო ბევრი შესაძლებლობისკენ გამიხსნა კარი. კავშირები, კონტაქტები ყველგან და ყოველთვის საჭიროა, მით უმეტეს, საერთაშორისო დონეზე. სადაც ქართველები წავიდოდით, ყველგან საქართველოზე ვსაუბრობდით და, ჩვენდა გასაკვირად, უამრავი უცხოელი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც დაინტერესებული იყო ჩვენი პატარა ქვეყნით; ზოგმა ენის სწავლაც კი დაიწყო, ზოგი შემდეგ უკვე გვესტუმრა საქართველოში, შეუყვარდათ ჩვენი ფოლკლორი, ცეკვა, სპორტი, კულტურა, სამზარეულო… თვალს ადევნებენ ჩვენს სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებსაც კი და მოუთმენლად ელიან ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამასთან ერთად, ბევრად დამოუკიდებელი ხდები ამ გამოცდილების მიღების შემდეგ, რადგან მარტო ცხოვრობ უცხო ქვეყანაში – შენი ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს, ყველაფერს თავად აგვარებ და გიწევს, რომ გადალახო უამრავი ბიუროკრატიული სირთულე, რაც, მაგალითად, დოკუმენტების მოწესრიგებასთან ასოცირდება, განსაკუთრებით ჩასვლის პირველ თვეს. მთელი ეს პროცედურები – საცხოვრებელთან, ვიზასთან, დაზღვევასთან დაკავშირებული სირთულეები თავიდან გადაულახავად შეიძლება გეჩვენებოდეს, მაგრამ შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ შენით აგვარებ ამ ყველაფერს, სწავლობ და ბევრად უფრო გამოცდილი და უნარიანი ხდები, ვიდრე ჩამოსვლამდე იყავი. ეს მუდმივი ყოველდღიური ზრდის პროცესი კი გეხმარება უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი იყო. უცებ აღმოაჩენ, რომ თურმე კიდევ უფრო მეტი შეგძლებია და რომ შენს პოტენციალს გასაქანი უნდა მისცე“, – ამბობს თამარი ჩვენთან საუბრისას.

Facebook
Twitter
LinkedIn