სტუდენტური სტაჟირება ხელოვნური ინტელექტის ასოციაციაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას (GAIA) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, GAIA-ში სტაჟირების გასავლელად თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები მარიამ ბასილაია და დიმიტრი მირაზანაშვილი შეირჩნენ. მათი შერჩევა სალექციო კურსის – ,,პოლიტიკა და ციფრული ტექნოლოგიების” ფარგლებში მოხდა. კურსს პოლიტიკის მიმართულების ლექტორი და თსუ-სასისტენტ-პროფესორი ლადო ნაფეტვარიძე კითხულობს. კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს – თუ როგორ ხდება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია პოლიტიკურ პროცესებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი და ა.შ.
„სტაჟირების პროცესში სტუდენტები მოამზადებენ საინფორმაციო ბარათებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც სისტემატურად გამოქვეყნდება ასოციაციის სოციალურ ქსელებში; აღნიშნული აქტივობა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას AI ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი დაეხმარება თავად სტუდენტებს – შეიძინონ გამოცდილება და აიმაღლონ კომპეტენცია ისეთი მნიშვნელოვანი დარგის გარშემო, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. დარწმუნებული ვარ, შერჩეული სტუდენტების სტაჟირება იქნება წარმატებული, რადგან ორივე მათგანი არის ძალიან კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი და მოტივირებული“,– აღნიშნა ლადო ნაფეტვარიძემ.
როგორც დიმიტრი მირაზანაშვილი ამბობს, თავდაპირველად იგი დიდად არ ყოფილა დაინტერესებული მსგავსი საკითხებით და მისთვის მოულოდნელი იყო ლექტორის მხრიდან სტაჟირების შეთავაზება, თუმცა ამ შესაძლებლობას უყოყმანოდ დასთანხმდა და სტაჟირებამ ხელოვნური ინტელექტის სფეროსადმი მისი დამოკიდებულებაც შეცვალა: „სტაჟირებამ მომცა შანსი – მეტი გამეგო ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ ქართულ პოლიტიკაში… ახლა ინტერესიც მეტი მაქვს და, ამასთანავე, მინდა – ჩემი წვლილი შევიტანო ამ განხრით, თუკი ამის შესაძლებლობა მექნება,”- ამბობს დიმიტრი.
დიმიტრისგან განსხვავებით, მარიამი თავიდანვე დაინტერესებული იყო AI თემატიკით, ხოლო თეორიული კურსის გავლის შემდეგ კიდევ უფრო დაინტერესდა AI-ს პრაქტიკული გამოყენებით – ,„კიდევ უფრო დამაინტერესა AI-ის პრაქტიკულმა გამოყენებამ და ახსნამ იმისა, თუ როგორ შეიძლება ეს შეუქცევადად განვითარებადი ტექნოლოგია გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ და არა პირიქით – ჩვენს ჩასანაცვლებლად, რისი შიშიც არსებობს საზოგადოებაში“.
მარიამი ამჯერად გაცვლითი პროგრამით იმყოფება ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, თუმცა საზღვარგარეთ სწავლის პარალელურად დისტანციურად მაინც ახერხებს ასოციაციასთან თანამშრომლობას. იგი იმედოვნებს, რომ სტაჟირება დაეხმარება არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებაში, არამედ ახალი შანსების აღმოჩენაში.
ქეთა გველესიანი
მარიამ მაჭარაშვილი
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები