უნივერსიტეტელი ეკა ვარდიაშვილი დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდა საფრანგეთიდან
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ეკა ვარდიაშვილი ერთი სასწავლო სემესტრი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში სწავლობდა. ეკა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა საქართველოში და ემადლიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელმაც საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა მისცა.
,,მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველთვის გამოირჩევა მრავალფეროვანი სასწავლო პროგამის შემოთავაზებით, ლილის უნივერსიტეტში სწავლებისას მსურდა – ამერჩია კურიკულუმით გათვალისწინებული ისეთი საგნები, რომლის სწავლის შესაძლებლობაც საქართველოში არ მქონდა. შესაბამისად, გავიარე ისეთი საინტერესო საგნები, როგორებიცაა: გენდერული კვლევები (Gender Studies), საერთო სამართალი (common law); აგრეთვე, კომერციული სამართალი, რომლის ფარგლებშიც შევისწავლე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის კანონმდებლობა საქონლის გაყიდვის შესახებ. ამასთანავე, პარალელურად ვიკვლევდით ნახსენები ქვეყნების კანონმდებლობაში არსებულ პრობლემატურ საკითხებს. ასევე, შევისწავლე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის განკუთვნილი საგანი – შედარებითი ადგილობრივი სამართალი და ინსტიტუციები, რომლის ფარგლებშიც გავეცანი ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, აგრეთვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ცალკეულ ინსტიტუტებს შორის არსებულ შედარებით-სამართლებრივ ანალიზს“, – აღნიშნავს ეკა ვარდიაშვილი.
საფრანგეთში ყოფნის დროს ეკა ცდილობდა – აქტიურად ყოფილიყო ჩართული საუნივერსიტეტო შემეცნებით საქმიანობაში. იგი დაესწრო კონფერენციას თემაზე: ,,მრავალმხრივი ინსტრუმენტი: საერთაშორისო საგადასახადო ხელშეკრულებების ჰარმონიზაციის მდგომარეობა”.
,,ვასრულებდი მოხალისეობრივ საქმიანობასაც, რომლის ფარგლებშიც ვიყავი Amnestry International France-ის ლილში არსებული ადგილობრივი ჯგუფის წევრი, რამაც მომცა როგორც კვლევითი (კერძოდ, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩემ მიერ დაწერილი სტატია), ასევე, საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება (ჩემი დახმარებით ჩაიწერა პოდკასტი La Voix Amnesaty-ის რვა ეპიზოდი).
ამდენად, შემიძლია ვთქვა, რომ გაცვლითმა სემესტრმა, გარდა აკადემიური თვალსაზრისით გაზრდისა (მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი პროფესიისთვის აუცილებელი ინფორმაცია), გამზარდა პიროვნულადაც. კიდევ უფრო გამიუმჯობესდა ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა პრობლემების გლობალური პერსპექტივიდან დანახვის უნარი; ორგანიზების, გამოწვევებთან გამკლავების უნარი. აგრეთვე, გავიუმჯობესე ჩემი ფრანგული ენის დონე. ვფიქრობ, აუცილებელია აღვნიშნო, რომ მადლიერი ვარ მოცემული შესაძლებლობისთვის – მქონოდა ახლო ურთიერთობა როგორც ადგილობრივებთან, აგრეთვე თანატოლებთან (მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან). კულტურათა გაცვლა, ჩვენი ქვეყნების წარმატებისა თუ პრობლემების განხილვა და შემდგომ ამ პრობლემების გადაჭრის გზებსა თუ პოტენციურ რისკებზე საუბარი ძალიან სასიამოვნო იყო“, – ასეთია ეკა ვარდიაშვილის შეფასება.
ეკას მტკიცედ სწამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს დღემდე აწვდის იმ აუცილებელ და ხარისხიან განათლებას და აჩვენებს იმ სწორ ადამიანურ ღირებულებებს, რაც აუცილებელია ყველა იურისტისთვის. ,,ვფიქრობ, რომ არა თსუ-ს მიერ საკვანძო თემებზე ასე სწორად მოცემული ცოდნა, უფრო გამიჭირდებოდა სასწავლო პროცესი მასპინძელ უნივერსიტეტში. ამასთანავე, ჩვენმა უნივერსიტეტმა მომცა არა მხოლოდ ღრმა და ხარისხიანი განათლება, აგრეთვე განმივითარდა კვლევითი, კრიტიკული და შედარებით-სამართლებრივი ანალიზის უნარები, რაც დამეხმარა როგორც ლილის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ასე ეფექტიანად გატარებაში, აგრეთვე უნივერსიტეტის მიღმა საქმიანობაში“, – ამბობს ეკა. როგორც სტუდენტი, უნივერსიტეტში ის ისურვებდა მეტ სტუდენტურ მოხალისეობრივ სივრცეს, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა – აქტიურად იყვნენ ჩართულები გლობალურ ან/და ლოკალურად არსებულ აქტუალურ პროცესებში.