ფრანგულ-ქართული საზაფხულო სკოლა თსუ-ში
მიმდინარე წლის პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა საზაფხულო სკოლას, რომელიც ფრანგულ – ქართული პროექტის ფარგლებში მოეწყო. პროფესიული უნარების განმავითარებელი პროექტი, რომელიც მედიაში წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების სწავლებას ეძღვნებოდა, მომზადდა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მიერ, სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (CUEJ) მონაწილეობით, რომელთანაც თსუ-ს მედიასკოლას თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს – გასულ წელს წარმატებით ჩატარდა ერთთვიანი პრაქტიკული სწავლება ჟურნალისტიკის ბაკალავრიატის ქართველი და ფრანგი სტუდენტებისთვის.
საზაფხულო სკოლის იდეა ეკუთვნის თსუ-ს ასისტენტ-პროფესორს თინათინ მაჭარაშვილს. პროექტზე მასთან ერთად იმუშავეს თსუ ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა მანანა შამილიშვილმა და ასისტენტ-პროფესორმა ნათია სვანიძემ.
ფრანგული მხრიდან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სტრასბურგის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბეჭდური მედიის მიმართულების ხელმძღვანელი ალენ პიტერი და ჟურნალ „ლე მონდის“ ჟურნალისტი სტეფანი ვანჟერი. მათთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვნენ დოქტორანტები: თამთა ჩხაიძე და ანა თვალავაძე, სტუდენტები საბა სამუშია და ნინი შავლაძე, რომლებიც მოდერატორობას უწევდნენ სამუშაო პროცესს.
პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩა თსუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების 20-მდე სტუდენტი, რომლებმაც, ფრანგი და ქართველი მენტორების ხელმძღვანელობით, წინდაწინ შერჩეულ აქტუალურ თემებზე იმუშავეს და ორიგინალური ჟურნალისტური პროდუქცია შექმნეს.
ხუთი დღის განმავლობაში საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა შვიდი პროექტი დაამუშავეს და პროექტის დახურვის დღეს წარმოადგინეს. თითოეული მათგანი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საზაფხულო სკოლამ, ჟურნალისტების დაოსტატებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის განვითარების მხრივ დიდი გამოცდილება შესძინათ. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
სტრასბურგის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბეჭდური მედიის მიმართულების ხელმძღვანელმა ალენ პიტერმა, რომელიც თავად ახლდა ვარკეთილის მეტროდან და დიღმის ჭალებიდან რეპორტაჟებზე მომუშავე ჯგუფებს, აღნიშნა, რომ სტუდენტების პროექტში ჩართულობამ მოლოდინს გადააჭარბა: „ერთ კვირაში იდეიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე მათ მაქსიმუმი გააკეთეს. აღფრთოვანებული ვარ სტუდენტების მონდომებით და ენთუზიაზმით“, – გვითხრა მან.
პროფესორმა მანანა შამილიშვილმა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში აღნიშნა, რომ იგეგმება ნაშრომების ბეჭდური ვერსიის გამოცემაც. „ქართულ-ფრანგული საზაფხულო სკოლა ნაწილია იმ დიდი თანამშრომლობითი პროექტისა, რომელსაც სამომავლოდ ვგეგმავთ. ჩვენს მედიასკოლებს შორის ურთიერთობას გასულ წელს ჩაეყარა მყარი საფუძველი. ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ პრაქტიკას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტურ სწავლებაში. ისიც გულწრფელად ვთქვათ, რომ ამ მხრივ არ ვართ განებივრებულები და ნებისმიერი მცდელობა, რაც სტუდენტებს ამ უნარებს განუვითარებთ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამჯერადაც მათ მიეცათ შესაძლებლობა, გამოცდილი ფრანგი სპეციალისტის მენტორობით ემუშავათ, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია. ე.წ. საველე ჟურნალისტიკის კუთხით გაწაფვა და საკუთარი პროდუქციის შექმნა უდიდეს სიხარულთანაა დაკავშირებული და არჩეულ პროფესიასთან კიდევ უფრო მეტ სიახლოვეს გაგრძნობინებს. ვფიქრობ, ასეთი განცდა დაეუფლებოდა ჩვენს ნიჭიერ სტუდენტებს, როცა საკუთარ ნაშრომებს დამსწრეთა წინაშე წარმოადგენდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მჭიდრო ურთიერთობა ფრანგ კოლეგებთან, მათი გამოცდილების გაზიარება გვეხმარება საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების აღმოჩენაში. და რაც მთავარია, გვმატებს თვითრწმენას, რომ ჩვენც ერთიანი ევროპული აკადემიური სივრცის ნაწილი ვართ და ამ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს”, – აღნიშნა პროფესორმა მანანა შამილიშვილმა.
რაც შეეხება მომავლის გეგმებს, როგორც იდეის ავტორმა და საზაფხულო სკოლის ორგანიზატორმა თინათინ მაჭარაშვილმა გვითხრა, უკვე შეტანილია განაცხადი ერასმუს+ -ის პროგრამა MIC-ზე, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პერსონალის მობილობას, გამოცდილების გაზიარების მიზნით. სექტემბერში გაირკვევა, რა ფორმით შეიძლება პროექტის გაგრძელება და სამომავლოდ განხორციელება.