თსუ-ს დელეგაცია ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში

თარიღი: 2024-07-04 18:08:37

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის კათედრა მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში სახელწოდებით: გლობალურ ჯამრთელობაში აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (BACE)“.

პროექტი 2021 წლიდან მიმდინარეობს და 2024 წლის მაისში დასრულდა.  პროექტის განხორციელებაში თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად მონაწილეობდნენ სპეციალისტები გერმანიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან. პროექტში წამყვანი უნივერსიტეტის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტს. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით.

პროექტის დახურვასთან დაკავშირებით, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტში გაიმართა კონფერენცია, რომლის მუშაობაში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო თსუ-ს,  ბათუმის უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. 

საერთაშორისო კონფერენციაზე თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი წარმოადგინა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ბიწკინაშვილმა; პროფესორებმა – ნინო ჩიხლაძემ, ნატა ყაზახაშვილმა; ასოცირებულმა პროფესორებმა – ლაშა ლორიამ, მაკა ჯორბენაძემ და ნატო ფიცხელაურმა. 

პროექტი ითვალისწინებდა გლობალური ჯანმრთელობის პრიორიტეტების თაობაზე ახალი სასწავლო კურსის შემუშავებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში კვლევების ჩატარების თანამედროვე მეთოდების უპირატესობების გაცნობას, ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული უნარების განვითარებას და, ასევე,  პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: გლობალიზაცია და ჯანმრთელობა,  გადამდები დაავადებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაზომვა, ბიოსტატისტიკა, საზოგადოების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობები გლობალიზაციის პირობებში, ურბანიზაცია და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე, მიგრაციული პროცესები გლობალურად, გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევები. როგორც  ასოცირებულმა პროფესორმა  მაია  ბიწკინაშვილმა განაცხადა: „განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო შეხვედრისა და უახლესი მონაცემების საფუძველზე წარმოდგენილი ლექციის შესახებ, რომელიც მიეძღვნა  გლობალური დათბობის გავლენას ჯანმრთელობაზე. ლექცია წაიკითხა გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის ექს-დირექტორმა,  Prof. Dr. Rainer Sauerborn-მა, რომელმაც მეტად მნიშვნელოვანი გზავნილები გააცნო დამსწრე საზოგადოებას კლიმატის ცვლილების, დათბობისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ“, – აღნიშნა მაია ბიწკინაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ,,ერაზმუს +“-ის გრანტის ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა ,,გლობალურ ჯანმრთელობაში აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“  თსუ-ს აკადემიურ პერსონალს გააცნო თანამედროვე ხედვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევების დაძლევის გზების შესახებ, ასევე, ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა მისცა, რაც, თავის მხრივ, ინოვაციური პროექტების შემუშავების და სამომავლოდ ერთობლივად განხორციელების საფუძველს წარმოადგენს.

Facebook
Twitter
LinkedIn