ნათია ზასოხაშვილს სურს – დრო, რომელიც სწრაფად გადის, პროდუქტიულად გამოიყენოს
თსუ-სჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ნათია ზასოხაშვილი თსუ-ს გაზეთის რედაქციაში სტაჟირების კურსს გადის. ნათიას დიდი სურვილი აქვს, რომ ჟურნალისტიკის სფეროშიც მოსინჯოს მისი შესაძლებლობები და სწორედ ამ მიზნით აქტიურად ჩაერთო პრაქტიკულ მეცადინეობებში.
,,ნათია მეტად პასუხისმგებლიანი და წარმატებაზე ორიენტირებული სტუდენტია. პირველივე დავალების შესრულებისას იმდენად სწორად მიაგნო თავის რესპონდენტებს – თუ ვინ უნდა ჩაეწერა, რომ ვფიქრობ, მას ამ კუთხით მიღწევები უკვე აქვს. კონტაქტების დამყარებაც არ უჭირს, რაც ჟურნალისტისთვის ერთ-ერთი საჭირო უნარ-ჩვევაა. პირველივე ინტერვიუს ჩაწერა მან თავისუფლად მოახერხა თსუ-ს ვიცე-რექტორთან და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან, რაც ზოგჯერ რთული მისაღწევიც კი არის სხვებისთვის. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ნათიას ახალი ცოდნის მიღების წყურვილი სახეზე აწერია და ფართო თვალებით გელოდება – რას მიაწვდი ,,გადასამუშავებლად“… ასეთი მონდომება ჩემთვისაც სტიმულია – ვასწავლო, რაც აქამდე გამოცდილებით დამიგროვებია“, – ამბობს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი ნინო კაკულია.
გულწრფელი პასუხები
- მოგწონს თუ არა პროფესია, რომელიც აირჩიე?
- ძალიან მომწონს… ვთვლი, რომ სწორად ავირჩიე პროფესია და ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო.
- რატომ აირჩიე თსუ? რა მოგცა უნივერსიტეტმა?
- თსუ ავირჩიე იმიტომ, რომ ვიცოდი მისი სწავლების მაღალი ხარისხის შესახებ. უნივერსიტეტმა მომცა ბევრი ფასეული რამ, შემაძენინა ახალი მეგობრები, საკუთარ თავში აღმომაჩენინა ის უნარები, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი; მომცა პიროვნული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.
- რა პრობლემას გამოკვეთდი, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება?
- ერთადერთი პრობლემა, რომლის წინაშე პირადად მეც დავდექი და რომელიც სტუდენტების უმრავლესობასაც ხშირად აწუხებთ, არის საგნების არჩევა, თუმცა, ვფიქრობ, ეს გამოსწორებადია.
- ვინ არიან შენი საყვარელი ლექტორები?
- ყველა ლექტორთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვინც კი რაიმეს მასწავლიდა, ცუდი გამოცდილება არასდროს მქონია, თუმცა მყავს ისეთი ლექტორებიც, რომლებთანაც განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა და დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. გამოვარჩევდი ეკატერინე ნავროზაშვილს, რუსუდან ზექალაშვილს, ანა ჩუტკერაშვილს, ლევან ბებურიშვილს, ლილი მეტრეველს, სოფიო პაპიაშვილს.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება?
- მინდა, უნივერსიტეტში გავაგრძელო მოღვაწეობა, როგორც ლექტორმა.
- რატომ გინდა ჟურნალისტიკის შესწავლა?
- როგორც ფილოლოგიის სტუდენტისთვის, ვფიქრობ, საინტერესოა… გარდა ამისა, ბავშვობიდან მქონდა ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.
- როგორი მედია-გარემოა დღეს საქართველოში?
- ჩემი აზრით, იდეალური გარემო ნამდვილად არ არის, მაგრამ, დღესდღეობით, საკმაოდ განვითარებულია. რაც არ მომწონს, არის ის, რომ ხანდახან არაობიექტური სახის ინფორმაცია მოდის ჩვენამდე, რამაც შესაძლოა საზოგადოებაზე უარყოფითად იმოქმედოს.
- სხვა რომელი პროფესია გიტაცებს, რომელსაც დაეუფლებოდი?
- ყოველთვის მიტაცებდა ხატვა და, ალბათ, მოდის დიზაინერი გავხდებოდი.
- სად გინდა დასაქმება?
- დასაქმება მინდა იქ, სადაც ჩემს ცოდნას საფუძვლიანად გამოვიყენებ და, ამასთანავე, მეტ უნარ-ჩვევებს შევიძენ, მაგალითად უნივერსიტეტში, გამომცემლობებში, ბიბლიოთეკაში, სკოლაში.
- რას ნიშნავს პასუხისმგებლიანობა შენი ხასიათიდან გამომდინარე?
- ჩემთვის პასუხისმგებლიანობა არის უნარი – შეასრულო ის ვალდებულებები, რომლებსაც საკუთარ თავზე იღებ… როდესაც ვიცი, რომ რაღაც არის ჩემი გასაკეთებელი, აუცილებლად გავაკეთებ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს დამნაშავედ და ცუდად ვიგრძნობ… ამასთანავე, ვიაზრებ იმას – თუ რა მოჰყვება ჩემს უპასუხისმგებლობას. ვფიქრობ, რომ შენი სიტყვა და ქმედება უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, ამაში გამოიხატება ჩემთვის პასუხისმგებლიანობა.
- რით ერთობი?
- სწავლასთან ერთად, ვცდილობ – დრო გავატარო მეგობრებთან ერთად… როცა თავისუფალი დრო მაქვს, წიგნებს ვკითხულობ, ვაკეთებ ჩანაწერებს, ვუყურებ ფილმებს; ასევე, ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება.
- რა შემთხვევას განიხილავ მარცხად?
- მარცხად განვიხილავ იმედგაცრუებას, საყვარელი ადამიანების დაკარგვას, საკუთარ თავთან დადებული პირობის ვერშესრულებას.
- ყოველდღიური შენი საფიქრალისა და პრობლემის შესახებ გვიამბე…
- ძირითადად, ჩემი ყოველდღიური ფიქრები ისევ სწავლას უკავშირდება; ვფიქრობ დასაქმებაზე, მეგობრებზე, მათთან ურთიერთობაზე; ვფიქრობ დროზე, რომელიც სწრაფად გადის და მინდა ის პროდუქტიულად გამოვიყენო.