როგორია ჩინეთსა და იაპონიაში მოგზაურობა, რომელიც თსუ-დან იწყება?

თარიღი: 2024-09-26 17:35:37

საქართველოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ჩინეთის სახელმწიფოს გამოკვეთამ და ახლახანს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებამ კიდევ მეტი პერსპექტიულობა შესძინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შორეული აღმოსავლეთის სასწავლო პროგრამებს – სინოლოგიასა და იაპონისტიკას. ეს მიმართულებები ჯერ კიდევ 2007 წელს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გელაშვილმა დააარსა. თუკი ადრე ჩინური და იაპონური  ენები, ასევე  ჩინეთისა და იაპონიის ისტორია, კულტურა ასარჩევი,   დამატებითი პროგრამის ფორმატში იყო მოქცეული, 2022 წლიდან, სათანადო აკრედიტაციის წარმატებით გავლის შედეგად, სინოლოგიისა და იაპონისტიკის სწავლება ძირითადი მთავარი სასწავლო პროგრამების ეგიდით მიმდინარეობს.  ამ საშურ საქმეს კვლავაც პროფესორი ნანა გელაშვილი უდგას სათავეში და დიდი ძალისხმევით ახერხებს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე სტუდენტებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ სინოლოგიისა და იაპონისტიკის მიმართულებების გაძლიერებით საქართველოში და, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდად არიან დაინტერესებულნი ჩინეთისა და იაპონიის საელჩოები.  სწორედ ამის შედეგია ის, რომ თსუ-ს მეხუთე კორპუსში, სადაც სინოლოგიისა და იაპონისტიკის პროგრამები ფუნქციონირებს, ხსენებული საელჩოების თანადგომითა და მხარდაჭერით გახსნილია კეთილმოწყობილი, უახლესი ტექნიკური საშუალებებით და შესაბამისი სასწავლო ლიტერატურით აღჭურვილი კაბინეტები. კაბინეტები მორთულია ჩინური და იაპონური ეგზოტიკური კულტურის ამსახველი  შესანიშნავი ნიმუშებით. 

,,შორეული აღმოსავლეთის, როგორც რეგიონის კომპლექსურად შესწავლა  საქართველოს არცერთ სხვა უმაღლეს სასწავლებელში არ ხდება, როგორც ეს ჩვენს პროგრამებზეა. ვფიქრობ, გარკვეულწილად, სავსებით კანონზომიერია, რომ ამ მხრივ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია. ჩვენ აკადემიური დონის განათლებას და პროფესიას ვაძლევთ სტუდენტებს და ეს წლების მანძილზე გაწეული შრომისა და დიდი მონდომების შედეგია. შარშან და შარშანწინ სტუდენტები ითხოვდნენ კოეული ენის, როგორც დამატებით მეორე ენის, შესწავლას. წელს გამოიკვეთა გარკვეული კონტურები ამ მიმართულებით. გამოცდილება და დრო გვაჩვენებს – რა და როგორ გავაგრძელოთ მომავალში…“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ნანა გელაშვილი.

სტუდენტებისთვის დიდი სტიმულის მომცემია გაცვლითი პროგრამები. სწორედ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წელს, აგვისტოს ბოლოს, კონკურსის გზით შერჩეული 5 სტუდენტი გაემგზავრა ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად (მიმწვევი მხარის სრული დაფინანსებით). სტუდენტები წავიდნენ პეკინის უნივერსიტეტში, ლანჭოუს უნივერსიტეტში, ასევე შანტუნგის ოლქში, რომელიც კონფუცის სამშობლოა… სტუდენტებს აცნობენ ჩინეთის ისტორიას და ექსკურსიებზე დაჰყავთ… მოინახულეს ჩინეთის დიდი კედელი და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები. ფოტოებიც დადეს უკვე და სიხარულით ავრცელებენ სოციალურ ქსელში თავიანთ შთაბეჭდილებებს… ახლა უკვე შეუდგნენ სწავლას. ასევე, ჩვენი სტუდენტები  და კურსდამთავრებულები იმყოფებიან იაპონიაშიც.

,,მჯერა, რომ ისინი ენის გამართულად მცოდნენი და, ზოგადად, ქვეყნის შესახებ მრავალგზის ინფორმირებულნი ჩამოვლენ. მათ შემდგომში არც დასაქმება გაუჭირდებათ, რადგან ჩვენი პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები ყოველთვის პოულობენ სამსახურს“, – ამბობს ნანა გელაშვილი. 

