რა გეგმები აქვს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალ დეკანს
თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს ახალი დეკანი ჰყავს – პეტრე ბაბილუა. ფაკულტეტის განვითარების მისი კონცეფცია დაფუძნებულია იმაზე, რაც წლების განმავლობაში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა შექმნა. სწორედ ამ ფაკულტეტის დიდი დამსახურებაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მზარდი რეიტინგი საერთაშორისო რეიტინგულ სისტემებში. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პუბლიკაციები ინდექსირებულია მაღალრეიტინგული ჟურნალების ისეთ სამეცნიერო ბაზებში, როგორიცაა Thomson Reuter და Scopus; ფაკულტეტზე ხორციელდება საერთაშორისო და ეროვნული ფონდებით დაფინანსებული საგრანტო პროექტები, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს რეიტინგულ სისტემებში ჩვენი უნივერსიტეტის პოზიციას.
,,ფაკულტეტი აერთიანებს ფუნდამენტურ და გამოყენებით დარგებს – მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, გეოგრაფია და გეოლოგია. თითოეულ ამ დარგს დიდი ისტორია გააჩნია, რომელიც ჩვენთვის ერთდროულად საამაყოცაა და საპასუხისმგებლოც. ფაკულტეტის სათავეებთან იდგნენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს უნივერსიტეტის ისტორია: პეტრე მელიქიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ანდრია რაზმაძე და სხვები (არ მინდა ვინმე გამომრჩეს). ეს არის ჩვენი წარსული, რომელიც გვაძლევს სტიმულსა და მოტივაციას – შევქმნათ მათი ღვაწლის შესაფერისი აწმყო და გავაგრძელოთ მათ მიერ დაწყებული საქმე. სწორედ ეს არის ჩემთვის ამოსავალი: ერთი მხრივ, დავაფასოთ ის, რაც შექმნა ფაკულტეტმა, რასაც ქმნიდნენ ჩვენი მეცნიერები წლების განმავლობაში და, მეორე მხრივ, უნდა წავიდეთ წინ – სტუდენტები ჩავრთოთ სამეცნიერო კვლევებში, მაქსიმალურად შევუწყოთ მათ ხელი სასწავლო პროცესში და შემდგომ კარიერულ განვითარებაში“, – აღნიშნავს პეტრე ბაბილუა.
2024/2025 სასწავლო წელს ფაკულტეტზე 1000-მდე სტუდენტი ჩაირიცხა, თუმცა გარკვეულ დარგებში – ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია – დანაკლისია. ახალი დეკანის კონცეფციის ნაწილია ამ დარგების მეტი პოპულარიზაცია, უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება სკოლებთან. ,,ჩვენ უნდა დავაინტერესოთ მოსწავლეები და, ზოგადად, ახალგაზრდები ამ დარგებით“, – ამბობს ფაკულტეტის დეკანი.
როდესაც პეტრე ბაბილუა ფაკულტეტის ხელმძღვანელის პოსტზე მოვიდა, მას ძალიან მცირე დრო დასჭირდა არსებულ სიტუაციაში გასარკვევად. პირველ ეტაპზე საჭირო იყო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესების მაღალ დონეზე ორგანიზება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა და განხორციელება, რაც არსებითია სასწავლო და სამეცნიერო პროცესების ეფექტიანად წარმართვისთვის.
,,მე-11 კორპუსში ახლაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. კორპუსში კეთდება კომპიუტერული ლაბორატორია. ადმინისტრაციისგან გადმოგვეცა 60 კომპიუტერი, ასევე პროექტორები. კორპუსი მალე სრულად აღიჭურვება თანამედროვე ინტერნეტით. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა, ადმინისტრაციასთან ერთად, ჩვენს წინაშე წამოჭრილ გარკვეული სახის პრობლემებს ეტაპობრივად გადავლახავთ“, – აღნიშნავს ბატონი პეტრე.
დეკანის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო აკრედიტაციის/სერტიფიცირების საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება. ,,ამჟამად ვცდილობთ გავაგრძელოთ ორმაგი დიპლომის პროგრამა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იღებენ როგორც სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს. ამ მიმართულებით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჩვენ გადმოგვეცა ქიმიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, ფიზიკის ლაბორატორიები“, – ასეთია დეკანის უახლოესი გეგმები, რომელიც თავისი კონცეფციის პრიორიტეტების განხორციელებას უკვე შეუდგა.