ახალი სახელმძღვანელო – „კვლევის მეთოდები ბიზნესში“
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ახალ სასწავლო წელს სწავლას ახალი სახელმძღვანელოთი – „კვლევის მეთოდები ბიზნესში“ – შეუდგებიან.
სახელმძღვანელოს ავტორები არიან: თსუ-ს პროფესორი, „საერთაშორისო ბიზნესის“ კათედრის გამგე თეიმურაზ შენგელია და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი თინათინ ჟორჟოლიანი.
როგორც წიგნის ავტორები აცხადებენ, ბიზნესკვლევა გულისმობს ბაზარზე არსებული გარემოებების სიღრმისეულად შესწავლას, რაც დაეხმარება ბიზნესს განვითარებასა და გეგმების განხორციელებაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია იმ მკითხველებისთვის, ვინც ბიზნესის კვლევის მეთოდების შესწავლას იწყებენ. ეს წიგნი ღირებული იქნება ბიზნესის კვლევის შესწავლის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც ბიზნესის განვითარების პერსპექტივას მისი სიღრმისეულად შესწავლის კუთხით ხედავს. სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს ბიზნესის სფეროში მაღალი ხარისხის, კვალიფიცირებული კვლევების ჩატარებას.
როგორც წიგნის შესავალში ვკითხულობთ: „სახელმძღვანელო „კვლევის მეთოდები ბიზნესში“ შექმნილია ბიზნესის სფეროში კვლევის თანამედროვე მეთოდების ათვისების მიზნით. წიგნში წარმოდგენილია ის მეთოდოლოგია და სტრატეგია, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი და ღირებული ბიზნესკვლევების ჩასატარებლად, მეცნიერული კვლევის მაღალი ხარისხისა და ვალიდურობის უზრუნველსაყოფად, რადგან, როგორც ცნობილია, ბიზნესში ჩატარებული კვლევები ხელს უწყობს არსებული პრობლემების გადაწყვეტას და მის დინამიკურ განვითარებას. ბიზნესის კვლევა არის გადაწყვეტილების მიღების, სტრატეგიული დაგეგმვისა და ინოვაციების ქვაკუთხედი. მძლავრ და პროგნოზირებად კვლევის მეთოდებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, ამიტომ ამ დარგში სახელმძღვანელო მასალის დამუშავება და გამოცემა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დიდ სამსახურს გაუწევს როგორც დამწყებ მკვლევრებს, ასევე გამოცდილ პროფესიონალებს“.
სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი თეიმურაზ შენგელია სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ: „ბიზნესსამყაროში ჩართული პროფესიონალებისთვის კვლევის უნარების გასაუმჯობესებლად ეს სახელმძღვანელო ღირებული რესურსია. ის გვთავაზობს პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მეთოდოლოგიებს, რომლებიც შეიძლება პირდაპირ იქნას გამოყენებული ორგანიზაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის გასაუმჯობესებლად. ამ წიგნის დასრულება იყო დიდი შრომის, შეუპოვრობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. უღრმეს მადლობას ვუხდით ყველა იმ პირს, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროცესის რეალიზაციაში“, – განაცხადა პროფესორმა თეიმურაზ შენგელიამ.
წიგნი გვთავაზობს ბიზნესის კვლევის მეთოდოლოგიის საფუძვლიან შესწავლას, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მიდგომების ფუნდამენტურ ანალიზს. ის უზრუნველყოფს მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების ჰოლისტიკურ გაგებას, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას კონკრეტული კვლევებისათვის აირჩიონ შესაფერისი მეთოდები, იქნება ეს პრაქტიკული გამოყენება, ეთიკური იმპერატივები და კვლევის სტრატეგიის დაგეგმვა.
როგორც წიგნის ავტორები აცხადებენ: სახელმძღვანელო წარმოადგენს ღირებულ აქტივს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ეუფლებიან მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში, ასევე დოქტორანტებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ კვლევის თანამედროვე ასპექტების ცოდნა. ეს წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს ამ პრობლემებით დაინტერესებულ ყველა პირს.