სამუშაო ვიზიტით ნორდის უნივერსიტეტში
11-15 სექტემბერს თსუ-ს კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორები ნინო ჩიქოვანი და ირაკლი ჩხაიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ნორდის უნივერსიტეტში (ბოდო, ნორვეგია), სადაც მასპინძელი მხარის ორგანიზებით გაიმართა ვორკშოპი, რომელშიც, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, მონაწილეობდნენ ნორდის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები. შეხვედრაზე შემუშავდა საპროექტო წინადადება და დაიგეგმა შემდგომი სამუშაო, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო კონსორციუმის შექმნას ინოვაციური ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტის ევროპული ფონდებისთვის დასაფინანსებლად წარდგენისათვის.
ნინო ჩიქოვანის ინფორმაციით, შეხვედრებზე ასევე განხილული იყო მჭიდრო ინსტიტუციათაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხი, რომლის შედეგად, კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორების თანაავტორობით, უკვე მომავალ წელს შეიქმნება კოლექტიური მონოგრაფია. ფუნდამენტური ინდერდისციპლინური გამოკვლევა მიეძღვნება საქართველოს პოსტიმპერიულ ტრანსფორმაციებს და გამოქვეყნდება ევროპული გამომცემლობის მიერ.
მისივე ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა საქართველოში განვითარებულ პროცესებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნორდის უნივერსიტეტის ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებათა პროფესორები და დოქტორანტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კულტურის კვლევათა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ურთიერთობა ნორდის უნივერსიტეტთან უკვე რამდენიმე წელს ითვლის და მოიცავს თანამშრომლობას როგორც კვლევის, ასევე სწავლების სფეროში. წლევანდელი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრაც ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო. გაზაფხულის სემესტრში ველოდებით ნორვეგიელი კოლეგების საპასუხო ვიზიტს ჩვენს უნივერსიტეტში“, – ამბობს ნინო ჩიქოვანი.