რა კუთხით იკვლია მარდია დუიშვილმა ვაინახების დეპორტაცია?

თარიღი: 2024-07-01 15:41:53

,,ვაინახების დეპორტაცია, როგორც კულტურული ტრავმა და მისი ინსტიტუციონალიზაციის მცდელობა ესთეტიკური ფორმით“  – ეს თემა წარადგინა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების  მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა მარდია დუიშვილმა სტუდენტთა XI ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც თსუ-ს კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

,,ყოელთვის  მქონდა და მაქვს  პასუხისმგებლობისა და ვალდებულების განცდა, რომ ჩემი ხალხის ისტორია ვიკვლიო და შევისწავლო ის მოვლენები, რამაც  მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა  ჩვენი ერის კოლექტიურ მეხსიერებასა და იდენტობაზე. ამასთანავე, ეს პასუხისმგებლობის განცდა ორმაგად იზრდება მაშინ, როდესაც იაზრებ, რომ შენი ხალხის ტრაგიკული ისტორიის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა  საერთოდ არაფერი იცის. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ  კვლევის მთავარ საკითხად ამეღო ჩემი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა  –  ვაინახების დეპორტაცია და ის განმეხილა კულტურული ტრავმის კონტექსტში. თემის დამუშავების პროცესში ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ის ცოდნა, რასაც ვიღებდი კულტურის კვლევების მიმართულების ლექტორებისაგან, ვინაიდან იმ ცოდნის გარეშე, რაც  თითოეული მათი ლექციიდან მივიღე,  წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი მოხსენების დამუშავება“, – ამბობს მარდია დუიშვილი. მისი კვლევის საბოლოო დასკვნის თანახმად, ვაინახების დეპორტაცია თავისი არსით არა მხოლოდ ტრაგიკული მოვლენაა, არამედ  არის კულტურული ტრავმა, რომელიც გასცდა ინდივიდუალურ საზღვრებს და ჩამოყალიბდა მთელი ერის კოლექტიურ ტრავმად.

ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • ძირითად პროფესიად პოლიტიკის მეცნიერება მაქვს არჩეული, რადგან ვფიქრობ – ეს პროფესია ყველაზე ზუსტად შეეფერება ჩემს ერთ-ერთ  მთავარ მიზანს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობაში ჩემი წვლილი შევიტანო. გარდა ამისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი ძალიან დიდი ინტერესი კულტურის კვლევათა სფეროს მიმართ, რადგან მასშიც ვხედავ  სამომავლო ინტერესებსა და მიზნებს.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • ვფიქრობ, ზოგადი და ფაქტობრივი ცოდნის გარდა, უნივერსიტეტმა, აგრეთვე, მასწავლა, რომ  ცოდნის მიღებას მხოლოდ ერთი მიმართულებით კი არ უნდა ცდილობდე, არამედ ცოდნა უნდა ეძებო ყველგან და ყველაფერში.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან? 
  • მიმაჩნია, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება მრავალი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორების ერთობლიობაა, რომელშიც ეკონომიკური და სოციალური პრობლემები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ის, რომ დღევანდელ რეალობაში სტუდენტების საკმაოდ დიდი ნაწილი სრულად ვერ ახერხებს ლექცია-სემინარებზე დასწრებას, სწორედ ეკონომიკური და სოციალური პრობლემებითაა განპირობებული. ეს, თავის მხრივ, საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • ვისურვებდი, რომ ყველა სტუდენტს შეეძლოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სრულად და აქტიურად ჩართვა, ისე, რომ ფიქრი არ უწევდეს ბინის ქირასა თუ უნივერსიტეტის  გადასახადზე.
Facebook
Twitter
LinkedIn