ქიმიის, როგორც მეცნიერების, პოპულარიზება სკოლებში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების მეცნიერები და მკვლევრები აქტიურად არიან ჩართულნი უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში. მათი ერთ-ერთი პროექტი, რომელიც რუსთაველის ეროვნული ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი გრანტის SPG-23-527 -ის ფარგლებში განხორციელდა, არაერთ საინტერესო ღონისძიებას ითვალისწინებდა. პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებზე გვესაუბრება გრანტის ხელმძღვანელი: ქიმიის დეპარტამენტის მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ქიმიის დოქტორი ელიზა მარქარაშვილი:
– რუსთაველის ეროვნული ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის გაცემული მიზნობრივი გრანტის (SPG-23-527) ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების შედეგად, გაიზარდა მოსწავლეების ქიმიის მიმართ ინტერესი. ამას მოწმობს ამ ღონისძიებებზე მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც 6000-მდეა. ამ ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა 21 სახალისო ლექცია, 21 ქიმიური სახალისო ექსპერიმენტი და სხვადასხვა აქტივობა.
ღონისძიებები ჩატარდა მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის არაქართულენოვან სკოლებში. ზუგდიდის გორის, კასპის, ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვრისპირა სოფლებში, თბილისის, ბათუმის, ქობულეთის არაქართულ- და ქართულენოვან სკოლებში. ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ასევე უკრაინული სექტორის მოსწავლეები თბილისსა და ბათუმში. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ამ გრანტის ფარგლებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ამას მოწმობს მადლობის სიგელები და წერილები, რაც ამ პროექტის განხორციელებისას მივიღეთ. სულ მონაწილეობა მიიღო 50-მდე სკოლამ.
მეცნიერების სფეროების შესახებ წარმოდგენის ფორმირება, ქიმიური ტექნოლოგიის პროდუქტების ყოველდღიურ ყოფაში აღმოჩენა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ქიმიური ექსპერიმენტების, ლაბორატორიული მუშაობის სპეციფიკის ჩვენება დაეხმარება მათ ზედა კლასებში ინტერესით მოეკიდონ ისეთი მნიშვნელოვანი STEM მეცნიერების, საფუძვლების შესწავლას, როგორიც ქიმიაა, ის, ასევე, გააფართოებს მათ თვალსაწიერს თანამედროვე ტექნოლოგიური დარგების დიდ ჩამონათვალზე, მათ პრაქტიკულ საჭიროებაზე და ამ სფეროში საქმიანობის შესაძლებლობაზე.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა საუბრები ქიმიურ-ტექნოლოგიური დარგების პრაქტიკული საჭიროების და პერსპექტიულობის შესახებ, განვიხილეთ ქიმიურ-ეკოლოგიური მიმართულების აქტუალური საკითხები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს – იპოვონ თეორიული და პრაქტიკული კავშირები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებს შორის, მოემზადონ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ტრანსფორმაციისათვის.
მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ქიმია არა მარტო რთული სასწავლო საგანი, არამედ საინტერესო თავგადასავალია. ამ ეტაპზე მოსწავლეებმა ლაბორატორიული სამუშაო, როგორც სახალისო პროცესი, ისე ნახეს. მათ მომავალში – ზოგადი ქიმიის საფუძვლების თეორიული შესწავლის და ლაბორატორიული მუშაობის გაერთიანების საფუძველზე, გარემოს, ყოფაცხოვრების, ადამიანის ორგანიზმის და ა.შ. შესახებ ცოდნის შეძენით – შეუძლიათ, გამოიმუშაონ ცოდნის კრიტიკული შეფასებისა და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიების უნარი, გაეცნონ ქიმიის ფუნდამენტურ პრინციპებს, დაეუფლონ კვლევითი ამოცანების გადაჭრის ლაბორატორიულ მეთოდებს, შეძლონ ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება ქიმიის მომიჯნავე დარგებში.
ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს ქიმიის, როგორც მნიშვნელოვანი STEM მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური დარგების პრაქტიკულ საჭიროებაზე, ამ სფეროში საქმიანობის შესაძლებლობაზე.
ასეთი პრაქტიკული სფერო, მაგალითად, არის გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეხვედრებზე საუბრები შეეხო გარემოს დაცვას, იმ საფრთხეებს, რაც ემუქრება გარემოს, რაც საზოგადოების ყოველი წევრის საზრუნავი უნდა იყოს და, გარკვეულ ფარგლებში, ეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებსაც ხელეწიფებათ. შეხვედრების ამსახველი მასალა და ფოტოები იდებოდა უნივერსიტეტისა და სკოლების გვერდებზე ვებგვერდებზე.
პროექტის შესრულებაში, გრანტის პერსონალთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები, სტუდენტები. პროექტს კოორდინირებას და პრაქტიკულ განხორციელებაში დახმარებას უწევდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრი და ამ ცენტრის განყოფილება – „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“. მადლობას ვუხდით რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს სკოლის მოსწავლეებისათვის ასეთი ტიპის პროექტების დაფინანსებისთვის.