„დრაკონის ნავების დღესასწაული“ თსუ-ში

თარიღი: 2024-06-25 14:39:19

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სინოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა  „დრაკონის ნავების დღესასწაული“ აღნიშნეს, რომელიც ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე სახალხო დღესასწაულს წარმოადგენს და სათავეს შორეულ წარსულში იღებს. ღონისძიების ფარგლებში, სინოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა წარმოადგინეს საკონცერტო ნომრები (სიმღერა, ცეკვა, ჩინური პოეზია, ჩაის ცერემონია, ფერწერა, ჩინური ტრადიციული სამოსის დემონსტრირება და სხვა). ღონისძიებას დაესწრნენ  საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

როგორც სინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა გელაშვილმა აღნიშნა, ასეთი ღონისძიებების მოწყობა მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტებისთვის, რადგან ისინი ამ გზით უკეთესად ეცნობიან ჩინურ კულტურასა და ტრადიციებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სინოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა მოკლე დროში შეძლეს წარმატებისთვის მიეღწიათ და მრავალი მათგანი, მათ შორის, ლუკა ყურუა, მირიან კურდღელაშვილი, ჰასმიკ ტონერიანი და მარიან ჭიღლაძე შემოდგომის სემესტრიდან სწავლას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ  მიმწვევი მხარის სრული დაფინანსებით.

სტუდენტებმა საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას ჩინური დღესასწაულის შესახებ გააცნეს ინფორმაცია. ჩინური ტრადიციის თანახმად,  დრაკონის ნავის ფესტივალის თარიღი განისაზღვრება მთვარის კალენდრის მიხედვით, ამიტომ ის წლიდან წლამდე იცვლება. ეს დღესასწაული 2009 წელს იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

ლეგენდის თანახმად, ფესტივალი ძველი ჩინელი პატრიოტი პოეტის ციუ იუენის საპატივსაცემოდ ტარდება. იგი ძვ. წ 329 – 299 წლებში  ჩუს სამეფოში ცხოვრობდა. სამეფოს დაცემის შემდეგ დამწუხრებული მდინარეში გადახტა. ციუ იუენი თანასოფლელებს ძალიან უყვარდათ, ამიტომ მის საძებნელად ნავებით გაეშურნენ. დღემდე დრაკონის ნავების დღესასწაულზე ნავებით შეჯიბრი იმართება, ამ დღისთვის საგანგებოდ მზადდება დრაკონის ფორმის ხის ფერადი ნავები.

ღონისძიებაზე თსუ-ს სინოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა ქართულ და ჩინურ ენაზე მუსიკალური ნომერი „სულიკო“ შეასრულეს. ამავე მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა ელგუჯა მაზმიშვილმა ჩინელი პოეტის ლექსი წაიკითხა. პირველი კურსის სტუდენტმა თეკლა ჩხეიძემ ცეკვა სახელწოდებით – „ლამაზი ქალის სიმღერა“ შეასრულა, ლუკა ყურუამ ცნობილი  ჩინელი კლასიკოსი პოეტის ლი პაის ლექსი წაიკითხა. ღონისძიებაზე სტუდენტებმა  ნინო ხუბულავამ, თაკო კუტივაძემ, ნია გაბესკელიანმა, ანი ივანიძემ  პერფორმანსი წარმოადგინეს. ჩინური პოეტების ლექსები წაიკითხეს ანა ლებანიძემ,  თეკლა ჩხეიძემ, აკაკი ბალანჩივაძემ, თაკო კუტივაძემ და სხვებმა. სტუდენტებმა ღონისძიების ბოლოს ერთად შეასრულეს სიმღერა.  

Facebook
Twitter
LinkedIn