ნია სხილაძემ ერთი სემესტრი ზაარლანდის უნივერსიტეტში გაიარა
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნია სხილაძე გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
უცხოეთში სასწავლო ვიზიტით წასვლა ნიას ბავშვობის ოცნება იყო; თვლიდა, რომ ეს საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იქნებოდა. მან გაცვლითი პროგრამის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წარმატებით გაიარა და ზაარლანდის უნივერსიტეტში ერთი სასწავლო სემესტრით გაემგზავრა.
„საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლამ ბევრი საინტერესო შთაბეჭდილება დამიტოვა. სრულიად განსხვავებულ სასწავლო გარემოში აღმოვჩნდი და თავდაპირველად გამიჭირდა არსებული სირთულეების დაძლევა… უცხო ენაზე სწავლა საკმაოდ შრომატევადია, თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს ყოველივე მარტივად დაძლევადი აღმოჩნდა. ჩემთვის გამოწვევა იყო, ასევე, გერმანიაში დამოუკიდებლად ცხოვრება. მართალია, ასეთი ცხოვრების გამოცდილება უკვე მქონდა, მაგრამ ეს ბევრად განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო რამ ვისწავლე, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მადგებოდა. ასევე, ვიმოგზაურე ბევრ ჩემთვის ახალ ქალაქსა და ქვეყანაში, რამაც ასმაგად საინტერესო გახადა ჩემი იქ ყოფნა“, – ამბობს ნია, რომელიც აღტაცებით საუბრობს თსუ-ს მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებზე და კმაყოფილია, რომ არჩევანი თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე შეაჩერა.
„თსუ-ში სწავლამ პირველ რიგში უამრავი ახალი მეგობარი შემძინა, მომცა შესაძლებლობა – მიმეღო იურიდიულ სფეროში ცოდნა და მესწავლა პროფესიონალებისგან. ასევე, ბევრ საინტერესო პროექტსა და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მქონდა და, რა თქმა უნდა, ერასმუსის ეს გაცვლითი პროგრამაც თსუ-ს მიერ იყო შემოთავაზებული, რომლითაც საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი“, – აღნიშნავს ნია, რომელმაც თსუ-სა და ზაარლანდის უნივერსიტეტში სწავლების განსხვავებულ ფორმატზეც გაამახვილა ყურადღება.
„პირველი განსხვავება, რომელსაც გამოვყოფდი, ის არის, რომ თსუ-ში, ძირითადად, უმეტესი საგანი ლექცია-სემინარების სახით არის, ზაარლანდის უნივერსიტეტში კი ძირითადი ფორმატი სალექციო იყო. გარდა ამისა, გერმანიაში ყველა საგანში გვქონდა ერთი საფინალო ზეპირი გამოცდა, რომლითაც საგნის ჯამური ქულა იწერებოდა, თსუ-ში კი საგანში ჯამური ქულა, ძირითადად, დასწრება/აქტიურობითა და ორი გამოცდით იწერება, რომელიც წერითია“, – იხსენებს ნია, რომელსაც, ალბათ, დიდხანს გაჰყვება გერმანიაში მიღებული გამოცდილება.