                                                            რა ხდება დერეფანში?

იაპონისტიკის პროგრამაზე იაპონელი ლექტორი ჰყავთ – იასუჰირო კოჯიმა, რომელიც ქართულს თავისუფლად ფლობს, თარგმნის ქართველ პოეტებსა და მწერლებს. ის ასწავლის იაპონური ლიტერატურის ისტორიას და ლინგვისტური კუთხით იაპონურ-ქართულ ურთიერთობებს. ჩინურ განხრაზე ჩინელი ლექტორი ჰყავთ, რომელიც ასევე ქართველოლოგია. როგორც ზემოთ აღინიშნა, პროგრამა სასწავლო დისციპლინების მეტად ფართო სპექტრს მოიცავს,  აქ ისწავლება შორეული აღმოსავლეთის ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრებები; საუბარია კონფუციზე, ლაო ძიზე და სხვა მათ მოწაფე ფილოსოფოსებზე. ისწავლება შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკა, რეგიონის ქვეყნების ლეგენდები და მითები და სხვა.

„ვეფხისტყაოსანში“ ნახსენებ ხატაეთზე, სტუდენტებმა უკვე იციან, რომ ჩინეთზეა საუბარი. სტუდენტები წერენ სადიპლომო ნაშრომებს აბრეშუმის გზაზე, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს აკავშირებს. სინოლოგიისა და იაპონისტიკის პროგრამების კურსდამთავრებულებმა ისიც იციან, რომ თავის დროზე, უძველეს ხანაში, იაპონიამ ძალიან ბევრი რამ გადაიღო ჩინეთიდან. იაპონიაში რომ ბუდიზმმაც შეაღწია ჩინეთიდან (კორეის გავლით) – ამის შედეგად კულტურათა დიალოგის საკითხებსაც  ისმენენ სტუდენტები. დარგის პოპულარიზაციის მიზნით, ნანა გელაშვილის ორგანიზებით იმართება ყოველწლიური  სამეცნიერო კონფერენციები, ხშირად ეწყობა ორიგამის და იკებანას ხელოვნების ვიზუალურად გაფორმებული ღონისძიებები, სტუდენტების ნამუშევრების გამოფენები, კინოჩვენებები, ტარდება თვითშემოქმედების საღამოები, პრეზენტაციები და სხვა.

სწორედ ასეთი შემოქმედებითობის გამოა სტუდენტთა ძალიან დიდი ინტერესი – მოხვდნენ სინოლოგიისა და იაპონისტიკის პროგრამებზე. მათ მიმართულების ხელმძღვანელი სასიამოვნო გარემოს და მდიდარ ბიბლიოთეკასაც ახვედრებს. ხაზგასასმელია, რომ ჩინეთისა და იაპონიის შესახებ ქართულ ენაზე არსებული ლიტერატურა საკმაოდ მწირია, მოთხოვნილება მასზე კი – სულ უფრო მზარდი. აქედან გამომდინარე, სინოლოგიის და იაპონისტიკის პროფესორ-მასწავლებლები ცდილობენ ამ ხარვეზის აღმოფხვრას. შარშან ნანა გელაშვილისა და მისი ყოფილი 5 სტუდენტის თანაავტორობით გამოიცა წიგნი – „ჩინეთის ისტორია“, სადაც უძველესი დროიდან დღემდეა აღწერილი ჩინეთის ისტორია. ასევე, ნანა გელაშვილმა გამოსცა მონოგრაფიები „შორეული აღმოსავლეთის რელიგიები“, „იაპონია საუკუნეთა ლაბირინთებში“, „ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები“ და სხვა სამეცნიერო პუბლიკაციები. ამჟამად კი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს წიგნზე – ,,ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები“, რომელიც მალე გამოიცემა, ისევე, როგორც წიგნი იაპონურ კულტურაზე.

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ თუკი 15-15 ადგილია განკუთვნილი ზემოთ წარმოდგენილ პროგრამებზე  სასწავლებლად, რეალურად 35 და 30 სტუდენტი მოდის… მათი რიცხვი იზრდება და ეს არც არის გასაკვირი… პირველსემესტრელებს ჯერ კიდევ წინ აქვთ პროფესორ ნანა გელაშვილის ხელმძღვანელობით იმ დერეფნის გავლა, რომელიც ქართველებს ჩინეთსა და იაპონიასთან აკავშირებთ… 

Facebook
Twitter
LinkedIn