ირმა ჭანტურიამ იკვლია – როგორია სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის „კარგი ცხოვრების“ განმარტება

თარიღი: 2024-07-02 14:32:54

„სოციალიზმის ნოსტალგია დამოუკიდებელ საქართველოში“ – ამ თემაზე იმუშავა თსუ-ს კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსელმა ირმა ჭანტურიამ, რომელიც ბოლო ორი წელია საკითხს სწავლობს.

,,კვლევამ აჩვენა, რომ საბჭოთა ნოსტალგია ქართულ რეალობაში დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე გაჩნდა და ამის მიზეზი მძიმე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტი იყო. ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ იწვევს ნოსტალგიას. ის ჯერ არ არის წარსული, რომელთანაც ნაკლებად ან საერთოდ არ გვექნება ემოციური ბმა. საბჭოთა კავშირი კომუნიკაციური მეხსიერების ნაწილია და იქ დაბადებული და გაზრდილი ადამიანები დღემდე ამ საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენენ. მათთვის, განურჩევლად სქესისა და პროფესიისა, დამახასიათებელია სოციალიზმის ნოსტალგია. კვლევამ არ აჩვენა სხვაობები ნოსტალგიურ ჯგუფებს შორის პროფესიისა და სქესის მიხედვით, თუმცა აშკარა სხვაობაა ასაკობრივ კატეგორიებში. სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ღირებულებების მატარებლები არიან, განსხვავებულია „კარგი ცხოვრების“ განმარტება. ინტერვიუებმა აჩვენა, რომ ნოსტალგიურად განწყობილი ადამიანებისთვის კარგი ცხოვრება, პირველ რიგში, სოციალურ კეთილდღეობას გულისხმობს, რომელიც, მათი აზრით, საბჭოთა კავშირთან ერთად გაქრა. მათთვის,  ვისთვისაც კარგი ცხოვრება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე გადის, ძნელი წარმოსადგენია, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლება საერთოდ ვინმეს ენატრებოდეს“, – აღნიშნავს ირმა ჭანტურია.

ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • 2017 წელს ისტორიის მიმართულებაზე ჩავაბარე. მაშინ ბევრი რამე არ ვიცოდი, მათ შორის, არც კულტურის კვლევების არსებობის შესახებ. ერთმა ჩემმა ნაცნობმა მირჩია ამ მიმართულების საგნების გავლა – მოგეწონებაო. კულტურული ტრავმის ლექცია მოვისმინე და იმდენად მომეწონა – მიმართულების შეცვლა გადავწყვიტე. უზომოდ მომწონდა ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა და ამიტომ მაგისტრატურაც აქ გავაგრძელე. შინაარსობრივ მხარეს და მრავალშრიანობას თავი რომ დავანებოთ, ამ მიმართულებაზე მუშაობს ხალხი, რომლებიც არა მარტო თავისი საქმის პროფესიონალები არიან, არამედ საუკეთესო მოქალაქეებიც. ზუსტად ამიტომ, კულტურის კვლევებმა, პროფესიული ცოდნის გარდა, მომცა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ, რაც მთელი ცხოვრება გამომადგება, როგორც კულტურის მკვლევარს და როგორც მოქალაქეს.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • ზოგადად უნივერსიტეტზე საუბარი გამიჭირდება. 7 წელია თსუ ჩემი ყოველდღიურობაა და, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში ბევრი იმედგაცრუება შემხვედრია. მე შემიძლია ისევ ჩემს მიმართულებაზე ვისაუბრო და ვისაუბრო საკუთარ სიტყვებში სრულიად დარწმუნებულმა, რომ ამ პროფესიამ და ამ ლექტორებმა ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონიეს.
  • ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
  • გამიჭირდება ვინმეს გამოყოფა. ბუნებრივია, ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ლექტორთან მქონდა შეხება, მათ უმრავლესობას პატივს ვცემ და დღემდე ვინარჩუნებ კარგ ურთიერთობას. ყველაზე აქტიური ურთიერთობა ჩემი მიმართულების ხელმძღვანელთან ნინო ჩიქოვანთან მქონდა, რომელიც ჩემი საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელიც იყო. მისგან პიროვნულადაც ბევრი რამ ვისწავლე და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მოთმინების, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იჩენდა. იგი არასდროს კარგავს პროფესიონალიზმს, მუდმივად მზადაა დაგეხმაროს და ნებისმიერ სულელურ კითხვასაც უპასუხოს.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • სამწუხაროდ, უნივერსიტეტს ბევრი პრობლემა აქვს. ერთ-ერთი, რაზეც, ალბათ, ვერ დავხუჭავთ თვალს, უნივერსიტეტში სტუდენტების მიმართ არსებული დამოკიდებულებაა. სტუდენტებისთვის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა კვლავ რჩება უდიდეს პრობლემად. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა ცდილობს სტუდენტებს ადეკვატურად მოექცეს, მაინც რჩება ამ სივრცეში ადგილები, სადაც შესვლას ცდილობ თავი ყველანაირად აარიდო. თსუ-ს ძლიერი მხარე არაა არც ორგანიზებულობა და ტექნიკური გამართულობა, რაც კარგად ჩანს საგამოცდო პერიოდებში და არა მარტო.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • ვისურვებდი, რომ უნივერსიტეტში სტუდენტი იყოს პრიორიტეტი. სტუდენტებს დღეს უჭირთ სტუდენტობა ბევრი სხვადასხვა გარე ფაქტორის გამო. უნივერსიტეტში მოსულს კი, ვფიქრობ, დამატებითი პრობლემები აღარ უნდა გვხვდებოდეს.
Facebook
Twitter
LinkedIn