მომზადდა სავარჯიშოების კრებული საგანში ,,შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში“

თარიღი: 2024-10-04 17:53:19

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის პროფესორის ლევან საბაურისა და ასოცირებული პროფესორის ნადეჟდა კვატაშიძის მიერ გამოიცა პირველი (2020 წელს) და შემდგომ (2022  წელს)   განახლებული  სახელმძღვანელო – „შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში“ საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული იმავე კურსისთვის. სახელმძღვანელოში ყველა საკითხი განხილულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად. აღნიშნული სახელმძღვანელო თეორიასთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც.

თემატიკის მრავალფეროვნებამ მოითხოვა სავარჯიშოების კრებულის ცალკე მომზადება. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაიწყო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის წევრებმა: პროფესორმა ლევან საბაურმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნადეჟდა კვატაშიძემ და  უფროსმა მასწავლებლებმა – ზეინაბ გოგრიჭიანმა და ანჟელი ხორავამ. ჯგუფის  მიერ მომზადდა სახელმძღვანელოსთან და სილაბუსთან სრულ შესაბამისობაში მყოფი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სავარჯიშოების კრებული საგანში ,,შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში“.

კრებული მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების  ბოლო ცვლილებების გათვალისწინებით. იგი პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც საჭიროა საგნის ,,შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში“ მაღალ დონეზე შესწავლისათვის.

კრებული მოიცავს 344 ტესტს, 75 ამოცანას და ორ გამჭოლ ამოცანას  დამოუკიდებელი სამუშაოს სახით. ყველა ტესტს და ამოცანას თან ახლავს ამოხსნა.

კრებული განკუთვნილია თსუ-ს ბაკალავრებისათვის, ასევე, ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.

ავტორთა კოლექტივმა კრებულის გამოცემის საავტორო უფლება გადასცა თსუ-ს გამომცემლობას, რომლის გამოცემით (მიმდინარე სემესტრიდან დაწყებული) სტუდენტებს საშუალება ექნებათ აღნიშნული კრებულის დახმარებით გაიარონ საგანი „შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში“.

Facebook
Twitter
LinkedIn