ღირსეული მასწავლებლის ღირსეული მოწაფე – უნივერსიტეტში კორნელი დანელიას დაბადებიდან 90 წლისთავი აღინიშნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ქართველი ფილოლოგის, ენათმეცნიერის, ტექსტოლოგის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ კორნელი დანელიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი XVIII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას, თსუ-ს თანამშრომლების გარდა, მოწვეული სტუმრები, პროფესორის კოლეგები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორმა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ პროფესორ კორნელი დანელიას ცხოვრებასა და მოღვაწეობის ძირითად ეტაპებზე ისაუბრა:
„დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება ჩვენთვის ყველასთვის პატივსაცემ დიდ ენათმეცნიერსა და არაჩვეულებრივ პიროვნებას, პროფესორ კორნელი დანელიას, რომელმაც თავისი მოღვაწეობით განსაკუთრებული კვალი დატოვა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფილოლოგიის განვითარებაში.
ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის წარჩინებული კურსდამთავრებული ახალგაზრდა კორნელი დანელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს აკაკი შანიძის მოწაფის, ქეთევან ძოწენიძის რეკომენდაციით მოვიდა და მალე თავად გახდა ამ დიდი მეცნიერის გამორჩეული მოწაფე. 1966 წელს მისი ხელმძღვანელობით კორნელი დანელიამ წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია („იერემიას წინასწარმეტყველების ძველი ქართული ვერსიები და მათი ენა“), 1978 წელს კი სადოქტორო დისერტაცია, რომლის თემა იყო „პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები და მათი ენა“. 1967-1980 წლებში კორნელი დანელია იყო თსუ-ს ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი, ხოლო 1980 წლიდან – პროფესორი. აკადემიკოს აკაკი შანიძის გარდაცვალების შემდეგ, 1987 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა აკაკი შანიძის დაარსებულ კათედრას, რაც მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობად მიაჩნდა. 1988 წელს ბატონი კორნელი აირჩიეს ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად და 9 წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე (1997 წ), წარმატებით უძღვებოდა ფაკულტეტს. ბატონი კორნელი ფართო პროფილის ფილოლოგი და მეტად ნაყოფიერი მკვლევარი გახლდათ. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია 170-მდე ნაშრომი, რომელთა შორის 10 ფუნდამენტური მონოგრაფიაა. მრავალმხრივია მისი კვლევის სფეროებიც: ძველი ქართული ენა, უძველესი წერილობითი ძეგლების კრიტიკული პუბლიკაცია, ქართული სამწერლობო ენის, ქართველურ ენათა (მეგრულ-ჭანურის) ისტორიის, შედარებითი გრამატიკისა და პოეტური ენის საკითხები, ბიბლიურ წიგნთა ქართული თარგმანების საკითხები, ქართველოლოგიის ისტორია და სხვ. მის სამეცნიერო მემკვიდრეობაში ცენტრალური ადგილი უკავია ქართული ქრისტიანული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლების ენობრივი, ლიტერატურული და წყაროთმცოდნეობითი ასპექტების, ძველი ქართული ენის სტრუქტურის პრობლემათა კვლევას. გარდა ამისა, ის იყო არაჩვეულებრივი ლექტორი, რომლის ხელში გაიარა ფილოლოგთა მრავალმა თაობამ.
