თეა ქამუშაძე საგრანტო პროექტს ოქსფორდის უნივერსიტეტში განახორციელებს
2025 წლის იანვრიდან ოქსფორდის უნივერსიტეტში ორ სრულ სემესტრს დაყოფს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, თსუ–ს მოწვეული ლექტორი თეა ქამუშაძე, რომელმაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ოქსფორდის უნივერსიტეტის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები”, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ერთობლივ კვლევით პროექტებს 2015 წლიდან ახორციელებენ.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე; ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვასა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდას; საქართველოს შესახებ თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელებას საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;
2025 წლისათვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღო 8 აპლიკანტმა. ორი გამარჯვებულიდან ერთ-ერთი გახლავთ სწორედ თეა ქამუშაძე, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში განახორციელებს კვლევით პროექტს: “ტრადიციების და თანამედროვეობის გადაკვეთა: ქართული ეთნოლოგიის გადაფასება პოსტკოლონიურ და ციფრულ ჭრილში”. პროექტის თანახმად, მან უნდა გამოაქვეყნოს პუბლიკაცია რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც ქართული ეთნოლოგიური სკოლის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შეეხება.
თეას თქმით, კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული ღირებულება ექნება იმ მიდგომის შემუშავებას, რომელიც პირდაპირ არ გაიმეორებს ცოდნისადმი პოსტკოლონიურ და ნეოკოლონიურ მიდგომებს და შეეცდება ქართული რეალობისათვის გამონახოს ავთენტური და რელევანტური თეორიული ჭრილი, რომელიც კრიტიკულად გააანალიზებს ეთნოლოგიური ცოდნის წარმოებას საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში. ამ მიდგომის შექმნის აუცილებლობაში იგი მაშინ დარწმუნდა, როდესაც იკვლევდა კოვიდ პანდემიის პერიოდში აკადემიური ცოდნის გააქტიურების ხარისხსა და ზოგადად მოთხოვნას სამეცნიერო ცოდნაზე. მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა აკადემიური ცოდნის დაკავშირება რეალობასთან, რომელშიც ვცხოვრობთ. ასევე დაინტერესებულია მეცნიერების გამოყენებითი ასპექტებით, განსაკუთრებით სოციალურ და ჰუმანიტარულ დარგებში.
„ოქსფორდის უნივერსიტეტში გატარებული ერთი აკადემიური წელი ჩემთვის იქნება საეტაპო მნიშვნელობის და ვფიქრობ, კვლევა, რომელსაც განვახორციელებ, ამ დარგისათვის განსაკუთრებულ ღირებულებას შეიძენს. ამის საფუძველია შემფასებლების მხრიდან პროექტის მიმართ გამოხატული ინტერესი და მოწონება. ოქსფორდი ჩემთვის ასევე არის ახალი შესაძლო თანამშრომლობები და ქართული ეთნოლოგიური ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ყველაზე აქტუალურ და ჩვენი ყოფისთვის საკვანძო საკითხებს აყენებს დღის წესრიგში“, – აღნიშნა თეა ქამუშაძემ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში.
თეა ქამუშაძემ თსუ-ში 2018 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “ქალაქის სახის ფორმირება და პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციები (ქ. რუსთავის მაგალითზე)” და მოიპოვა ანთროპოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი ამჟამად არის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური გრანტის – „კოვიდ პანდემია და საქართველო: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა“ – სამეცნიერო ხელმძღვანელი, ასევე, როგორც მკვლევარი, ჩართულია სამეცნიერო კვლევით პროექტში „რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველო: გლობალური და რეგიონული კრიზისის ლოკალური შედეგები”.
თეას მიღებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პოსტსადოქტორო კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2019-2021); ასევე, მიღებული აქვს სტიპენდია დოქტორანტებისათვის „ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევისა და სწავლების ინიციატივა CARTI“ (2011 – 2014), რომლის ფარგლებშიც, ერთი სემესტრით, მიწვეული იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის კვლევით ცენტრში, როგორც ვიზიტორი მკვლევარი;
იგი ფლობდა ლანე კირკლანდის სტიპენდიას (2009-2010), რომლის ფარგლებშიც ორი სასწავლო სემესტრი იმყოფებოდა კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში და დაიცვა დიპლომი თემაზე „კრაკოვი – ნოვა ჰუტას ინტეგრაციული დისკურსი ეკონომიკური ანთროპოლოგიის ჭრილში“. იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტში და 60-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
თეა ქამუშაძის კვლევის ინტერესები მოიცავს: ბავშვის სოციალიზაციის საკითხებს ტრადიციულ საზოგადოებაში, პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციების რელიგიურ და ეკონომიკურ ასპექტებს საქართველოში, ქალაქის სივრცის ტრანსფორმაციასა და მეხსიერებას, პოსტკოლონიურ თეორიას და ციფრულ ანთროპოლოგიას;
ანთროპოლოგია როგორც მეცნიერული დისციპლინა სწორედ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა და კოლონიური საფუძვლები გააჩნია, თუმცა მისი გადააზრებაც, პოსტკოლონიალური თეორიების სახით, სწორედ იქ მოხდა. ამდენად მიუხედავად იმისა, რომ ოქსფორდი ერთ-ერთი ტრადიციებზე ორიენტირებული უნივერსიტეტია, სწორედ იქ იქმნება ახალი, თანამედროვე ცოდნა, რომელიც არსებულ და მომავლის პოტენციურ გამოწვევებს უპასუხებს. ამდენად გამოცდილება, რომელსაც თეა ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღებს, ორმხრივად მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება როგორც ლოკალურ ისე გლობალურ დონეზე.