„დედაენა – დვრიტა ქართული ეროვნული სულისა“
აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას მონოგრაფიის წარდგენა თსუ-ში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას მონოგრაფიის – „დედაენა – დვრიტა ქართული ეროვნული სულისა“ – პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის წარდგენას, გარდა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისა, დაესწრნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, ავტორის ოჯახის წევრები და ახლობლები.
ღონისძიება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ გახსნა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას მრავალმხრივ მოღვაწეობაზე.
საზოგადოებას ნაშრომის სტრუქტურა და შინაარსი გააცნო წიგნის სამეცნიერო რედაქტორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელმა სალომე ომიაძემ: „მონოგრაფიაში დახასიათებულია ქართული ენის მოქმედების ლინგვისტური სივრცე, აღწერილია აღნიშნულ სივრცეში ენის მატარებელთა სამეტყველო ქცევა. ქართული ენა განხილულია სისტემურ-სტრუქტურულ და კომუნიკაციურ პარადიგმათა ფარგლებში; წარმოჩენილია მისი, როგორც დედაენის, როლი სამყაროს შემეცნებასა და თვითგამოხატვაში, სულიერ ღირებულებათა შექმნასა და გავრცელებაში; გაანალიზებულია სამყაროს მეცნიერული და მხატვრულენოვანი სურათების აგების, დედაენაში შენახული ცოდნის უნიკალურობის საკითხები.
ქართული მეტყველების კულტურის პრობლემები განხილულია ენობრივ-ნორმატიული და ფუნქციურ-კომუნიკაციური ასპექტებით. ენის ესთეტიკური ფუნქცია შესწავლილია მხატვრულ კომუნიკაციაზე დაკვირვებით. ქართველ კლასიკოსთა და თანამედროვე მწერალთა პროზაული და პოეტური დისკურსების ანალიზის საფუძველზე გაშუქებულია პოეზიის არსის, მხატვრულობის, როგორც ესთეტიკური ღირებულების, მისი კრიტერიუმების ცვალებადობის, სალიტერატურო ენისა და მხატვრული ლიტერატურის ენის ურთიერთმიმართების საკითხები“.
„გუჩა კვარაცხელია მრავალმხრივი ნიჭის ადამიანი იყო, მე მასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებდა, იგი მრავალ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობდა და ყველგან საუკეთესო იყო. სამწუხაროა, რომ ის დღეს ჩვენ გვერდით არ არის, მაგრამ რაც დაგვიტოვა, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ.
წარდგენილი მონოგრაფიის მნიშვნელობაზე, მისი ავტორის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრეს ,აგრეთვე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ვაჟა შენგელიამ, ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნანა მაჭავარიანმა, აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა, თსუ-ს ქართული ენის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ინგა სანიკიძემ, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გია ჯოხაძემ და სხვებმა.
„დედაენა – დვრიტა ქართული ეროვნული სულისა“ საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (SP -22 303) ფარგლებში მომზადდა. იგი განკუთვნილია ჰუმანიტარული დარგების სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის, აგრეთვე, იმათთვის, ვისაც ენისა და ადამიანის, დედაენის რეალური და პოტენციური შესაძლებლობების, ქართული ეროვნული მსოფლხედვის საკითხები აინტერესებს.
შეხვედრის დასასრულს სალომე ომიაძემ მადლობა გადაუხადა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც დაიბეჭდა წარდგენილი მონოგრაფია.