ბატონ კორნელის გამოარჩევდა ბევრი პიროვნული ღირსებაც. ის ყოველთვის მზად იყო თბილი და კეთილი დამოკიდებულება გამოეხატა ყველას მიმართ, ვისთანაც ურთიერთობა უხდებოდა. ამ სიყვარულსა და პატივისცემას განსაკუთრებით გრძნობდნენ ახალგაზრდები, მისი მოწაფეები, სტუდენტები. ბატონი კორნელი ბევრი მათგანისთვის გამხდარა გზის გამკვალავი. დღეს მისი კოლეგების, მოწაფეების აქ ყოფნა არის მისდამი დიდი მადლიერების და პატივისცემის გამოხატულება. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა დღესაც მეტად ფასეულია, ხოლო წიგნები – მოთხოვნადი. ბოლო წიგნი, რომელიც კ. დანელიას სიცოცხლეში გამოიცა, იყო პროფესორ ზურაბ სარჯველაძესთან თანაავტორობით სტუდენტებისათვის დაწერილი სახელმძღვანელო „ქართული პალეოგრაფია “(1997). ეს წიგნი დღესაც საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოა; მალევე იქცა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად 1998 წელს თსუ-ს გამომცემლობის მიერ გამოცემული რჩეული შრომების კრებული „ნარკვევები ქართული სამწერლობო ენის ისტორიიდან (ტ.1) და „ნარკვევების“ მეორე ტომიც, რომელიც 2009 წელს, მისი დაბდებიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად, გამოსცეს მისმა კოლეგებმა და მოწაფეებმა. 2006 წელს კორნელი დანელიას ჩანაწერებისა და ლექციების მიხედვით დაისტამბა კოლხური ენის გრამატიკული ანალიზი, რომელიც დღემდე გამოიყენება საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოდ. წელს, ბატონი კორნელის საიუბილეო თარიღისთვის მეორედ გამოიცა მისი ცნობილი „ნარკვევების“ პირველი ტომი, ბატონი კორნელის ქალიშვილის, ნანა დანელიას მხარდაჭერით, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ მას“, – აღნიშნა პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ.
პროფესორ კორნელი დანელიასთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა კრიტიკოსმა, ლიტერატურათმცოდნემ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ამირან გომართელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა კორნელი დანელიას მაღალ პროფესიონალიზმს, კვლევის საგნისადმი ღრმა და პრინციპულ დამოკიდებულებას.
ცნობილმა ქართველმა ენათმეცნიერმა გიორგი გოგოლაშვილმა კი გაიხსენა იუბილარის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც პროფესორ კორნელი დანელიას, როგორც პიროვნებას, მეცნიერს და მოღვაწეს ახასიათებდა: „კორნელი დანელია აკაკი შანიძის მოწაფე იყო. „მოწაფე“ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. იშვიათად მინახავს კაცი, რომელიც ასე ბედნიერი ყოფილიყო ღირსეული მასწავლებლის მოწაფეობით… და ეს ბედნიერება, ერთგულება გრძელდებოდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. იყო ასეთი შემთხვევა: 1984 წელია. ბატონ კორნელის იოსებ ყიფშიძეზე წიგნი დაუწერია და ბატონ აკაკი შანიძისთვის მიუტანია წასაკითხად, რომელსაც უთქვამს, ერთი კვირის შემდეგ გამოიარეო. ბატონ აკაკის ერთ დღეში წაუკითხავს წიგნი და ბატონ კორნელისთვის მხოლოდ ეს უთქვამს: „ნეტა, ასეთ წიგნს ჩემზედაც დაწერდეს ვინმეო. ბატონ კორნელის უთქვამს: „ამაზე უკეთეს რეცენზიას ვერ ინატრებდა კაცი!..“ მალე ბატონ აკაკისაც აუსრულდა ეს ნატვრა: დიდი მეცნიერის 100 წლისთავის იუბილესთვის კორნელი დანელიამ, ზურაბ სარჯველაძესთან თანაავტორობით, დაწერა შესანიშნავი წიგნი აკაკი შანიძეზე. ბატონი კორნელი იყო ლიდერი, კარგი ორგანიზატორი, წინდახედული, გონიერი, სიახლის გრძნობით სავსე და ინიციატივიანი ადამიანი,“-აღნიშნა გიორგი გოგოლაშვილმა, რომელმაც ამ თვისებების გამომხატველი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაიხსენა პროფესორ კორნელი დანელიას მოღვაწეობიდან.
აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა კორნელი დანელიას მრავალმხრივობას და სამეცნიერო მოღვაწეობის დიდ პოტენციალს, რომელიც მრავალი მეცნიერული წარმატების საწინდარი უნდა გამხდარიყო. „კორნელი დანელია ჩვენს კათედრაზე შედარებით გვიან გამოჩნდა, ის მოვიდა ქეთევან ძოწენიძის რეკომენდაციით. მამაჩემი, აკაკი, მისი მასწავლებელი იყო და კმაყოფილი იყო მისი საქმიანობით. კორნელი დანელიას სამეცნიერო ნაშრომები თვალნათლივ ჩანს მისი ნიჭიერება, ლოგიკური, ღრმა აზროვნების უნარი. დასანანია, რომ ასეთი ადამიანის სიცოცხლე ადრე შეწყდა და თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოიყენა. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა აშკარად აჩვენებს რომ მას დიდი შესაძლებლობები ჰქონდა“, – აღნიშნა აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ.
