,,თოდუას კლინიკის“ კლინიკური ხელმძღვანელი თსუ-ს დოქტორანტი გახდა
,,თოდუას კლინიკის“ მთავარი კლინიკური მენეჯერი სოფო გოგნაძე წელს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურაში ჩაირიცხა. მან არჩევანი პრაგმატულად განსაზღვრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება სამომავლო გეგმების განსახორციელებლად გადაწყვიტა.
,,დოქტორანტურაში ჩასაბარებლად თსუ ავირჩიე, რადგან ამ უმაღლეს სასწავლებელს გააჩნია ყველა ის რესურსი, რაც მე მჭირდება ჩემი დასახული მიზნის განხორციელებისთვის. თსუ-ს ჰყავს მედიცინის დარგში გამოცდილი, მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. ეს ყოველივე მაძლევს საფუძველს, იმედი ვიქონიო, რომ ჩემ მიერ გასავლელი გზა იქნება ნაყოფიერი. ჩემი მიზანია შევიმუშავო ახალი სტრატეგიები, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემის ხარისხის ამაღლებას და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს სოფო გოგნაძე.
სოფომ თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულება აირჩია. მისი სადოქტორო თემაა „ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების სპეციფიური მკურნალობის ხელმისაწვდომობა და მიწოდებული სამედიცინო სერვისის ხარისხისა და ეფექტურობის შეფასება საქართველოს მოსახლეობაში“.
,,ეს თემა შევარჩიე, რადგან ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. მკურნალობის ხელმისაწვდომობა და ხარისხი კი პირდაპირ გავლენას ახდენს დაავადების გამოსავალზე. ვიმედოვნებ, რომ კვლევის შედეგები დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს – განახორციელონ მიზანმიმართული და ეფექტიანი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნავს სოფო ჩვენთან საუბარში.
სოფო გოგნაძემ 2002 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, 2022 წელს კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროგრამის – კლინიკური მენეჯმენტი – კურსი გაიარა. მრავალწლიანი საექიმო პრაქტიკის პარალელურად, მუშაობდა ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით ჯერ სადაზღვევო კომპანიაში და შემდგომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. როგორც პასუხისმგებლიანი და კვალიფიციური კადრი, იგი მალე ,,თოდუას კლინიკის“ სამედიცინო ბილინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშნეს. 2022 წლიდან კი ამავე კლინიკის კლინიკური ხელმძღვანელი გახდა.
,,2018 წელს მივიღე შემოთავაზება – გავმხდარიყავი „თოდუას კლინიკის“ მენეჯმენტის გუნდის წევრი. ბევრი არც მიფიქრია, რადგან ამ კლინიკის, როგორც რეგიონში წამყვანი მაღალტექნოლოგიური სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის მენეჯმენტის გუნდის წევრობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ,,თოდუას კლინიკა“ დაარსების დღიდან საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ქმნის ახალ სტანდარტებს და მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, რაც გავლენას ახდენს კომპანიის წარმატებაზე და მედიცინის დარგის განვითარებაზე“ – ამბობს სოფო გოგნაძე, რომლისთვისაც ყოველი წინსვლა, ყოველი ახალი პროექტი ახალი გამოწვევაა, რაც უნდა აუცილებლად დაძლიოს და ეს ყველაფერი გააკეთოს წარმატებით და ღირსეულად.
თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის გავლა სოფო გოგნაძისთვის შეიძლება ახალ ტრამპლინზე ასვლის წინაპირობა გახდეს. მთავარია, მან დაინახა ახალი გზა მისი შესაძლებლობების კვლავაც რეალიზებისთვის.