პროფესორ კორნელი დანელიას ღვაწლსა და ადამიანურ თვისებებზე ისაუბრეს: ელგუჯა ხინთიბიძემ, ლადო მინაშვილმა, ლელა ციხელაშვილმა და ნინო დობორჯგინიძემ. საგულისხმოა, რომ ყოფილი სტუდენტები, დღეს უკვე ცნობილი მეცნიერები, დიდი პატივითა და სიყვარულით იხსენებენ მას და მის ლექციებს.
კოლეგებმა ენათმეცნიერზე დიდი პატივისცემითა და სითბოთი საუბარი კორნელი დანელიასადმი მიძღვნილ გამოფენაზეც განაგრძეს, სადაც წარმოდგენილი იყო მისი ფოტოსურათები, ნაშრომები, საარქივო დოკუმენტები და პირადი ნივთები (გამოფენის ორგანიზატორები თსუ-ს მუზეუმის თანამშრომელთა ჯგუფი ქალბატონ მანანა ლილუაშვილის ხელმძღვანელობით).
გამოფენის შემდეგ გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც დაყოფილიყო იყო სექციებად: ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია/არქეოლოგია და ფილოსოფია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები.
პროფესორ კორნელი დანელიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილ XVIII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე, ბევრი კეთილი და გულწრფელი სიტყვა ითქვა დიდი მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. იგი სოფელ ნაჯახაოში (მარტვილის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. 1963 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ძველი ქართული ენის კათედრაზე (1987 წლიდან იყო ამ კათედრის გამგე). 1988 წლიდან გარდაცვალებამდე (1987 წ) იყო თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. მისი სამეცნიერო გამოცემებიდან აღსანიშნავია „პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები“ (თანაგამომცემელი პროფ. ქ. ძოწენიძე, 1974), „ევთალეს სტიქომეტრიის ძველი ქართული რედაქციები“ (1976), „ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი“ (ტ,. I, 1987; ტ. II, 1997), „იერემიას წინასწარმეტყველების ძველი ქართული ვერსიები” (1992). იკვლევდა ბიბლიურ წიგნთა ქართულ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს. განსაკუთრებით ფასეულია მონოგრაფია „ქართული სამწერლობო ენის ისტორიის საკითხები” (1983), რომელშიც კომპლექსურად არის განხილული ქართული ლიტერატურის ისტორიის საკვანძო საკითხები, გამოვლენილია უცხო ენებიდან მომდინარე ლექსიკური და გრამატიკული ელემენტები ქართულ თარგმანში.
კორნელი დანელიას აქვს საყურადღებო შრომები ძვ. ქართულსა და „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის შესახებ, სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ წყაროებსა და მასში ასახულ კოლხურ ლექსიკურ შრეებზე, ჩახრუხაძისა და შავთელის ხოტბათა პოეტურ ენაზე. წერილების მთელი სერია უძღვნა ქართული სალიტერატურო ენის უცხო ენებთან კონტაქტის პრობლემას. გამოსცა „ქართული ხალხური ზეპირსიტყვაობის“ II ტომი (ავტორი პროფ. ა. ცანავა, 1992); თსუ-ში საფუძველი ჩაუყარა ახალ სასწავლო კურსს – „ქართველოლოგიის შესავალი“, დაგვიტოვა ქართული ენათმეცნიერული აზრის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი მონოგრაფიული ნაშრომები: „იოსებ ყიფშიძე – ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა“ (1985), „აკაკი შანიძე – ცხოვრება და მოღვაწეობა“ (პროფ. ზ. სარჯველაძის თანაავტორობით, I987), ასევე აღსანიშნავია ი. ყიფშიძის თხზულებათა პუბლიკაცია (1994) დანელიას რედაქტორობით, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით; „ქართული პალეოგრაფია“ (ზ. სარჯველაძესთან თანაავტორობით, 1997); „ნარკვევევები ქართული სამწერლობო ენის ისტორიიდან, ტ.1, (1998), ტ. 2 (2009) და სხვ.